გაურკვეველია, მიდის თუ არა გახარია პრემიერობიდან, როგორც არაერთხელ გაჟღერდა, 15 ივნისამდე, მაგრამ თუ წავიდა – წავა ღარიბი. ჯერჯერობით კი, მას ივანიშვილი ძვრასაც ვერ უშვება!
გამქრალი ქონება, დარბეული აქციები, თვალის ჩაკვრა და ბოდიში, თავისი წერტილით – ხელისუფლებაში მილიონებად შეფასებული ქონებით მოსული გიორგი გახარია, რომელიც არსებული ინფორმაციით, სულ რამდენიმე დღეში თანამდებობიდან უნდა გადადგეს, ან გადააყენებენ, სახლში „გაღარიბებული“ ბრუნდება.
ნახევარი მილიონი მეუღლის ანგარიშზე, მაგრამ სად გაქრა გახარიას პირადი ქონება?
მან, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ქონებრივი დეკლარაცია პირველად, ერთი კვირის წინ შეავსო.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პრემიერი გახარია „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე 99,41 ლარის გარდა აღარაფერს ფლობს. ეს არაფერი, ჯიბეცარიელი პრემიერის ქონებრივი მონაცემები კიდევ უფრო შოკისმომგვრელია.
მის დეკლარაციაში, რომელიც პრემიერ-მინისტრის რანგში აქვს შევსებული და რომელიც მანამდე შს მინისტრობისას შეავსო, აღარც სახლებია, აღარც მიწის ნაკვეთები, აღარც საქართველოში და აღარც რუსეთში, აღარც გახარიას საკუთრებაში და აღარც მისი მეუღლის.
ახალ დეკლარაციაში მხოლოდ მეუღლის მსუბუქი ავტომანქანა ტოიოტა RAV4 ფიქსირდება .
დეკლარაციიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, გიორგი გახარია ექიმ-ბაქტერიოლოგი მეუღლის, მაკა ფანცულაიას „ხარჯზე“ ცხოვრობს, რომლის წლიური შემოსავალი 10 175 ლარია.
თუ გახარიას დეკლარაციის შევსების მომენტში არაფერი უფიქსირდება – 99 ლარის გარდა, სამაგიეროდ, პრემიერის მეუღლეს უდევს საბანკო ანგარიშზე ნახევარ მილიონზე მეტი დოლარი!
„საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშებზე ფანცულაიას სამ ვალუტაში ერიცხებოდა 1 161,67 ლარი, 553 403.54დოლარი და 393,01 ევრო.
ელიტარული სახლი ამაღლების ქუჩაზე და საეჭვო დეკლარაციები
ჯერ კიდევ 2019 წელს, მაშინ, როდესაც გახარია შს მინისტრი იყო „2020NEWS“ წერდა, რომ ის თბილისში, ამაღლების ქ.N12-ში ცხოვრობს, თუმცა ამ სახლს მაშინაც და ფაქტია, ახლაც მალავდა და მალავს, რადგან დეკლარაციაში მითითებული არაა.
არადა, პატრულის მოციმციმე მანქანა მისი სახლის პერიმეტრს ყოველ ღამე დარაჯობს და ამ ქუჩის ყველა მაცხოვრებელმა იცის, რომ პოლიციის მანქანა იქ პრემიერის სიმშვიდის სადარაჯოზე დგას.
“თბილისში, ამაღლების ქ. N12-ში მდებარე უძრავი ქონება არის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მამის საკუთრება, გამომდინარე იქიდან, რომ დასახელებული ქონება არ წარმოადგენს მინისტრის პირად საკუთრებას, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონი და “თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ“ ინსტრუქცია მსგავს შემთხვევაში არ ითვალისწინებს უძრავი ქონების დეკლარაციაში ასახვის ვალდებულებას.
ქონება შეძენილია 2009 წელს ანუ რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე გიორგი გახარია საჯარო მოხელე გახდებოდა”, – განუცხადეს მაშინ “2020NEWS”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ამაღლების ქუჩის ელიტარულ სახლზე დღესაც ეს პრინციპი ვრცელდება და ამიტომაც არაა ასახული დეკლარაციაში, თუმცა სახლი კვლავ გახარიას საცხოვრებელ სახლად რჩება.
საგულისხმოა, რომ ამაღლების ქ.N12-ში არსებული ბინა 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაშია დაფიქსირებული და მესაკუთრედ მითითებულია მამა – ზაურ გახარია. იმავე დეკლარაციაში, გახარიას ოჯახის წევრებად, მეუღლესთთან და ქალიშვილთან ერთად, ფიქსირდებიან მისი მშობლები – ზაურ გახარია და მზია ლეჟავა.
