გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი თავისუფლები არიან, ანუ მოხდა ის, რაც უკვე 8 მარტს იცოდა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. იცოდა პრაქტიკულად ყველამ, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ პროცესი მაქსიმალურად გააჯანჯლა, დასავლეთს ხმაური აატეხინა და ბოლოს პრეზიდენტს შეაწყალებინა ეს ორი ადამიანი. კითხვას, რატომ არ გათავისუფლდა საპატიმროდან გიორგი რურუა, ორი პასუხი აქვს. პირველი ის, რომ რურუას მისჯილი არ აქვს და მეორე, ხელისუფლებას სურდა, დასავლეთს ზუსტად ისევე ეწოდებინდა პოლიტპატიმარი რურუასთვის, როგორც ეს უგულავასა და ოქრუაშვილის შემთხვევაში მოხდა, შემდეგ კი გაიხსენოს ძველი ამბები, რაც გიორგის, იგივე „ჟორიკა“ რურუას აქვს ჩადენილი და საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა გაამძაფროს.
ასეა თუ ისე, 15 მაისს მომხდარი შეწყალების აქტი „ოცნებისთვის“ აშკარად ურბილესად რომ ვთქვათ, ცუდი იყო და მომხდარის „გაპრავება“ და პრეზიდენტზე ხელების შეწმენდა ცოტა არ იყოს, სასაცილოდ ჩანს. რეალურად, საპარლამენტო უმრავლესობას იმედი ჰქონდა, რომ კონსტიტუციის ცვლილებას ოპოზიციის გარეშეც შეძლებდა. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა არამარტო პატრიოტთა ალიანსთან, არამედ ე.წ. „განაწყენებულებთან“ თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით. იქ ეკა ბესელიამ თქვა, აუცილებლად დავუჭერ მხარს ცვლილებებსო და მოულოდნელად უბედურების ზარმა მაშინ ჩამოჰკრა, როცა კახა ოქრიაშვილმა ღიად დააფიქსირა, ჩემი ფრაქცია წინააღმდეგ წავაო. უკვე ნათელი შეიქმნა, რომ ისედაც სათუო ოდენობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და ამიტომ, უგულავას და ოქრუაშვილს თავისუფლების „ზვანოკმა“ დროზე ადრე მოუსწრო.
მანამდეც ითქვა და ახლა ბეჭედი დაესვა იმას, რომ თბილისის ერთ-ერთ უბანში კანდიდატი გიგი უგულავა იქნება, შიდა ქართლში კი კენჭს ირაკლი ოქრუაშვილი იყრის. მათგან გმირების გამოძერწვას ოპოზიცია აუცილებლად შეეცდება, რამდენად მოუხერხდება ადამიანური რესურსის მობილიზება, სხვა საკითხია, მაგრამ ოქრუაშვილს მშობლიურ მხარეში მხარდამჭერები აშკარად ჰყავს და არც უფულობა უჩივის.
ალია №16
ეს მასალა “ალიას” დღევანდელ ნომერში დაიბეჭდა, გაზეთის გამოსვლიდან რამდენიმე საათში, ოქრუაშვილმაც და უგულავამ დაადასტურეს, რომ მაჟორიტარებად იყრიან კენჭს:
“ლოგიკურია, რომ მაჟორიტარი ვიყო და ივანიშვილს მაინც მოვუგებთ”
კომენტარები