ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი – გიორგი ჯღარკავა
პოლიტიკური დისკურსის, როგორც „მსმენელზე ორიენტირებული ფსიქოლინგვისტური ხელოვნების“ [1] კვლევა ინტერდისციპლინურ ჭრილში არაერთ მნიშვნელოვან საკითხს უკავშირდება, რომელთა შორისაც საინტერესოა ის არგუმენტაციული ტექნიკები და სტრატეგიები, რომლებიც პოლიტიკოსთა საჯარო გამოსვლებს ახასიათებთ. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანთა დისკურსი ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც სტრუქტურის, ისე შინაარსისა და მიზნის თვალსაზრისით. ამგვარ დისკურსულ განსხვავებებზე უდიდეს გავლენას ახდენს აგრეთვე ელექტორატი ანუ საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც არის გამიზნული კონკრეტული დისკურსი. ამიტომ, ნებისმიერი პროფესიული დისკურსის და, მით უფრო, − პოლიტიკური დისკურსის კვლევისას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ექსტრალინგვისტურ ფაქტორებს, ისეთებს, როგორიცაა მოსაუბრისა და მსმენელის ფონური ცოდნა, საერთო კულტურული სივრცე, ერის იდეოლოგია, კონკრეტული დრო-სივრცული მოცემულობა და სხვ. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ „პოლიტიკური დისკურსის შესწავლა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ტექსტისა და მეტყველების სტრუქტურული თავისებურებებით, საჭიროა აგრეთვე კონტექსტის გათვალისწინება“ [2].
მართალია პოლიტიკური დისკურსის სტრუქტურასა და შინაარსს ლინგვისტურთან ერთად ექსტრალინგვისტური ფაქტორებიც განსაზღვრავს, თუმცა ამა თუ იმ პოლიტიკოსის მეტყველებისთვის დამახასიათებელი ენობრივი ქსოვილი სწორედ ის უმთავრესი მასალაა, რითაც იგი საკუთარ გამოსვლებს აგებს, ცდილობს მიაღწიოს დასახულ მიზანს და მიიმხროს რაც შეიძლება მეტი ადამიანი. ამ თვალსაზრისით, პოლიტიკური დისკურსი უპირველესად ლინგვისტიკის საკვლევი ფენომენია. უმეტესად მსმენელის დარწმუნებასა და მასებზე ზემოქმედებისკენ მიმართული პოლიტიკური დისკურსი ექსპლიციტურად მკვეთრად მარკირებულია, რადგან მისი ავტორი პოლიტიკოსი, ერთი მხრივ, ცდილობს საკუთარი თავი ელექტორატთან იდეოლოგიურად ახლოს მყოფად წარმოაჩინოს, ხოლო მეორე მხრივ − იგი საკუთარი კომპეტენტურობის ხაზგასასმელად და მსმენელის ნდობის მოსაპოვებლად გარკვეულ დისტანცირებასაც ახდენს. ამ ერთგვარად ურთიერთსაპირისპირო გზით პოლიტიკოსმა უნდა შეძლოს განსხვავებული ასაკის, სქესის, ეთნოსის, რელიგიისა და შეხედულებების მქონე აუდიტორიაზე ეფექტური ზემოქმედება. მაინც რა არის პოლიტიკურ დისკურსში, როგორც კონკრეტული მიზნით წარმართულ საკომუნიკაციო აქტში, ის კონკრეტული ენობრივი და გარეენობრივი საშუალებები, რომლებიც პოლიტიკური დისკურსის არგუმენტაციულ სტრუქტურას აყალიბებს?
