ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, იურისტი, ვალერი გელბახიანი.
– ბატონო ვალერი,“ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებიდან 12 წელზე მეტი ხნის წასულია და წულუკიანმა ახლა შექმნა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია. აქამდე სად იყვნენ? რამდენად სერიოზული და მიზანშეწონილი იყო ამ კომისიის შექმნა ახლა?
– მაქსიმალური ხანდაზმულობის ვადა დანაშაულს აქვს 15 წელი,მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებსაც. ,,ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა და ახლა 2025 წელია. გამოდის,
2010 წლამდე რა დანაშაულებებსაც გამოავლენენ, ხანდაზმულია და აზრი არ აქვს მათ გამოძიებას, მაინც ვერავის დასჯი.
რეალურად, ეს არის პოლიტიკური აქტი. დამნაშავეთა დასჯა რომ სდომებოდათ, 12 წელი ჰქონდათ საამისოდ და გამოიძიებდნენ, პროკურატურაც ამათ ხელში იყო, სუს-იც, ყველა საგამოძიებო სტრუქტურა და ზემოდან კიდე დამონებული მოსამართლეები. არა, არ ქნეს. ახლა ხალხს გაართობენ კომისიის მუშაობით, ცნობილი პოლიტიკოსებისა და ყოფილი ჩინოვნიკების დაკითხვით. მიხეილ საააკაშვილის საქმები ავიღოთ, რომელსაც უმძიმებენ და უმძიმებენ სასჯელს. ვერ უპოვნეს ვერც კორუფციული, ვერც ქრთამის, ვერც ქონების მითვისების ფაქტი. ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი აიღე. ჯერ რუსთაველზე ყოველ დღე სცემენ ხალხს, მადლობა ღმერთს, შედეგი ისეთი არ დამდგარა ჯერ, რაც ვალერი გელაშვილის შემთხვევაში. მერე, რამდენ აქტივისტს და პოლიტიკოსს ჩაუსაფრდნენ სახლთან და გამეტებით სცემეს ნიღბიანებმა, ჟურნალისტები სცემეს ქუჩაში. სამართლებრივად, ამ კონკრეტული ცემის ფაქტებზე ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი? კონკრეტულ სისხლისსამართლის დანაშაულის ფაქტებზე ვლაპარაკობ, თორემ ზოგადად კი არის ყველაფერზე პასუხისმგებელი. დამნაშავე უნდა ეძებო იმ უწყებაში, რომელმაც ეს ჩაიდინა – პოლიციაში. მაშინ ვიღაცამ ვიღაცა სცემა და დამნაშავე ყოფილა პრეზიდენტი. ეს არის ნონსენსი. სანდრო გირგვლიანის მკლელები და მკლელობის თანამონაწილეები შეიწყალა სააკაშვილმა, ციხიდან არ გამოუშვია, წლები ჩამოაკლო და ამას ედავებიან. პრეზიდენტს აქვს დისკრეციული უფლება, ვისაც უნდა შეიეწყალებს და არავის ეკითხება, ვის და რატომ იწყალებს, არავის უხსნის მიზეზს, რატომ იწყალებს. ბილ კლინტონი როდესაც მეორე საპრეზიდენტო ვადას ამთავრებდა, 6 მკლელი შეიწყალა და ატყდა დიდი ამბავი, რატომ შეიწყალაო. მერე დაივიწყეს ეს ამბავი. რაც სააკაშვილს გაუკეთეს, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის შურისძიება მის მიმართ. იგივე ,,პიჯაკების საქმე” იყო თითიდან გამოწოვილი. სააკაშვილს პრეზიდენტის ფონდი ჰქონდა და უფლება ჰქონდა, დაეხარჯა ეს ფული და ხარჯვის მიზანშეწონილობა კანონით განსაზღვრული იყო, კანონი კი არ დაურღვევია.
ეს ე.წ. საპარლამენტო კომისია არის უკანონო. კონსტიტუციაში გარკვევით სწერია, რომ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის წევრთა უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები. ერთი ოპოზიციონერი არ არის კომისიაში, არათუ უმრავლესობა. შესაბამისად, კომისია არაკონსტიტუციურია და მისი ყველა გადაწყვეტილება არის და იქნება უკანონო.
