„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ თანადამფუძნებელი, იურისტი ვალერი გელბახიანი.
– ბატონო ვალერი, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე არაერთი მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა და ყველა მათგანის პრეზენტაციაზე, ახალს და მნიშვნელოვანს არაფერს სთავაზობენ ხალხს. ისევ „ნაცებზე“ და მათ წარსულზე აპელირებენ, ისევ იმას მიანიშნებენ, რომ ჩვენ თუ არ მოგვცემთ ხმას, „ნაცები“ დაბრუნდებიანო.
– არაფერი აქვთ სათქმელი და რა უნდა ქნან? 8 წელია ხელისუფლებაში არიან და არაფერი გაუკეთებიათ. რა ხდება, თუ აკვირდებით? ირაკლი ღარიბაშვილმა აიღო გარკვეული ძალაუფლება პარტიაში. ამ ეტაპზე პარტიის მთავარი სპიკერის ფუნქციას ასრულებს წინასაარჩევნო საკითხებში. ღარიბაშვილი მაგარია „ნაცების“ საწინააღმდეგო რიტორიკაში. ეს ძველი ამბავია. ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, ამით კმაყოფილია. მას რომ ჰყავდეს გვერდით ნორმალური მრჩევლები, ექსპერტები, ეტყოდნენ, რომ თუ არჩევნების მოგება გინდა, ილაპარაკე მომავალზე და არ ილაპარაკო წარსულზე. თუ მოგება არ გინდა, პირიქით უნდა ილაპარაკო. ასეც აკეთებენ. ეს დრო, ეს რიტორიკა, რომელიც ამოჩემებული აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, დასრულდა 2012 წელს, როდესაც იყო საუბარი „ნაცმოძრაობის“ 9 წლიან მმართველობაზე. ახლა დადგა დრო, ისაუბრონ „ქართული ოცნების“ 8 წლიან მმართველობაზე. 8 წელი, ბიძინა ივანიშვილი, მისი პარტია უალტერნატივოდ ხელმძღვანელობდნენ ხელისუფლებას. სრული კარტ–ბლანში ჰქონდათ, რაც უნდოდათ, ის გაეკეთებინათ ქვეყანაში. ხელის შემშლელი გარემოება არ არსებობდა საიმისოდ, რომ თუ რაიმე პოლიტიკური ნება, სურვილი გააჩნდათ, არ აეცხადებინათ. ეს არ გაკეთდა, არაფერი სასიკეთო ქვეყნისა და ხალხისთვის არ გაკეთდა და ახლა საუბარი, ეს და ეს რომ უნდა გაკეთებულიყო და რატომ არ გაკეთდა, ბუნებრივია, არ აწყობთ. ჰგონიათ, რომ მოსახლეობისთვის თუ მთავარი მესიჯი იქნება, რომ ცუდია „ნაცმოძრაობა“ და კარგები ვართ ჩვენ, ამით მოიგებენ არჩევნებს. ასეთი საარჩევნო ტაქტიკა სიბრიყვეა და მეტი არაფერი. მოსახლეობამ იმიტომ ანდო ხელისუფლება და აირჩია „ქართული ოცნება“, რომ რაც „ნაცმოძრაობამ“ ვერ გააკეთა, ის უნდა გაეკეთებინათ. რაც გააკეთეს, კი ხედავთ. „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს, ქვეყნის საშინაო და საგარეო ვალი 6 მილიარდ ლარს შეადგენდა. დღეისათვის 21 მილიარდი ლარია. ამ ხელისუფლებამ საშინაო ვალიც მეტი დააგროვა და საგარეო ვალიც მეტი აიღო, ჯამში ეს შეადგენს 15 მილიარდ ლარს. რაზე მეტყველებს ეს?
