ხელისუფლებისთვის ცალკე თავის ტკივილია საზღვრებს გარეთ მყოფი ემიგრანტების თემა. შედარებისთვის გეტყვით, რომ პანდემიამდე თბილისი-ბარსელონას ბილეთის შეძენა 30-35 ევროდაც კი შეიძლებოდა, ახლა ფასი დაახლოებით 700 ევროა, ანუ ოცჯერ მეტი და ემიგრანტები სამართლიანად გმინავენ. ხელისუფლება რამდენჯერმე ეცადა, ბაზარზე სხვა მოთამაშეც შეეშვა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და ემიგრანტებიც იძულებულნი არიან, მხოლოდ ერთი კომპანიის მომსახურებით ისარგებლოს. ამასთან ერთად, პროცენტულად ყველაზე მეტი ემიგრანტი რუსეთში გვყავს, მაგრამ ხელისუფლებას მეზობელთან დაძაბული ურთიერთობის გამო, მოსკოვში ან სანქტ პეტერბურგში ჩარტერის გაკეთება არც კი განუხილავს.
„ემიგრანტების უდიდესი ნაწილი გამწარებულია და სოციალურ ქსელებში არსებულ ჯგუფებში, ღიად ლანძღავს ხელისუფლებას. ისინი იმუქრებიან, რომ საქართვლოში დაბრუნების შემდეგ, ოპოზიციის გვერდით დადგებიან, რაც ხელისუფლებას აშკარად არ აწყობს. დასამალი არავისთვისაა, რომ ადრე განხორციელებული ჩარტერების დროს, გაფილტრული სიები დაიდო და ის ადამიანები ჩამოიყვანეს, რომლებიც კომენტარებში ასე რადიკალურები არ იყვნენ. პარალელურად, ევროპიდან სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების 99% უმუშევრობის პერსპექტივით მოდის, რაც მმართველი გუნდისთვის ცალკე თავის ტკივილია და ეს პრობლემა „ოცნებაში“ ძალიან მწვავედ დგას“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.
ყველაფრის პარალელურად, საგრძნობლად აიწია ფასებმა პროდუქტებზე და იმის მიუხედავად, რომ სეზონია, ხილი იაფი ნამდვილად არ ღირს. ჩავარდნილი ტურისტული სეზონის შემდეგ, მორიგ მატებას ელოდებიან შემოდგომაზე, თუმცა მთავარი მაინც ბანკებისა და იპოთეკარების ურთიერთობა იქნება. ვერცერთი სასტუმრო, რომელიც ბაკნის კრედიტით აშენდა, ვერ ახერხებს ფულის გადახდას და დაზუსტებული ინფორმაციით, რამდენიმე სასტუმროს ჩამორთმევისა და აუქციონზე გაყიდვის გადაწყვეტილება სასამართლომ უკვე მიიღო. უკმაყოფილოები არიან რესტორნების მეპატრონეებიც, რომლებიც ტურისტებზე იყვნენ დაგეშილები, ახლა კი იძულებული არიან, განახევრებული პერსონალით პრაქტიკულად ცარიელ მაგიდებს მოემსახურონ. თანაც, იმავე რესტორნების მეპატრონეები არ მალავენ, რომ მათ უკვე მიუვიდათ გაფრთხილება იმის შესახებ, რომ სექტემბერში კვების ობიექტები შესაძლოა კვლავ დაიკეტოს და ამისთვის ისინი მზად უნდა იყვნენ.
ასეთ პირობებში, გაოცებას იწვევს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ხელუხლებელი ჰქონდეს „კოვიდ-19“-თან საბრძოლველად შექმნილი ფონდი. ფონდში 134 მილიონი ლარია მობილიზებული და ხელისუფლება მას არ ეხება. თუმცა, მთავარი უცნაურობა ეს არ გახლავთ.
„ხელისუფლებამ პრაქტიკულად სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, როცა მილიარდზე მეტი ვალი აიღო და ვალის აღების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ამ თანხიდან დაახლოებით 700 მილიონი არ სჭირდება. ანუ, 700 მილიონი ავიღეთ ტყუილად და ამ თანხის პროცენტი უნდა ვიხადოთ ტყუილად. არავისთვის არის დამალული, რომ ფონდის ფულის დახარჯვას მთავრობა შემოდგომიდან, ანუ წინასაარჩევნოდ გეგმავს და ყველაფერს ოფიციალური პროგრამებით შეფუთავს, თუმცა ეს 134 მილიონი სწორედ ამომრჩევლის არაოფიციალურ მოსყიდვას მოხმარდება. ამას გარდა, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა გამოაცხადა, რომ ფონდში უკვე 832 მილიონი ლარია დაგროვებული და არ დაგვავიწყდეს, ხელისუფლებას უფლება აქვს, ეს თანხა ნებისმიერ დროს გამოიყენოს. თუ დასჭირდებათ, ამ ფულს უპრობლემოდ დახარჯავენ და მარტივადაც „გააპრავებენ“ – თავის დროზე იგივე მოხდა პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი. ჩვენთან ამის გაკეთება უფრო მარტივი იქნება, რადგან საპენსიო პროგრამაში ჩართულ ადამიანთა უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, როგორ და როდის დაუბრუნდება ეს ფული“,-გვეუბნება ჩვენი წყარო.
მართალია, საპენსიო ფონდის თანხების ხელის ხლება ჯერ არ იგეგმება, მაგრამ ვირუსის საწინააღმდეგო ფონდში არსებული 134 მილიონის ხარჯვის პროცესი სექტემბრიდან რომ დაიწყება, მმართველ გუნდში არაოფიციალურად დაგვიდასტურეს. რას ნიშნავს ეს, თავად განსაჯეთ და… ეჭვი გვაქვს, ამომრჩეველი საკუთარ ხმას ყველაზე ძვირ ფასს სწორედ ამ არჩევნებზე დაადებს.
ანი დვალიშვილი, ალია №23
კომენტარები