აქამდე გამოცანად რჩება ის ფაქტი, რომ კორონავირუსით ზოგიერთ ინფიცირებულს ვირუსი მუსუბუქად გადააქვს, ზოგი კი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს და მკურნალობა ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვს.
რა არის ამის მიზეზი?
“ჟურნალ Nature ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოთავსებული 2 ათასზე მეტი პაციენტის გამოკვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევამ აჩვენა, რომ ყველა მათგანს აღმოაჩნდა გენი, რომელიც Covid19 სიმპტომებს ამწვავებს”, – წერს bbc.
აღმოჩენას შეუძლია ექიმებს აჩვენოს ის ნაწილი, თუ სად არის იმუნური სისტემის გაუმართაობა და მკურნალობის ახალი მეთოდის დანერგვას შეუწყოს ხელი.
ედინბურგის Royal Hospital-ის წარმომადგენლის თანახმად, აღნიშნული აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროფესორ კენეტ ბეილის მკურნალობის მეთოდი, რომელიც Genomicc პროექტს ხელმძღვანელობდა, ახალი ვაქცინების შემუშავების შემთხვევაშიც არ გაქრება.
GenOMICC – მთელი მსოფლიოს მასშტაბით ექიმებისა და მეცნიერებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფს წარმოადგენს, რომლებიც სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ ერთად მუშაობენ და აწარმოებენ კვლევებს იმის გასარკვევად, თუ რატომ საჭიროებენ ადამიანები ინტენსიურ თერაპიას კოვიდინფექციით ინფიცირების დროს. ისინი დაკვირვებას სისხლის ნიმუშებსა და დნმ – ზე აწარმოებენ.
GenOMICC – კონსორციუმს ხელმძღვანელობს ედინბურგის უნივერსიტეტი.
“ვაქცინებმა მკვეთრად უნდა შეამცირონ შემთხვევები. თუმცა, სავარაუდოდ, მთელ მსოფლიოში გარკვეულ პაციენტებს მაინც მოუწევთ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოხვედრა, ამიტომ სასწრაფოდ საჭიროა მკურნალობის ახალი მეთოდები”, – ამბობს პროფესორი ბეილი.
- აგრესიული უჯრედები
კვლევის დროს, მეცნიერებმა ბრიტანეთის კლინიკებში, კორონავირუსის ინფიცირებული, რეანიმაციაში მყოფი 200 პაციენტის დნმ გამოიკვლიეს.
ამ ადამიანების გენომები ჯანმრთელი ადამიანების გენომებს შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ ინფიცირებულთა დნმ-ში იყო TYK2 გენი. დიდწილად სწორედ ეს გენი ამძიმებდა ვირუსის კლინიკურ მიმდინარეობას.
”ეს გენი არის სისტემის ნაწილი, რომელიც თქვენს იმუნურ უჯრედებს უფრო აგრესიულს ხდის. მაგრამ, თუ ამ გენში არის დეფექტი, იმუნური სისტემა შეიძლება გადახურდეს და პაციენტს განუვითარდეს მწვავე ანთება, რაც ფილტვებისთვის საშიშია”, – განმარტავს პროფესორი ბეილი.
ამგვარი პროცესების ასალაგმად ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს იყენებენ, მაგრამ რამდენად ეფექტურია ეს მედიკამენტები კორონავირუსის შემთხვევაში? – ამის გარკვევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მასშტაბური კვლევების შემდეგ.
- ძალიან ცოტა ინტერფერონი?
განსხვავებები ასევე ნაპოვნია DPP9 გენში, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანთების დროს და OAS გენში, რომელიც ხელს უშლის ვირუსების გამრავლებას.
ინტენსიურ თერაპიაში მყოფ პაციენტებში გამოვლინდა IFNAR2 გენის ვარიაციები, ეს გენი ინტერფერონის გამომუშავებასთან ასოცირდება – ინტერფერონი ძლიერი ანტივირუსული ცილაა, რომელიც ინფექციის პირველივე ნიშნების აღმოჩენიდან, იმუნურ სისტემას ააქტიურებს.
ითვლება, რომ თუ ორგანიზმი ცოტა ინტერფერონს გამოიმუშავებს, ვირუსი ამ უპირატესობით სარგებლობს და სწრაფად ვრცელდება.
მკურნალობის პროტოკოლში შეიძლება ინტერფერონიც დაემატოს, მაგრამ ჯანმრთელობის მსოფლიო ირგანიზაციამ, კვლევების შედეგების მიხედვით, ჯერჯერობით დაასკვნა, რომ კორონავირუსის მქონე განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს, ინტერფერონი არ ეხმარება.
”ვფიქრობ, თუ ინფიცირებული ინტერფერონის მიღებას პირველი, ორი – სამი დღის განმავლობაში დაიწყებს, ეს იმუშავებს, რადგან მედიკამენტი სხეულს მისცემს მოლეკულებს, რომელთა წარმოება პაციენტს არ შეუძლია”, – ამბობს ნიუ იორკის როკფელერის უნივერსიტეტის პროფესორი ჟან-ლორან კაზანოვა.
- როდესაც ყველაფერი უარესდება
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის გენეტიკოსის, დოქტორ ვანესა სანჩო-შიმიზუს თქმით, ახალმა გენეტიკურმა აღმოჩენებმა შესაძლებელი გახადა დაავადების ბიოლოგიური მექანიზმების დეტალური შესწავლა.
”ეს ულტრა ზუსტი მედიცინის კარგი მაგალითია, როდესაც ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ, თუ რა მომენტში მოხდა “რაღაც არასწორად“. ამ გენეტიკური კვლევების შედეგები დაგვეხმარება შემდგომი თერაპიული გზების დადგენაში”, – განუცხადა სანჩო-შიმიზუმ BBC- ს.
ამავე დროს, GenOMICC არ ჩქარობს ყველა საიდუმლოების გამხელას.
GenOMICC-ის პროექტმა და სხვა მრავალმა გამოკვლევამ უკვე განსაზღვრა გენის კლასტერი ქრომოსომა 3-ზე, რაც მჭიდროდაა დაკავშირებული დაავადების მძიმე სიმპტომებთან, თუმცა ამ პროცესების ბიოლოგიური ფონი ჯერ არ არის გარკვეული, ამიტომ მეცნიერები მასშტაბური კვლევების წარმოებას იწყებენ.
კომენტარები