ანი დვალიშვილი
მიმდინარე პროცესების ფონზე, თითქოს ყველამ დაივიწყა სოსო გოგაშვილის არსებობა. „ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსანი (თან როგორი მაღალჩინოსანი!) პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურობდა, წერილს წერილზე აგზავნიდა, მისი ოჯახის წევრები სოციალურ ქსელსა თუ კამერების წინ იმუქრებოდნენ, ამბობდნენ, რომ ძალიან მალე ყველაფერი დასრულდებოდა, რომ ხელისუფლებას ამხელდნენ, რომ დაჭერების სერია დაიწყებოდა, მაგრამ ერთ დღეს ეს ყველაფერი შეწყდა. შეწყდა ისე, თითქოს ვიღაცამ ჯადოსნური ჯოხი აიქნია. ტარდება დახურული პროცესები და მისი გარემოცვიდან არავინ იღებს ხმას. რა მოხდა რეალურად? რატომ „გადაიფიქრა“ გოგაშვილმა ხელისუფლების მხილება და რაც მთავარია, რა ბედი ეწია იმ კომპრომატებს, რომელიც მისივე თქმით, ევროპაში გაიტანეს და ევროპული ქვეყნის ლიდერებისთვის უნდა დაერიგებინათ?
„არავისთვის არის უცხო, რომ გოგაშვილს მმართველ გუნდში არათუ ბევრი ნაცნობ-მეგობარი, არამედ ნათესავიც ჰყავდა. ის გახლდათ „ოცნების“ მოქმედი არაერთი მაღალჩინოსნის ბავშვის ნათლია და პირიქით, მისი ბავშვების ნათლიებიც „ოცნების“ ლიდერები იყვნენ. როგორც იქნა, პირველი აფეთქებისა და ემოციების ჩაცხრობის შემდეგ, გოგაშვილი მიხვდა, რომ ვერაფერს გახდებოდა და რასაც ის კომპრომატებს ეძახდა, რეალურად, უკანონოდ მოპოვებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერები იყო, რომელსაც არცერთი ქვეყნის არცერთი სასამართლო არ მიიღებდა და რაც მთავარია, ამ ყველაფერს სერიოზულადაც არავინ აღიქვამდა. გოგაშვილს წაართვეს არაერთი ქონება, ძიება დაიწყეს დანარჩენ ქონებაზე და ის მიხვდა, რომ შესაძლებელი იყო, ბოლომდე გაეწირათ და დაბრუნებოდა იმ სტატუსს, რომელიც 2012 წლამდე ჰქონდა – ანუ, კვლავ უქონელი გამხდარიყო. ამიტომ, ის გაჩუმდა, გააჩუმა ოჯახის წევრები და მზად არის, ციხეში 4-5 წელიც გაატაროს, სანაცვლოდ კი, შეუნარჩუნდება ყველაფერი ის, რაც მისი სანათესაოს სახელზეა. ჟურნალისტები რომც ეხვეწონ, ახლა ხმას არავინ ამოღებს და ხელისუფლების საწინააღმდეგოსაც არავინ იტყვის. გოგაშვილი ახლა მხოლოდ იმას ითხოვს, რომ რაც შეიძლება, მცირე სასჯელი მისცენ და სავარაუდოდ, 4 წელს აკმარებენ“, – ეუბნება „ალიას“ წყარო.
ასე დასრულდა ამბავი, რომელიც რეალურად არც დაწყებული და რაც მთავარია, სწორედ გოგაშვილის საქმეზე, „ოცნებამ“ ბევრი ისწავლა და ახლა, დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, ვინც საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებენ, არამარტო მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან, არამედ მათ ზუსტად იციან, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, იგივე ელოდებათ, რაც გოგაშვილს. ანუ, მოცემულობა ასეთია – ან მუშაობ „ოცნებაში“, ან მიდიხარ და ხარ ჩუმად, თუ არადა, იცი, რაც მოგელის.
კომენტარები