„შიში არის ადამიანის თავდაპირველი მყისიერი რეაქცია, რომელიც ირაციონალურიდან მომდინარეობს. ამიტომ განსაკუთრებული არაფერი ხდება. შიში გაივლის მაშინ, როცა პასუხისმგებლობას აიღებ შენს თავზე და შეასრულებ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც ჯანდაცვის მუშაკები გასცემენ” – ასე აფასებს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ახალი კორონავირუსის გამო მოსახლოებაში გაჩენილ შიშს.
„განსაკუთრებული არაფერი ხდება. ეს არის ადამიანის ჩვეულებრივი, თავდაპირველი მყისიერი რეაქცია, ეს არის იმპულსი, რომელიც ირაციონალურად მომდინარეობს. რატომღაც აქცენტი კეთდება ტუალეტის ქაღალდზე, რომ ადამიანები ამ საგანს ყველაზე მეტად ყიდულობენ, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას წიწიბურაზე და სხვა პროდექტების შეძენაზე. ანუ შიში არის შენი დამოკიდებულება და როცა ადეკვატური ხარ, შიში აღარ არის. შიში გაივლის მაშინ, როცა პასუხისმგებლობას აიღებ შენს თავზე და გაცნობიერებული გაქვს, რა უნდა გააკეთო.
„რამდენადაც უცნაურად უნდა მოგეჩვენოთ, ამ ერთმა პატარა კორონავირუსმა ბევრი რამ დაგვანახა. ჩვენ აღმოვჩნდით იმ რეალობის წინაშე, რომ ყველამ თავისი თავი გამოამჟღავნა: ხელისუფლება, რომელიც უზუსტესი ადეკვატურობით მოქმედებს; მედპერსონალი თავისი პროფესიონალიზმითა და სიმშვიდით. ჩემი ღრმა პატივისცემა მედიცინის ყველა მუშაკს. ისინი დღეს ფრონტის ხაზზე გადიან.
„ერთი ჩემი ნაცნობი მიყვებოდა, რომ წყალტუბოდან თვითიზოლაციაში მყოფი რამდენიმე ადამიანი გაიქცა და მათ დასაბრუნებლად სამართალდამცავებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ. ფსიქოლოგიაში ასეთ ქცევას არაადეკვატურობა ჰქვია, ყოფით ენაზე კი – სიბრიყვე.
„მოკლედ, ამ კორონავირუსმა საზოგადოება შეგვაჯანჯღარა, ხედვა აღგვიდგინა, რომ ადამიანი ძალიან დაშორდა თავის თავს და ასევე ის, რომ სიკვდილი და სიცოცხლე ერთად არიან,” – აღნიშნა „მთელ კვირასთან” ნანა ჩაჩუამ.
კომენტარები