ასევე, 2015 წლის დეკლარაციის მიხედვითვე, გიორგი გახარია ფლობდა 76.00 კვ.მ ფართობის ბინას რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ, მოსკოვის ოლქის ქ. ოდინცივში. მისი მეუღლის, მარიკა ფანცულაიას სახელზე კი რეგისტრირებული იყო თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე 395.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი.
ამავე წლის დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გახარიას მამა ზაურ გახარია თბილისში, ამაღლების ქუჩაზე ფლობს 130 კვ.მ ფართობის ბინის გარდა, 14 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართობსაც ფლობდა. ასევე მის მფლობელობაში იყო 2 მიწის ნაკვეთი – სიღნაღის რაიონის სოფელ ხორნაბუჯსა (280 000.00 კვ.მ) და სოფელ წავკისში (1600 კვ.მ). დედა – მზია ლეჟავა კი ნუცუბიძის ფერდობზე, მეორე მიკრორაიონის მეორე კვარტალში განთავსებული 80 კვ.მ. ფართობის ბინის მფლობელი იყო.
2016 წლის დეკლარაციაში კი გახარიას ოჯახის წევრებს შორის მშობლები აღარ ფიგურირებენ. შესაბამისად, აღარსად წერია ინფორმაცია ამაღლების ქ. N12-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის შესახებ. სამაგიეროდ, კვლავ დაფიქსირებულია 2 მიწის ნაკვეთი – სიღნაღის რაიონის სოფელ ხორნაბუჯში (280 000.00 კვ.მ) და სოფელ წავკისში (1600 კვ.მ).
კიდევ უფრო საინტერესოა 2017 და 2018 წლის, 2019 და ახლა უკვე 2020 წლის დეკლარაციები, საიდანაც გახარიას მშობლებიც გაქრნენ , წინა დეკლარაციებში მითითებული ბინები და მიწის ნაკვეთებიც.
2017 წლის დეკლარაციაში აღარ ფიგურირებს გიორგი გახარიას სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინა მოსკოვში. ერთადერთი, რაც 2017 წლის დეკლარაციაშია დარჩენილი, არის გახარიას მეუღლის მარიკა ფანცულაიას სახელზე რეგისტრირებულ 395.00 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც შეძენილია 2011 წელს და მდებარეობს თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე. სხვა უძრავი ქონება მინისტრის დეკლარაცაშია ასახული აღარ არის.
2018, 2019 და 2020 წლის დეკლარაციებში კი, უძრავი ქონება საერთოდ აღარ არის მითითებული, მათ შორის არც მეუღლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება და ასახულია მხოლოდ მეუღლის სახელზე რეგისტრირებული მსუბუქი ავტომანქანა TOYOTA RAV4, რომელიც 2016 წელს 22 000 აშშ დოლარად შეიძინა.
გიორგი გახარიას მითითებული არ აქვს, რა ბედი ეწია მისი და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მარიკა ფანცულაიამ საჯარო რეესტრში, 2018 წლის 3 იანვარს, 720 000 ლარის ღირებულების უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა.
ასევე საინტერესოა, რომ 2019 წლის 21 ოქტომბერს, მარიკა ფანცულაიამ უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება გააფორმა საჯარო რეესტრში და ქირავნობის წლიურმა გასავალმა 6500 ლარი შეადგინა.
მოდით, დავიწყოთ თავიდან, რით მოვიდა, რა დაგვამახსოვრა, რა დატოვა და რითი მიდის სახლში?!
გახარიასადმი სიმპათია და მისით აღფრთოვანება (განსაკუთრებით მდედრობით სქესში) მისმა თვალის ჩაკვრამ და იმ „გულისამაჩუყებელმა“ ბოდიშმა გამოიწვია, კლუბ „ბასიანში“ დარბეულ ახალგაზრდებს, რომ მოუხადა პარლამენტის წინ და მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვია, მერე სწორედ იმ ადგილას და ზუსტად იმ ახალგაზრდების ნაწილი ოკუპაციის გაპროტესტებისა და რუსეთის ოკუპანტად გამოცხადების გამო, დაარბია.
თუმცა, აქ სადავო საკითხია დღემდე, 21 ივნისის აქციის დარბევაზე გახარიამ გასცა თუ არა ბრძანება. ოპოზიციის ინფორმაციით, როცა მომიტინგეებზე სპეცრაზმის შტურმი დაიწყო, მაშინ გახარია ოპოზიციონერებს ტელეფონზე ელაპარაკებოდა და ამავე ოპოზიციონერებმა ამავე ტელეფონში მისი გამწარებული ხმაც გაიგონეს – „ვინ გასცა ბრძანება?!“. მოგვიანებით კი, გახარიამ მიტინგის დარბევაზე პასუხისმგებლობა სრულად აიღო თავის თავზე.