პოლიტიკური დისკურსის არგუმენტაციულ სტრუქტურაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს და მსმენელების დარწმუნების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად გვევლინება გამორჩეულად მაღალი მეტაფორულობის მქონე ისეთი უნივერსალური ენობრივი ერთეული, როგორიცაა ანდაზა (resp. პარემია). ეს ფაქტი შეიძლება აიხსნას იმით, რომ ანდაზებში ასახულია ნაციონალური კულტურის მრავალფეროვნება, ერის მენტალიტეტი, მისი სპეციფიკურობა. შესაბამისად, პარემია არამარტო აზრის მხატვრულად გამოხატვას ემსახურება, არამედ მასშია მოცემული ხალხის ისტორია, გამოცდილება, მსოფლხედვა და ა.შ. პოლიტიკოსთა მეტყველებაში ზოგადი სიბრძნის მატარებელი ანდაზების გამოყენებას კონკრეტული დანიშნულება აქვს: საკუთარ დისკურსში ანდაზის გამოყენებით ერუდიციის ხაზგასმასთან ერთად პოლიტიკოსი ცდილობს ადრესატს აგრძნობინოს, რომ მათ საერთო ინტერესი და ღირებულებათა სისტემა აქვთ. იმის გამო, რომ ანდაზას ამა თუ იმ ხალხის ყოველდღიურ ყოფაში ღრმად აქვს ფესვები გადგმული და ადამიანთა უშუალო დაკვირვებას, მათ გამოცდილებას ემყარება, იგი ძლიერ ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე. ამიტომ, იმ დროს, როდესაც პოლიტიკოსი საკუთარ დისკურსში ანდაზებს იყენებს, ფაქტობრივად, ხალხს მათივე ენით ესაუბრება. ზემოთქმულის საილუსტრაციოდ, ქართული ენის ეროვნული კორპუსიდან [3] რამდენიმე მაგალითის დამოწმებაც საკმარისი იქნება (სტილი ყველგან დაცულია):
(1) ჩვენ ბრალს გვდებენ, თითქოს სახელმწიფო საბჭოს ტანკებს ვაწოდებდით, რათა მას წესრიგი დაემყარებინა დასავლეთ საქართველოში, და უცებ ეს ტანკები, ტ-72-ები, აღმოჩნდნენ სამხრეთ ოსეთში, როგორ მოხდა ეს? ერთი სიტყვით, ერთი ჩვენებური ანდაზისა არ იყოს, ქურდი დღეში სამჯერ გამოტყდებაო.
(2) ჩვენ ასდღიანი შესვენება, როგორც მსოფლიო ცივილიზაციის წესები ითვალისწინებს, გავაკეთეთ, და ვაცალეთ ახალ მთავრობას, შეესრულებინა დაპირებების თუნდაც მცირედი პროცენტი. აეხლა მე უყურებდი დებატებს და გამახსენდა ჩვენი ბრძენი ხალხის შესანიშნავი ანდაზა – ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო… ერთმანეთს ედავებოდა ერთიანი პოლიტიკური ჯგუფი…
(3) წუხელ რუსთავი2-მა კვლავ გამოგვიცხადა ბარიერგადალახულად 4 ე.წ პოლიტიკური პარტია რომელთა, მინიმუმ ნახევარს, ამომრჩეველი როგორც ასეთი საერთოდ არ გააჩნია და არც არასოდეს ყოლია. გამახსენდა ბრძნული ქართული ანდაზა „არ გათეთრდების ყორანი რაც უნდა ხეხო ქვიშითა“.
(4) მე ვიცი, რომ ბევრი საყვედური გაისმის ჩემს მიმართ, კანონიერი ხელისუფლების მიმართ თვით ჩვენს მომხრეებშიც, რომ ამ დრომდე არ ავლაგმეთ თურმე ეს ბანდები და დავუშვი ამ მოღალატური ხელისუფლების დამყარება საქართველოში. მეგობრებო, მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო – ქართული ანდაზაა. ფაქტობრივად, მე დამტოვეს მარტო. გაიხსენეთ ჩემი მოწოდებები დეკემბრის პუტჩის წინ. მიტინგზეც აღარ მოდიოდა ხალხი.