არანაირი ეკონომიკური რეფორმა ქვეყანაში არ გატარებულა, იღებდნენ და იღებდნენ სესხს ყოველწლიურად და ამდენ ამ ფულს, რომელიც ამათი გასასტუმრებელი არ არის, ესენი წავლენ შემოდგომაზე არჩევნების გზით. ეს მილიარდები მომავალი ხელისუფლებების, მომავალი თაობების გასასტუმრებელია და ცხადია, ხალხის ჯიბიდან უნდა გაისტუმრონ, ბიუჯეტიდან, რომელსაც ხალხი ავსებს გადასახადებით. ასეთ პირობებში, როდესაც ვალებში დაახრჩვეს ქვეყანა, რა უნდა ჰქონდეთ ხალხისთვის სათქმელი? რა პიარი უნდა გაიკეთონ? ამაზე სერიოზულად ლაპარაკიც არ შეიძლება. ჩაძირეს ეკონომიკა და უზარმაზარი ფული მოიპარეს სხვა და სხვა გზით ბიუჯეტიდან. კორუფცია უკვე #1 პრობლემა გახდა ქვეყნისთვის. ყველა გარიგება, სადაც ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვა მომდინარეობს, არის მთავრობასთან შეთანხმებული, მთავრობა, მისი სტრუქტურები მფარველობენ ამ ყველა უკანონო გარიგებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არის სინდიკატური, დანაშაულებრივი, კორუფციული მმართველობა. ამ შემთხვევაში, ხელი ხელს ბანს. გარიგება მოხდა ბიზნესთან და ბიზნესიც კრიმინალური გახადეს, ბიზნესი ჩაითრიეს კრიმინალურ საქმიანობაში. ეს „ნაციონალების“ ბრალია? ამ მასშტაბური კორუფციის წამალი აღარ არსებობს, ინექცია არ უშველის ამას. ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების შეცვლაა.
– ყოფილა შემთხვევა, კორუმპირებულ ხელისუფლებას გეზი შეეცვალოს და გამოსწორებულიყოს?
– არც ყოფილა და არც იქნება. კორუფციული სენისგან ნებისმიერი ხელისუფლების განკურნების ერთადერთი გზა, მისი ხელისუფლებიდან გაშვება და კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და პოლიტიკოსების დასჯაა. შემდეგ, ახალი ხელისუფლება რომ მოვა, სულ ანგელოზები რომ იყვნენ, ამ კორუფციის აღმოფხვრას წლები დასჭირდება. აქედან გამომდინარე, რა პიარზეა საუბარი? რა უნდა უთხრან ხალხს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა? როდის იყო, ქურდი თავს იმით იმართლებდა, რომ ჩემზე მეტს სხვა იპარავდა, ამიტომ მე მასზე უკეთესი ვარო? მე გამიჭირდება ისეთ ტექნოლოგიაზე საუბარიც კი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება გამოიგონოს „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ, ამაზე ააგოს პიარი და წარმატებას მიაღწიოს.
– მთავრობამ „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონიდან რამდენიმე მუხლი გადმოიტანა და მათი შემოღება, პარლამენტის თანხმობის გარეშე შეუძლია, ეს კარგად მოგეხსენებათ. უკვე სერიოზულად მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ კორონავირუსი სექტემბრისთვის უფრო გააქტიურდება, ამ დროს ჩაიკეტება რამდენიმე ქალაქი. ისევ შემოიღებენ შეზღუდვებს, აიკრძალება 10 კაცზე მეტის შეკრება და ისევ სავალდებულო გახდება 2 მეტრიანი დისტანცირება. შემოიღებენ სხვა შეზღუდვებსაც. ეს კი ხელისუფლებას იმისთვის სჭირდება, რომ ოქტომბერში არჩევნებს გააყალბებს, ამ აკრძალვების გამო დაწესებული ჯარიმების შიშით, ხალხი ქუჩაში არ გამოვა, საპროტესტო აქციები არ გაიმართება. „ქართულ ოცნებას“ კი შერჩება ხელისუფლების შენარჩუნება გაყალბების გზითო. რამდენად რეალურია, რომ ასე მოხდეს?
– ცოცხალი მაგალითი აგერ გვაქვს, ბელარუსი? ლუკაშენკომ გააყალბა არჩევნები და რა დღეშია, კი ხედავთ. გაყალბების გარეშე „ქართულ ოცნებას“ შანსი არ აქვს ხელისუფლებაში დარჩენისა, ეს ნაღდია. თუ გააყალბა, არ უშველის საგანგებო ღონისძიებების შემოღება. ეს არ უშველის. ჯანსაღი ადამიანები ასე არ ფიქრობენ. ხალხი არ გაჩერდება, რაც უნდა აკრძალვები და ჯარიმები იყოს. გემი გახვრეტილია და იძირება, აღარაფერი ეშველება. თუ გააყალბეს და დიდი შანსი იქნება, შესაძლოა, მშვიდობიანი გზით ვერც წავიდნენ ხელისუფლებიდან და გასწრებაზე ჰქონდეთ საქმე. გაყალბებით გააერთიანებენ პოლიტიკურ სპექტრს და მოსახლეობას და მიიღებენ პროტესტის დიდ ტალღას.
