ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურა დათუნაშვილმა, რომელსაც შარშან, თებერვალში, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა, სერბეთის მოქალაქეობა მიიღო და თებერვალში რომში გასამართ ევროპის ჩემპიონატზეც სერბეთის სახელით გამოვა.
როგორც სერბეთის ნაკრების მწვრთნელი იუწყება, დათუნაშვილმა სერბული პასპორტი რამდენიმე თვის წინ მიიღო, ნაკრები კი ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას დეკემბრიდან შეუდგა.
ტრაიკოვიჩის განცხადებით, სერბეთის ეროვნული ნაკრებისთვის რომის ევროპის ჩემპიონატი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ერთგვარი რეპეტიცია იქნება. სხვა მოჭიდავეებთან ერთად, ტრაიკოვიჩს ქართველი დათუნაშვილის იმედიც აქვს, რომლისგანაც ჯერ ლიცენზიას, შემდეგ კი ოლიმპიურ მედალს ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა. თვითმხილველის მიერ ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ გეგა გეგეშიძეს ხელში გარკვეული საგანი უჭირავს, რომელსაც მოჭიდავის მიმართულებით იქნევს, შემდეგ კი მუშტს ურტყამს.
თავად გეგა გეგეშიძე დარტყმის ფაქტს უარყოფს და დაპირისპირების ფაქტს “უფრო შეხლა-შემოხლას” უწოდებს. მას სასამართლომ აღკვეთოს ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა. დათუნაშვილი კარგა ხანს ამაოდ მოითხოვდა გეგეშიძის გადაყენებას, ბოლოს კი განაცხადა, რომ ქვეყნიდან წავა და “თავს მიხედავს”.
კომენტარები