“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და ბლოგს:
რატომ „დასცინეს“ მიშელს ქალებმა.
ამასწინათ, ტელეკომპანია კავკასიის ეთერიდან ქალბატონების გულწრფელი და თავშეუკავებელი სიცილი შემოგვესმა, რომელმაც მთელი ერი გაგვახალისა ამ პოლიტიკურ-ეკონომიკურად მძიმე დროს.
მინდა სამივე ქალბატონს მადლობა ვუთხრა ამ ემოციისთვის.
ეს ბლოგი მათ ეძღვნებათ.
„საქართველოში ჩემმა ვიზიტმა, სულ მცირე, თვალი ამიხილა” – შარლ მიშელი
რა არ უთქვამთ საქართველოზე უცხოელ მეგობრებს, მისიონერებს, მოგზაურებს, ისტორიკოსებს, დიპლომატებს და აშ. მაგრამ ჩამოვედით და ერთ დღეში თვალი აგვეხილაო, მსგავსი ჩანაწერი არსად არ შემხვედრია.
წარმოგიდგენიათ რა ვუქენით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, რომ ეს სიტყვები ვათქმევინეთ?
ალბათ, რაღაც ასეთი გაიფიქრა ქალბატონმა ხათუნამ და ისტერიული სიცილი აუტყდა. ზედმეტი მინიშნება არც ქალბატონ ფიქრიას და ქალბატონ ნინოს დასჭირვებიათ, ერთხმად აუბეს მხარი.
რამდენჯერაც არ უნდა გავიხსენო, ამ ისტორიაზე მეც მეცინება და ვინმემ ეთერში რო მკითხოს მეც ანალოგიური რამ დამემართება, ამიტომ ვეცდები ავხსნა თუ რამ აუხილა თვალი ბატონ მიშელს და რატომ არის თავად ასეთი თვალის ახელის ფაქტი სასაცილო.
წარმოიდგინეთ საქართველოში ჩამოხვედით, ჩამოსვლამდე ცოტა რამ იცით აქაურობაზე: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაა, სანახევროდ რუსეთს აქვს ოკუპირებული, ოცდაათი წელია წველობენ, ხან ჩხუბობენ, ხან არჩევნებს ატარებენ.
ახლა რაღაც კრიზისი აქვთ, დავობენ არჩევნები 1% გაყალბდა თუ 3%-ით, რაც ქვეყნის პოლიტიკური ისტორიის ან კონტექსტის გათვალისწინებით სრულიად ბუნებრივი და კარგიც კი არის კავკასიის რეგიონისთვის.
თითქმის ყველა პარტია ქვეყანაში პროდასავლურ ღირებულებებზე და დემოკრატიის აუცილებლობაზე დებს თავს და ერთმანეთსაც დასავლური მხარდაჭერის იმედად ეჭიმებიან.
ჰო, კიდე კარგი ღვინის ქვეყანა რომაა ეგ იცი.
მოკლედ, იცი რომ პრობლემურ ხალხთან მიდიხარ, ჩხუბობენ, ერთმანეთს იჭერენ, მაგრამ რადგანაც ამდენი ხანია ასე იზილებიან და ერთმანეთს არ კლავენ, ფიქრობ შანსი არაა არ გამოგივიდეს დალაგება.
თუმცა, ეს ყველაფერი ერთი დღე გრძელდება.
ამ ერთ დღეში ხვდები ყველას, ელაპარაკები, არკვევ ვინ არიან, რა უნდათ. მერე ეგერევე აზრზე მოდიხარ და აღიარებ, რომ რა გამოვა არ იცი, მაგრამ სულ მცირე თვალი აგიხილეს!
მაინც რა ნახა ასეთი ბატონმა სტუმარმა, როგორი დახვდა მას ქართული პოლიტიკური სპექტრი.
ხელისუფლება
შეხვდა პრემიერ მინისტრს, რომელმაც ეს-ესაა დაიჭირა, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე და ახლა მთელ ოპოზიციას დაშლით ემუქრება.
მერე შეხვდა მოქმედ პრეზიდენტს, რომელიც საერთოდ კაცმა არ იცის რა ფეხზე იყო იმ დღეს ამდგარი და რა ტალღას იჭერდა.
ასევე, მოუყვებოდნენ ამბებს პარტიის თავმჯდომარეზე, რომელმაც ახლახან დატოვა საჯარო პოლიტიკა, მას შემდეგ, რაც გაასწორა რა მართვის სადავეები და ძალაუფლება გადაულოცა, ყველაზე თავმდაბალთ და უკეთესთ უკეთესთა შორის.
ხელისუფლებასთან პირველივე შეხვედრის შემდეგ თვალის ახელის პროცესი შეუძლებელია არ დაწყებულიყო.
ოპოზიცია
ქართულ ოპოზიციას მკითხველი იცნობს.
ბატონ მიშელსაც რაღაცეები ექნება გაგონილი, მაგრამ წარმოიდგინე “ლაივში” ელაპარაკები მათ და პარალელურად არკვევ, რომ ვინც ბოიკოტის ღეჟიმშია, მაგათგან: ზოგი უკვე პარლამენტშია, ზოგი საერთოდ ვერ მოხვდა პარლამენტში, ზოგი დაიშალა, ზოგი პარტია პრორუსი იყო და პარლამენტში ევროპელი გახდა, ზოგმა პარტიამ ლიდერები დაკარგა და ზოგმა კი თავმჯდომარეები.
თუმცა ოპოზიციაში ეს არ ეტყობათ და ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა და რაღაც გაუგებარი 60% -ის სახელით მოძრაობენ.
(ზერელე დაკვირვებითაც ცხადია, რომ ამ ქვეყანაში ე.წ. პოკერფეისით მოძრაობა მთავარი პოლიტიკური იარაღია, ხელისუფლება და ოპოზიცია მას თანაბრად ძლიერად ფლობს).
ბატონმა მიშელმა ამათ უყურა და მიხვდა, რომ სასწრაფოდ რაღაც გზამკვლევია საჭირო, რათა ამ ხალხმა შერიგებისკენ იმოძრას და ერთმანეთი არ გატყიპონ.
საღამოს შეხვედრაზე თვითონვე მოუტანა, ფურცელზე ამობეჭდილი.
ორივე გამარჯვებული და ღიმილიანი გამოვიდა შეხვედრიდან, მაგრამ ბატონი მიშელის წასვლისთანავე კვლავ ეძგერნენ ერთმანეთს.
ვფიქრობ ბატონ მიშელს „ალამუტის ციხეში“ მიმდინარე ამბების შესახებ სიუჟეტებიც ექნება ნანახი, რაც საბოლოოდ წარმოადგენინებდა სრულ სურათს.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი კაცი, ამ ყველაფერს ერთ დღეში რომ გაიაზრებ და გაბრაზებული სახით სტატუსს დაწერ, აი ეგ სახე გაიაზრეს ქალბატონებმა და დაგვცინეს, ბატონ მიშელს კი არა მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, რომელმაც ეს საგიჟეთი მოვუწყვეთ სულ სხვა მიზნებით და ემოციებით ჩამოსულ პატვიცემულ სტუმარს.
პატივისცემით:
იაგო ხვიჩია.”
კომენტარები