ნათელია, რომ ხალხური სიბრძნის მოშველიების კვალდაკვალ, პოლიტიკოსის მხრიდან ხალხთან სიახლოვის ხაზგასმითა და საკუთარი თავის მის ნაწილად მოაზრებით („ერთი ჩვენებური ანდაზისა არ იყოს..“; „ჩვენი ბრძენი ხალხის შესანიშნავი ანდაზა…“), იგი ცდილობს მეტი დამაჯერებლობა შესძინოს ნათქვამს. ექსპლიციტურად იმის საგანგებო აღნიშვნა, რომ ესა თუ ის თვალსაზრისი მხოლოდ ერთ კონკრეტულ პიროვნებას არ ეკუთვნის, არამედ გამყარებულია სხვათა მოსაზრებებითაც, საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად საუკეთესო გზაა. ამის პარალელურად, პოლიტიკურ დისკურსში ანდაზის გამოყენება ხშირად ხელს უწყობს პოლიტიკური მოწინააღმდეგის დისკვალიფიკაციას და მთქმელის პოზიციების გამყარებას. მოწინააღმდეგის დისკვალიფიკაცია, რომელიც პოლიტკორექტულობის ფარგლებს არ სცდება, ერთ-ერთი წარმართველი არგუმენტაციული ტექნიკაა. იგი პოლიტიკური მოწინააღმდეგის მოსაზრებათა გაბათილებას, ოპონენტის იდეების სისუსტის არგუმენტაციასა და საკუთარი უპირატესობების ხაზგასმას ემსახურება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ პოლიტიკურ დისკურსში პოლიტიკური ოპონენტის მისამართით გამოთქმულ განსაკუთრებულად მძაფრ განცხადებებსაც ვხვდებით. პოლიტიკოსები მკაცრი და კრიტიკული ტონით ამჟღავნებენ საკუთარ უარყოფით, ხშირად სატირულ-იუმორისტულ დამოკიდებულებას მათი ოპონენტების, ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ.
პოლიტიკურ დისკურსში გამოყენებული ანდაზა ზოგჯერ მთქმელის ინტერპრეტაციით და, მაშასადამე, გარკვეული სახეცვლილებითაც გვხვდება. ტრადიციული ანდაზის გარდაქმნის მიზეზი შეიძლება იყოს შემთხვევითობა// უნებლიობა//ანდაზის ზუსტი ფორმულირების არცოდნა. ამ კუთხით საინტერესოა შემდეგი მაგალითის განხილვა:
(5) მთავრობა ბიუჯეტის შევსებისა, თუ განკარგვის საკითხებს ცალმხრივათ განიხილავს და ამას მოჰყვება სწორედ ის, რომ ბიუჯეტის გადახედვისას იმ ციფრების იქით … აა.. შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ ქართული ანდაზა: „შინ, რომ ბავშვი გიტიროდეს, გარეთ ტაბლას რას უნდა … რა უნდაო“ სწორედ ამაზეა მორგებული.
მოყვანილ მაგალითში გამოყენებულ ანდაზას სინამდვილეში ასეთი სახე აქვს: „შინ რომ ყმაწვილსა შიოდეს, გარეთ ტაბლას რა უნდაო“, თუმცა საინტერესოა, რომ ამგვარი მცირედი უზუსტობები ხელს არ უშლის პოლიტიკურ ფიგურას მიზნის მიღწევაში და მისი ელექტორატი, რომლისთვისაც ეს ანდაზა კარგად ნაცნობია, სწორად ამოიცნობს მთქმელის პოზიციასა და ჩანაფიქრს. ზემოთ მოყვანილი შემთხვევისგან განსხვავებით, პარემიის ტრანსფორმაცია პოლიტიკოსის მხრიდან შეიძლება შეგნებულადაც მოხდეს. დავაკვირდეთ ქვემოთ მოყვანილ კონტექსტს:
(6) დიდი სახელმწიფოები შეთახმდენ და ქვეყანა გაინაწილეს. და რომ ეს განაწილება მისაღებათ გამოეტანათ, მას სახელი გამოუცვალეს, დაპყრობის და ანექსიის მაგიერ დაარქვეს გავლენის სფერო. ამით ვითომ მშვიდობიანობა დამყარდა. ნათქვამია: კაცი ბჭობდა, ეშმაკი იცინოდაო. ამ ეშმაკის როლს ასრულებს იგივე იმპერიალიზმი, იგივე ნაციონალიზმი, რომელიც თავის საზღვრებში ვერ ისვენებს, არ ისვენებს და მუდამ ხელის მოსათბობს ეძებს.
