ქსპერტ მამუკა არეშიძეს, რომელიც წლების წინ აცხადებდა, რომ საზღვრის დამდგენ კომისიაში პრობლემები იყო და არასწორი რუკებით ხდებოდა ოპერირება, უკვირს პროკურატურასთან ასეთი აქციების გამართვა. მისი თქმით, საქმეში დაკავებული პირების პასუხისმგებლობა აშკარად ჩანს.
მამუკა არეშიძე:
– ადრე თუ გვიან სამართალს უნდა ეზეიმა. ამ პროცესებს ველოდი, მაგრამ როდის მოხდებოდა ეს ამბავი და ვინ იქნებოდნენ დამნაშავეები, ამის თქმა მაშინ არ შემეძლო. თუმცა ერთ-ერთ მათგანზე ეჭვი მაშინაც მქონდა.
– პროკურატურის განცხადებით, დაკავებული ქალის სახლიდან ამოღებულია იმ რუკის დედანი, რომელსაც ამდენი წელი ეძებდნენ. გასულ კვირას, როცა ჩხრეკა ჩატარდა, ითქვა, რომ რუკა იპოვეს, თქვენ ჩვენთან ინტერვიუში თქვით, ის კონკრეტული რუკა თუ ჰქონდა, რომელსაც ეძებდნენ, მაშინ დასახვრეტიაო. როგორ ფიქრობთ, ამდენი ხანი რომ ინახავდა ის ამ რუკას?
– იპოვეს თუ არ იპოვეს ის რუკა მათ სახლში, ამას ჩემთვის ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ეს რუკა საქართველოში რომ უნდა ყოფილიყო, დღესავით ნათელი იყო. რუკა რომ გაქრა, ამას თვითონ ესენი ამბობდნენ, ამტკიცებდნენ, – საქართველოში არ არისო. ერთ-ერთი მათგანი იმ სამსახურის ხელმძღვანელი იყო, სადაც ეს რუკა, წესით, უნდა ყოფილიყო. ასე რომ პრინციპში დამალეს რუკა, თუ გააქრეს, არ ვიცი, მაგრამ ეს რუკა საბოლოო ჯამში გამოჩნდა, ეს არის მთავარი ამ ამბავში. ჩამოიტანეს დაკარგული რუკის მეორე დედანი სხვა ქვეყნიდან და ამის შემდეგ, როდესაც მოხდა ჩხრეკა, მაგასთანაც იპოვეს ის რუკა, რაშიც ამდენი ფული გადაიხადა ბიზნესმენმა და რასაც ამდენი წლები ვეძებდით. ეს არის ძალიან მძიმე საქციელი, ეს ნიშნავს, რომ შეგნებულად აიღეს ის რუკა, რომელშიც იყო ძალიან ზოგადი სურათი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიისა და აქედან გამომდინარე, ძალიან რთული იყო შესაბამისი დასკვნების გაკეთება. მეტს გეტყვით, ვთქვათ, ეს რუკა მართლა იყო გამქრალი და ეს ადამიანები არაფრის შუაში არიან, მაგრამ, როცა იმ რუკით ადგენ საზღვარს, რომელიც იცი, რომ არ ვარგა, მაინც დამნაშავე ხარ!.. საერთოდ ნუ გააკეთებდნენ ნურაფერს. ეთქვათ, – კომისია მუშაობას ვერ დაიწყებს, რადგან არ გვაქვს შესაბამისი დოკუმენტაცია და მასალებიო. მოეთხოვათ ჯერ შევარდნაძის, მერე უკვე სააკაშვილის ხელისუფლებებისთვის, რომ მოეძებენათ შესაბამისი დოკუმენტაცია. ამაშია საქმე, რადგან გაჩუმდი, გაიყურსე და მოაწერე ხელი ზოგადი რუკის გამოყენებას, უკვე დამნაშავე ხარ.
– ივერი მელაშვილი დაკავებამდე ამბობდა, იმ 1938 წლის რუკის გამოყენება, რომელზეც ახლა საუბარია, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რადგან იმ რუკაში ბევრი ხარვეზიაო.
– ეს არის თვალთმაქცობა. სწორად ამბობს, როცა თქვა, იმ რუკის გამოყენება შეუძლებელი იყოო, მაგრამ ამ დროს მას უნდა ჩაეძიო და კითხო, რუკის რომელ ვარიანტს გულისხმობს და მაშინ გახდება პასუხი ნათელი. ამათ მაშინ ხელთ ჰქონდათ იმ 1938 წლის 1: 200000-იანი რუკის ასლი, რომლის დედანიც ახლა იპოვეს, რასაკვირველია, ასლი ხარვეზით არის და არ გამოდგება საერთაშორისო მოლაპარაკებების კონტექსტში… მოკლედ, როცა ასლზე საუბრობს და ამას ამბობს, მართალს ამბობს, მაგრამ სად იყო ამ დროს ორიგინალი? და თუ არ იყო ორიგინალი, რატომ მოაწერე იმ დოკუმენტს ხელი, რაც ამ რუკის ზოგადი ვარიანტია?! თუმცა აგერ გამოჩნდა, რომ ორიგინალიც არსებობდა თურმე, მათ ჰქონდათ.