თვალდათხრილი გოგო-ბიჭებამდე, როგორც შს მინისტრის, გახარიას „სინდისზეა“ მაჩალიკაშვილის, სარალიძე-დადუნაშვილის გამოუძიებელი საქმეები. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის გაგზავნილი მუქარის წერილი, ჰესების გამო დარბეული პანკისი…
თუ გაუშვეს, გახარია ამ ისტორიებითა და „ჯიბეცარიელი“ დაბრუნდება სახლში, კორონაპანდემიით დაზარალებულ და გაღარიბებულ ქვეყანას კი დაუტოვებს 200 ლარიან დახმარებებს 6 თვის განმავლობაში, ისიც ყველას არა.
ის, რომ სამთავრობო კარუსელი დატრიალდება და მოქმედი პრემიერ-მინისტრი თანამდებობას გამოემშვიდობება, ამის შესახებ “2020NEWS” დიდი ხნის წინ წერდა, მაგრამ პანდემიამ ბიძინა ივანიშვილის გეგმები შეცვალა და გიორგი გახარია ამ პოსტს შემორჩა.
სააგენტო უკვე წერდა, რომ რამდენიმე თვის წინათ, მძიმე გარჩევები გახარიასა და ივანიშვილს შორის, პრემიერის პოსტის გამო, უკვე მოხდა და მაშინ ოლიგარქმა პრემიერისგან ასეთი პასუხი მიიღო: „არსად წავალ. შენ მე ღარიბაშვილი ხომ არ გგონივარ?!“.
რამდენიმე დღის წინ ამ საუბარს პრემიერი და ოლიგარქი ისევ დაუბრუნდნენ და “2020NEWS”-ის ინფორმაციით, ივანიშვილმა კვლავ მკვახე პასუხი მიიღო გახარიასგან: „რატომ უნდა წავიდე?!“.
პრინციპში, რატომ უნდა წავიდეს? ასეა თუ ისე, მიუხედავად ოპოზიციის კრიტიკისა, მოქმედმა პრემიერმა პანდემიასთან ბრძოლაში ნამდვილად დადო სერიოზული შედეგები და ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, „ოცნების“ მომხრეებმა ძლიერი პრემიერი მიიღეს.
ლაგაზიძემ ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც გახარია დეპუტატების წინაშე წარსდგა პანდემიური ანგარიშით და პოლიტიკური ანგარიშითაც ბევრით ნოლი დაამარცხა ოპონენტები.
ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, პარლამენტში პრემიერი იყო „ცოტა დამცინავი და ამგდები, ცოტაც სერიოზული და ხისტი“.
დიდი ალბათობით, გამარჯვებების სერიის შემდეგ, დეკლარირებულად გაღარიბებული პრემიერის წასვლა კიდევ გადაიდება, რადგან გახარია მაგრად დგას და თავის ნაშრომის სხვა პრემიერისთვის გადალოცვას არ აპირებს.
დაანონსებული აქვს კიდეც – შემოდგომას დაველოდოთო.
რა იქნება, მალე ვნახავთ, თუმცა, ფაქტია, ივანიშვილს არც ერთი პრემიერის გასტუმრება ისე არ გაჭირვებია თანამდებობიდან, როგორც გახარიასი, თუ გავიხსენებთ იმასაც, ირაკლი ღარიბაშვილმა მოხსნილი რომ იყო, არც იცოდა, კვირიკაშვილმა ორი დღე იბრძოლა და მაინც მოუწია წასვლა
“მე ვარ ჩემს გუნდთან ერთად“ , – თქვა ჟურნალისტებთან იმ გახარიამ, რომლის საეჭვო კავშირებზე ირანული ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით , თვით „თეთრი სახლიდან“ მოვიდა ინფორმაცია და ივანიშვილს მისი გაშვება მოსთხოვეს.
ვნახოთ, სადამდე გაუძლებს საგარეო წერილებსა თუ „თავისი“ გუნდის შიდა ზეწოლას და რამდენად მყარად ჩაჯდა ამ გუნდში პრემიერი, რომლის სკამისთვის თვალი დიდი ხანია შევლებული აქვს და სამიზნეში ამოღებული გავლენიანი სუსის გავლენიან, თანაც ივანიშვილის პირად კადრსა და „წარმოშობით“ „ქართუელ“ ხელმძღვანელს, ლილუაშვილს.
მანამდე კი ყველა ინტერესით ელოდება, იქნება თუ არა გახარია „ოცნების“ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი.
წყარო – 2020 ნიუსი
კომენტარები