ქართულში ცნობილი და გავრცელებულია ანდაზა „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო“, თუმცა მოყვანილ მაგალითში ამ ანდაზის ტრადიციულისაგან განსხვავებულ ვარიანტს ვხვდებით. ვფიქრობთ, რომ ღმერთის ჩანაცვლება ეშმაკით შემთხვევითი მოვლენა არ უნდა იყოს. კერძოდ, მთქმელის კონკრეტულ მოტივაციას განსაზღვრავს ის, რომ ეშმაკი ამ კონტექსტში მიემართება მტერს, მოწინააღმდეგეს და სწორედ ამ უარყოფითი კონოტაციის მქონე სიტყვით აღინიშნა იგი. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ანდაზის რეინტერპრეტირების გამო მეტ-ნაკლებად დაიჩრდილა მისი მთავარი იდეა, მორალი, თუმცა დიდად არც ამას შეუშლია ხელი პოლიტიკოსისთვის უმთავრესი მიზნის მიღწევაში.
ამდენად, ქართული პოლიტიკური დისკურსის არგუმენტაციული სტრუქტურის ანალიზი თვალნათლივ წარმოაჩენს, რომ პოლიტიკოსების მეტყველებაში ანდაზების გამოყენება განპირობებულია, ერთი მხრივ, ზოგადად პოლიტიკური დისკურსის, როგორც დისკურსის ერთ-ერთი ჟანრის, მახასიათებელთა ერთიანობით, ხოლო, მეორე მხრივ, საკუთრივ ანდაზის მეტაფორული ბუნებით. ჩვენი დაკვირვებით, პოლიტიკურ გამოსვლებში ანდაზების გამოყენების უმთავრესი მიზეზი სწორედ პარემიების ალეგორიული და მეტაფორული ხასიათია. გარდა ზემოთქმულისა, პოლიტიკურ დისკურსში ანდაზების პოვნიერებას განსაზღვრავს აგრეთვე მეტყველის მიზანი, აუდიტორიის ფონური ცოდნა და სხვა. სათანადო ემპირიულ მასალაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ პოლიტიკოსის მიერ პარემიული ერთეულების გამოყენება ძირითადად ემსახურება არსებული პოლიტიკური სიტუაციის დრამატიზებას, პოლიტიკური მოწინააღმდეგის ნეგატიურად წარმოჩენას, მის დისკრედიტაციას და ამ გზით საზოგადოების მიმხრობას, საკუთარი პოლიტიკური ფიგურის უპირატესობის ხაზგასმას.
პოლიტიკოსის მხრიდან კონტექსტისთვის შესაფერისი კონკრეტული ანდაზის გამოყენების გზით, მისი პოლიტიკური დისკურსი ელექტორატზე მკვეთრად ორიენტირებული და დასამახსოვრებელი ხდება. ამასთანავე, ანდაზის ხალხურობა პოლიტიკოსს საშუალებას აძლევს საკუთარ გამოსვლაში ყველაზე დიდი ავტორიტეტი – ხალხი დაიმოწმოს. ამ გზით ერთგვარად პასუხისმგებლობის გადანაწილებაც ხდება, რადგან პოლიტიკოსი საუბრობს არა მხოლოდ საკუთარ ორიგინალურ შეხედულებებზე, არამედ ხალხის ენით, ამ უკანასკნელის სიბრძნის მოხმობით ცდილობს სხვათა დარწმუნებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სათქმელის მეტაფორიზაციისთვის გამოყენებული ანდაზები პოლიტიკური დისკურსისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი არგუმენტაციული ტექნიკაა, რომელსაც აუდიტორიაზე განსაკუთრებული ზემოქმედების ძალა გააჩნია.
დამოწმებანი:
- თ. გაგოშიძე, პოლიტიკური დისკურსი – მსმენელზე ორიენტირებული ფსიქოლინგვისტური ხელოვნება, თბილისი, 2016.
- Teun A. van Dijk, What is Political Discourse Analysis? Key-note address Congress Political Linguistics. Antwerp, 7-9 −December 1995. In Jan Blommaert & Chris Bulcaen (Eds.), Political linguistics.(pp. 11-52). Amsterdam: Benjamins, 1997.
- http://gnc.gov.ge/gnc/page
წყარო – ADH.GE
კომენტარები