პარასკევს, 4 სექტემბერს, 11 საათზე საქალაქო სასამართლოსთან ცოტნე გამსახურდიას ოჯახი, ადვოკატი და ახლობლები აქციას მართავენ. მათი მოთხოვნაა, დამნაშავეების საკადრისად, კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა. ბოლო სასამართლო სხდომა 11 აგვისტოსაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდიას დანით მიყენებული 6 ჭრილობა აქვს, აქვს აგრეთვე ბლაგვი საგნით მიყენებული არაერთი ჭრილობა.
ადამიანი, რომელმაც ცოტნე საავადმყოფოში წაიყვანა და გადაარჩინა სიკვდილს, პეტრე ყუფარაძე, დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლითაა დაკავებული. როგორც ჩანს, მას ჯერ პოლიცია უნდა გამოეძახა, ჩვენება უნდა დაეწერა და მერე გადაეყვანა ცოტნე საავადმყოფოში.
თუმცა, დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით არ არის დაკავებული და მეტიც, საერთოდ არ არის დაკავებული თორნიკე ქვათაძე, რომელიც ამბობს, რომ ის ჩხუბში არ ჩარეულა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტნესთან მისი ძმა ჩხუბობდა, როგორც თორნიკე ჰყვება, ის უბრალოდ იდგა და უყურებდა, რაც დანაშაულად არ ჩათვალა პროკურატურამ. პროკურატურა მას არც შეუტყობინებლობას ედავება, რადგან, როგორც განმარტავს, თორნიკეს უფლება ჰქონდა, ძმის წინააღმდეგ არ მიეცა ჩვენება. ანუ, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ თქვენი ოჯახის წევრი მკვლელობას ჩაიდენს, ან მკვლელობის მცდელობა ექნება, შეგიძლიათ, წახვიდეთ და მშვიდად განაგრძოთ ცხოვრება, ეს სამართლებრივად, თქვენ არ გეხებათ. კარგი, თორნიკეს არ ჰქონდა ვალდებულება, ძმის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მიტოვებაც დასჯადია – იყო თუ არა სისხლმდინარე ცოტნე უმწეო მდგომარეობაში, ეს სადაო არ გახლავთ, მაგრამ, რატომ არ წაუყენა ეს მუხლი პროკურატურამ თორნიკეს, ეს ნამდვილად სადაოა.
დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული კახა ჩხეტიანიც, რომელიც ცოტნეს ერთ-ერთი შვილის ნათლია და რომელთანაც ცოტნე იყო სტუმრად. უცნაურია ის გახლავთ, რომ დანარჩენ ორს პროკურატურამ ბრალი წაუყენა განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით – ყველანი ერთად იყვნენ და თუ დანარჩენებს მკვლელობა ჰქონდათ განზრახული, კახა ჩხეტიანმა ამის შესახებ როგორ არ იცოდა, ცოტა არ იყოს უცნაურია.
რაც შეეხება დანარჩენს ორს, ტატო ღარიბაშვილს და გიორგი სოლოღაშვილს (ქვათაძე), “ალიას” ინფორმაციით ორივემ მას შემდეგ შეიცვალა გვარი, რაც ისინი დააკავეს უცხოეთში სხვადასხვა მუხლით და იქნენ საქართველოში დეპორტირებულნი. გამოძიების ინფორმაციით, ტატო ღარიბაშვილი ცოტნეს რკინის ყავარჯენს ურტყამდა და ყავარჯენი ამოღებულია.
აი, გიორგი სოლოღაშვილი კი, პირველ ჩვენებაში ამბობდა, რომ კი მან დაარტყა ცოტნეს დანა, მას შემდეგ რაც მის ძმას (თორნიკე ქვათაძეს) ათავისუფლებენ, ჩვენებას ცვლის და ამბობს, რომ წარმოდგენა არა აქვს, როგორ მოხვდა სისხლი მის ტანისამოსზე… გამომდინარე იქედან, რომ დანა არ უპოვნია ამ დრომდე პროკურატურას, გიორგი ამბობს, რომ დანა არ ჰქონია და მას ცოტნესთვის ჭრილობები არ მიუყენებია. მართალია, დადასტურებულია, რომ გიორგის ტანსაცმელზე ცოტნეს სისხლია, მაგრამ, არც ერთი მოწმე, მათ შორის, არც ყუფარაძე, არც ჩხეტიანი, არც ღარიბაშვილი, ჩვენებას არ აძლევს გამოძიებას და სასამართლოს გიორგის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, პროკურატურამ რაც შეიძლება მეტი სამხილი იპოვნოს სასამართლომდე – იქნება თუ არა სისხლში ამოსვრილი ტანსაცმელი და კამერების ჩანაწერი (სადაც ჩანს, როგორ გარბიან ჩხუბში მონაწილე პირები) საკმარისი ბრალის დასადგებად და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოჯახი – სულ მალე გამოჩნდება. აქვე ვიტყვით, რომ პროკურატურას ამის მეასედი მტკიცებულებაც არა აქვს შაქარაშვილის საქმეში, თუმცა, ამტკიცებს, რომ იმ პროცესსაც მოიგებს!
“ალია” დაუკავშირდა ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს, ანა ჯაბაურს, რომელიც გვიყვება:
„ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე ამტკიცებდა, რომ თითქოს ის საერთოდ არ ყოფილა იქ და მიუხედავად იმისა, რომ მას ცოტნეს სისხლი აღმოაჩნდა ტანსაცმელზე და კამერებშიც ჩანს, როგორ გარბის, ამბობს რომ წარმოდგენა არ მაქვს საიდან არის ეს სისხლიო. მე ცოტნეს სურათი ვაჩვენე ამ პიროვნების, სახელი და გვარი ვუთხარი და ვკითხე, იხმარა თუ არა მან დანა ამ ჩხუბში ცოტნეს წინააღმდეგ.
მე და ცოტნეს გვაქვს არავერბალური კონტაქტი, რადგან ჯერჯერობით ვერ ლაპარაკობს, მაგრამ აქვს აბსოლუტურად ნათელი გონება, ჟესტიკულაციის დონეზე ვკონტაქტობთ და ხელის მოჭერით მპასუხობს. ხელის მოჭერა თანხობის ნიშანია. როდესაც ამ ადამიანზე ვკითხე, მან მკვეთრად მომიჭირა ხელი, ანუ დამეთანხმა. ეს ყველაფერი მე სასამართლოს მოვახსენე 26 აგვისტოს.
ცოტნეს მდგომარეობა ყოველდღე უმჯობესდება. აქვს აბსოლუტურად ნათელი გონება. ჯერ ვერ დადის და ვერ ლაპარაკობს, მაგრამ უკეთესად ამოძრავებს კიდურებს და ჟესტიკულაციის ენით ადეკვატურ პასუხებს მაძლევს. დაიწყო საჭმლის ჭამა ერთ თვეზე მეტია და მალე ისეთი პროცედურები ჩაუტარდება, რომელიც მკვეთრად გააუმჯობესებს მის ჯანმრთელობას“
ვნახოთ, როგორ შეიცვლება საქმის მიმდინარეობა, მას შემდეგ, რაც ცოტნე წერას და საუბარს შეძლებს და თავად მოჰყვება იმ სისხლიანი ღამის შესახებ.
ალია
კომენტარები