ოპოზიცია რომ იყოს პარლამენტში, არჩეულ დეპუტატებს მანდატები არ გაეუქმებინათ, შეიტანდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს და ამ კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვდნენ. მიაღწევდნენ კიდეც თავისას და კომისია გაუქმდებოდა. ნუ, ეს გზა აღარ არსებობს და ამას რაღა ეშველება.
– მართლა კომიკური სიტუაციაა. კომისია არაკონსტიტუციურია, უკანონოა, „ნაცმოძრაობის“ დროს ჩადენილ დანაშაულთა უმრავლესობას ვადა აქვს გასული და ესენი რას იძიებენ? რა აზრი აქვს ამ კომისიის არსებობას და რა მიზანს ემსახურება?
– მსგავსი პრეცენდენტი უკვე იყო საქართველოში. პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გააუქმა კომპარტია საქართველოში და აქედან გამომდინარე, უზენაეს საბჭოს წევრებს, რომლებიც კომუნისტური პარტიის სიით გახდნენ დეპუტატები, შეუწყვიტა უფლებამოსილება. ამას დასავლეთმა მხარი არ დაუჭირა. პოლიტიკური პროცესი არის კომპრომისების პროცესი. ზვიად გამსახურდია იყო მართლა ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და ეს არ უნდა გაეკეთებინა, საქართველოში კომუნისტური გავლენების შესუსტების სხვა გზების გამოძებნაც შეიძლებოდა. ამის მერე კომუნისტებმა დაიწყეს რევანში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ. დიახ, რევანში დაიწყო ზუსტად კომუნისტი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საბაბით. პოლიტიკური შეცდომა იყო დაშვებული, რომელიც გამოიყენეს ოპონენტებმა. ამას რაც მოჰყვა, კარგად ვიცით. ვერ გავიგე კარგად, ეს კომისია რაში სჭირდება ბიძინა ივანიშვილს.
დამნაშავედ რომ გამოაცხადონ „ნაცმოძრაობა“, ამით რას მიაღწევენ? პარლამენტში კაცი არ ზის „ნაცმოძრაობის“ სიით, ვინც შევიდა ამ პარტიის სახელით კოალიციურად, იმათ რა უნდა დაუშავონ? მაინც უარი აქვთ ნათქვამი დეპუტატობაზე. სამომავლოდ აუკრძალავენ „ნაცმოძრაობის“წევრებს პოლიტიკურ საქმიანობას? არ დანიშნავენ სახელმწიფო სამსახურში მაღალ პოსტებზე? თუ ამას აპირებენ და მაშინ „ნაცმოძრაობის“ იმ წევრებს რას უშვრებიან, რომლებიც დღეს პარლამენტში, საკრებულოებში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ და აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც მრავლად არიან, ასევე, როგორც „ოცნების“ მომხრეები? კანონს თავიანთ მომხრეებს არ შეახებენ? ეს აბსურდია, ამას ვერ გააკეთებენ.
ძალიან სასაცილო სიტუაციაა, საერთოდ საღადაო თემაა ეს კომისიაც და ისიც, რასაც ის აპირებს. ჩიხში არიან, თვითონაც ვერ გაუგიათ, რა უნდათ.
მე ასეთი დასკვნა გავაკეთე : თეა წულუკიანი არ დანიშნეს არც პარლამენტში რომელიმე კომიტეტის თავმჯდომარედ, აღარც მინისტრად. ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელად აირჩიეს და ევროსაბჭომაც ჩვენს დელეგაციას უფლებამოსილება დროებით შეუჩერა. დარჩა წულუკიანი რიგით დეპუტატად და მაგას იმხელა დამსახურება აქვს ივანიშვილის წინაშე, რომ ისიც ადგა და შეუქნა ეს კომისია. ამით წულუკიანს პარლამენტში რიგით დეპუტატზე მეტი ფუნქცია შესძინა.
მთელი ალია-ბალია წულუკიანისთვის თანამდებობის მიცემაა, ყოველდღე ტელევიზორში იქნება, დაარიგებს ინტერვიუებს, ხალხი მაგაზე ილაპარაკებს და ყურადღების ცენტრში იქნება, თან პოლიტიკურ პროცესში საყურადღებო ფიგურა გახდება. ეგ უნდოდა და მიიღო.