– ამ ორი პიროვნების დაკავებას აქციები მოყვა, ოპოზიციის ლიდერები ითხოვენ მელაშვილის და ილიჩოვას გათავისუფლებას, ამაზე რას იტყვით?
– რატომ შემოიხიეს უცებ ტანზე ყველაფერი “ნაცმოძრაობის” წევრებმა და ლიდერებმა, ვერ გავიგე. ჯერჯერობით არავის უთქვამს, თქვენი პრეზიდენტი სააკაშვილია დამნაშავე ამაშიო. ეს ყველაფერი დაიწყო შევარდნაძის დროს და გაგრძელდა სააკაშვილის დროს, თუმცა ცალსახაა, სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაესვა პირობითი წერტილი. სახელმწიფო გადაწყვეტილება კი არ იყო, კომისიებმა მოაწერეს ხელი და ასე შექმნეს საბოლოო დოკუმენტი. წინასწარ იცოდა ივერი მელაშვილმა და ყველამ, რომ ეს დოკუმენტი არ იყო გამართული და მაინც მოაწერეს ხელი. მარტო ეს ორი ადამიანი არ არის ამ ყველაფერში დამნაშავე, ბევრი სხვა ადამიანიც არის ამ საქმეში გარეული, რომლებმაც სულ მცირე, გულგრილობა მაინც გამოიჩინეს ამ შუალედური დოკუმენტის მიმართ.
– ფიქრობთ რომ სხვების პასუხიმგებლობის საკითხიც დადგება?
-აუცილებლად უნდა დადგეს. ზოგის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ზოგის სისხლის სამართლებრივი და ა.შ.
– ოპოზიციის პოზიცია ცალსახაა, მაგრამ გუშინ ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა საქართველოს მოქმედმა ელჩმა დანიაში, გიგი გიგაიძემ და მანაც მხარდაჭერა გამოუცხადა ივერი მელაშვილს, ისიც თქვა, – მის პატრიოტიზმში ეჭვი არ მეპარებაო.
– კომისიის თავმჯდომარე ყოველთვის იყო მინისტრის მოადგილე და ეს ადამიანები იცვლებოდნენ, მაგრამ მუდმივად რჩებოდნენ კომისის წევრები. მე ივერი მელაშვილს ვერ დავადანაშაულებ, რომ მან მოიპარა რუკა და გააქრო, პირდაპირ ხელს ვერ დავადებ, ამას დაადგენს გამოძიება, მაგრამ როცა იცი, რომ არასწორ დოკუმენტს იყენებ, ეს ქვეყნისთვის საზიანოა და აწერ ამას ხელს, ეს არის დანაშაული. სულ ცოტა, განგაშის ზარები მაინც უნდა ატეხო ასეთ დროს. შეიძლება გიგიაძისთვის ის პატრიოტი ადამიანია იმიტომ, რომ ნაკლებად იცნობს შიგნით ამ პროცესს, მაგრამ ჩემთვის ეს არის ადამიანი, რომელმაც სულ მცირე, დაუშვა შეცდომა და რომელიც მცდარი დოკუმენტით ოპერირებდა ამდენი წლის განმავლობაში. პირადად შევხვედრილვარ და ამ საკითხზე მისაუბრია ადრე მასთან, მაგრამ არასოდეს უთქვამს, რომ მცდარი დოკუმენტებით სარგებლობდა კომისია. იძახდნენ, – სხვა რუკა არ გვაქვს და ამით უნდა ვისარგებლოთო… შეიძლება აიძულეს კომიის ზოგიერთი წევრი და მათ შორის ივერი მელაშვილი, რომ ასე მოქცეულიყო…
მოკლედ, ეს პროცესი იყო მახინჯი, დანაშაულია ჩადენილი და ამის გამო კინაღამ დავკარგეთ ამხელა ტერიტორია, მათ შორის დავით გარეჯის ნაწილიც. რაც შეეხება ნატალია ილიჩოვას, ივერი მელაშვილის მოყვანილი კადრია. ის კომპეტენტური კარტოგრაფია და ზუსტად იმაზეა ლაპარაკი, რომ ნატალია ილიჩოვასნაირ ადამიანს არავითარ შემთხვევაში არ შეეშლებოდა რომელი დოკუმენტი არის საჭირო ასეთი ტიპის მოლაპარაკებებისთვის. ამ ქალს შეცდომა არ მოუვიდოდა ე.ი სხვა რამეშია საქმე… თუ რაში, ვიმედოვნებ, ამას გამოძიება დაადგენს.”
წყარო – ამბები.ჯი
კომენტარები