კორპორაცია Microsoft-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა კომპანიის დირექტორთა საბჭო დატოვა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
გეიტსის განცხადებით, მან ეს ნაბიჯი გადადგა, რათა უფრო მეტი დრო დაუთმოს ქველმოქმედებას, მათ შორის მსოფლიო ჯანდაცვის, განათლებისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის სფეროში.
ამასთან ერთად, გეიტსი შეინარჩუნებს Microsoft-ის გენერალური დირექტორის ტექნიკური საკითხების მრჩევლის პოსტს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გეიტსმა Microsoft-ის მუშაობაში თავისი მონაწილეობა ჯერ კიდევ 2008 წლის ივნისში შეამცირა, რათა მეტი დრო დაეთმო მისი და მისი მეუღლის, მელინდა გეიტსის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდის საქმიანობისთვის.
„ახალ ეტაპს განვიხილავ როგორ შესაძლებლობას, შევინარჩუნო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, რომლებიც ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, და პრიორიტეტული ყურადღება დავუთმო ზოგიერთ განსაკუთრებით საშიშ მსოფლიო საფრთხეს“, – წერს 64 წლის გეიტსი.
კომენტარები