– თან ადგილობრივ არჩევნებამდე, შემოდგომამდე, თავიანთ მომხრეებს სანახაობაც მისცეს?
-კი, გაართობენ ხალხს. პურს ვერ აძლევენ და სანახაობას არ იშურებენ. რამდენიმე კაცს დაიჭერენ კიდეც, შერჩევით, პოლიტიკურ ოპონენტებს ჩამოიცილებენ. „ქართული ოცნების“ მომხრეებს აძახებინებენ, რომ არიქა, დაიწყო სამართლიანობის აღდგენის პროცესიო. არადა, როგორც 2012 წლის მერე აღადგინა ბიძინამ სამართლიანობა, ახლაც ისე აღადგენს. რამდენიმე მსხვერპლშეწირვა იქნება და მორჩება ამით ეს კინოც. სამართლიანობის აღდგენის მოსურნენი დარჩებიან ისევ გაღიმებულები.
– კომისიაში აქცენტი კეთდება 2008 წლის ომის დანაშაულებების გამოძიებაზე. ბევრი სამართლიანად ვარაუდობს, რომ ქართულ მხარეს შეაწმენდენ ხელს ომის დაწყებაში, რუსეთს ჩამოაწმენდნენ ყველა ცოდვას, ჩვენ აგრესორებს გამოგვიყვანენ, რომელთაც მძინარე ცხინვალი დავბომბეთ და რუსებს ოსების გადამრჩენელებს. ეს ძალიან უნდა რუსეთს და ივანიშვილი ამას გააკეთებს. სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობა“ საერთოდ არ მადარდებს, ამით ქვეყანა არ დაზარალდება?!
– ესენი ყველაფერზე წავლენ, ოღონდ რუსეთს და პუტინს ასიამოვნონ. ვიმეორებ, 2008 წელს ჩადენილ დანაშაულებებს ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა. მერე, პუტინმა თქვა და მედვედევმაც გაიმეორა, რომ ამ ომისთვის 2006 თუ 2007 წლიდან ვემზადებოდითო,
არსებობს ეს ჩანაწერები და რას იზამენ, პუტინს და მედვედევს გამოიძახებენ დაკითხვაზე?
ეუთოდ ეგიდით შექმნილმა კომისიამ, რომელიც ჰაიდი ტალიავინის კომისიის სახელით არის ცნობილი, დადო დასკვნა, რომ რუსეთმა მოახდინა ქართველთა ეთნოწმენდა ცხინვალის რეგიონში. რას იზამენ, ტალიავინს და ამ კომისიის სხვა წევრებს დაკითხავენ? მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ლიდერმა გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ეს განცხადებები ამ ქვეყნების და ნატო-ს სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით კეთდებოდა. მაშინ ის ლიდერებიც უნდა დაკითხონ. ჰო, ჰააგის ტრიბუნალმა ძებნა გამოახცადა რუს და ოს სამხედროებზე, სანქცია გასცა მათ დაპატიმრებაზე. არადა, უმძიმეს დანაშაულებებზეა ლაპარაკი – უკანონო დაკავება, არადამიანური მოპყრობა, ადამიანური ღირსების შელახვამ მძევლად აყვანა, წამება.. წესით, ის პროკურორიც უნდა დაიკითხოს, თუ რატომ გასცა სანქცია, მათი დანაშაულის დამადასტურებული რა მტკიცებულებები ჰქონდა,. მერე, ომს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ როგორ დაიწყებდა? ე.წ. სამხრეთ ოსეთი დღემდე, ყველა საერთაშორისო ნორმით საქართველოს შემადგენლობაში ითვლება და რუსეთმა ოსებს რუსული პასპორტები რომ დაირიგა, მათ ყველას ქართული პასპორტიც ჰქონდათ, სიტუაციის დაძაბვამდე, გადმოდიოდნენ აქეთ ამ პასპორტებით. ახლა ამათ უნდათ, მსოფლიოს აზრის შეცვლა რუსეთის სასარგებლოდ და ეს არ გამოუვათ. საქართველოს სასამართლომ უნდა გააუქმოს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები? სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებები? ეს უნდათ. ხომ გითხარით, ძალიან სასაცილო მდგომარეობაში არიან, საღადაოა ამათი საქმე.
კომენტარები