-სააკაშვილი სრული იგნორირება ხდება „ევროპული საქართველოს“ ლიდერების მხრიდან. არსებობს ვარაუდი, რომ გიგა ბოკერიას გუნდი მკვეთრად იმიტომ ემიჯნება სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“, რომ ამ გუნდის ლიდერები სუფთად გამოჩნდნენ ხალხის თვალში. ეს კი, ბიძინა ივანიშვილისა და გიგა ბოკერიას ერთობლივი გეგმის ნაწილია. მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ უმრავლესობას ვეღარ მოიპოვებს და „ევროპულ საქართველოსთან“ შეკრავს პარლამენტში ბლოკს და კოალიციურ მთავრობას ერთად დააკომპლექტებენო. ეს რეალურია?
– არაფერს გამოვრიცხავ, სიმართლე გითხრათ. რა მოხდება, ეს მალე გამოჩნდება, მაგრამ გიგა ბოკერია და მისი გუნდი მიხეილ სააკაშვილის გაშავებას რომ ცდილობენ, მას ბუად რომ წარმოაჩენენ და საკუთარ თავს ანგელოზებად, ეს ფაქტია. სააკაშვილი თუ რაიმეს აშავებდა, თუ ძალადობა იყო მაშინ, ამ ხალხთან ერთად აშავებდა. მათ საკვანძო პოსტები ეკავათ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას. გიგა ბოკერია იყო პარლამენტში უმრავლესობის თავმჯდომარე, მერე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ბოლოს უშიშროების საბჭოს მდივანი. დავით ბაქრაძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე, კონსტიტუციით მეორე პირი ხელისუფლებაში და ამ რანგში შეხვდა 2012 წლის არჩევნებს. გიგი უგულავა დედაქალაქის, მილიონნახევრიანი თბილისის მერი იყო, მანამდე აჭარის დროებითი მმართველი, სამეგრელოს გუბერნატორი და უშიშროების მინისტრის მოადგილე გახლდათ. გიგი წერეთელი იყო ჯანდაცვის მინისტრი და ვიცე–პრემიერი, მერე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. თუ ცუდი იყო სააკაშვილი, თუ აშავებდა, ძალადობდა, რატომ არ გადადგნენ პოსტებიდან? ანდა, ერთი სიტყვით რატომ არ გააპროტესტეს მაშინ უკანონობა, რომელსაც თურმე სააკაშვილი სჩადიოდა? ამ ხალხს მორალური უფლება არ აქვთ, აკრიტიკონ სააკაშვილი და მისი მმართველობა, რადგან მის გვერდში იყვნენ და თუ რაიმე ცუდი ხდებოდა, მათთან თანხმობით ხდებოდა, მინიმუმ, მათი დანაშაულებრივი დუმილით. სავარაუდოდ, თქვენი ვერსია დამაჯერებელია, ეს იმიტომ კეთდება, იმიტომ ლანძღავენ სააკაშვილს, რომ რაღაც გარიგება არსებობს ივანიშვილსა და ბოკერიას შორის, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ ბლოკი მართლა „ევროპულ საქართველოსთან“ შეკრას. არის ამის ალბათობა. უბედურება ის არის, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ხელებს ასავსავებენ, ამაზე როდესაც ეკითხებიან, ივანიშვილს გულმოდგინედ ლანძღავენ და ახლოს არ გავეკარებითო, მასზე ამბობენ. ამ დროს კი ზურგს უკან, ჩემი აზრით, გარიგებულნი არიან მასთან.
– გიორგი ვაშაძის ივანიშვილთან დაახლოებაზეც ლაპარაკობენ პოლიტიკურ წრეებში. ამბობენ, რომ ვაშაძეც „მაშველ რგოლად“ სჭირდება ივანიშვილს, როგორც გიგა ბოკერია. ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკური მრჩევლის და მეგობრის, ვანო ჩხარტიშვილის დისშვილის მეუღლე, სიძეა.
– კი, ნელ–ნელა იკვეთება ის წრე, რომელმა პოლიტიკურმა ძალებმაც, შესაძლოა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად შექმნან კოალიცია. გიორგი ვაშაძეს, ყოველი მომდევნო კვლევების შემდეგ, რეიტინგი ეზრდება, რაც ალოგიკურად მიმაჩნია და ვფიქრობ, ხელოვნურია ეს რეიტინგი. მისი რეიტინგის ხელოვნურ ზრდაზე ვიღაც ზრუნავს და ეს ვიღაც, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაშია მოსაძებნი. ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ საზოგადოებისთვის უფრო მისაღები გახადონ გიორგი ვაშაძე და მისი გუნდი, ვიდრე დღეს არიან. აქედან ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს იმედი, რომ არჩევნებს მოიგებს და დიდი ხანია ზრუნავს, კოალიციური მმართველობისთვის შეარჩიოს პარტნიორები.
ლევან ჯავახიშვილი, ალია №29
კომენტარები