„მხოლოდ ქართულის“ შემდეგ ზვიად ბოლქვაძე იმდენი ლანძღეს, რომ ორი სეზონის მერე ავად გახდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ წელს ზვიადმა პროექტში არცერთი ტური არ გააკეთა… ლანძღვისგან გატყდა და უარი თქვა თანამშრომლობაზე”- „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში თქვა მარინა ბერიძემ. თემა „მხოლოდ ქართულში“ გაჟღერებული კომპოზიტორების ახლებურ ვერსიებს (ინოლა გურგულიას ტური) და მათდამი მაყურებლის ნეგატიურ დამოკიდებულებას მოჰყვა. ზვიადი ამ პროექტის პირველი ორი სეზონის მუსიკალური ხელმძღვანელი იყო. მას ეკუთვნოდა ძველი ავტორების რეპერტუარის ახლებური არანჟირებები და ეგრედ წოდებული რიმეიქები. სოფო ბათილაშვილის (და არა მხოლოდ მისი) შესრულებული სიმღერების ვერსიები – „ჰაიდა რარიგ“, „ფაჩუჩები“, ალალმე“, რომელიც მსმენელმა შეიყვარა და აიტაცა, ზვიადს ეკუთვის.
„პრაიმტაიმი“ კომპოზიტორის ამჟამინდელი საქმიანობით დაინტერესდა და გაარკვია, რატომ თქვა უარი მან „მხოლოდ ქართულის“ მესამე სეზონზე.
როგორც აღმოჩნდა, ზვიადი ინტენსიურად მუშაობს გუნდებთან – აფხაზეთის კაპელასთან და „ანა ბანასთან“ და პროფესიულ საგუნდო ნაწარმოებებს აჟღერებს. აპრილის ბოლოს – მაისის პირველ დეკადაში თბილისში საერთაშორისო საგუნდო ფესტივალი იმართება. ზვიადი თავის გუნდებს ამ ფესტივალისთვის ამზადებს.
ზვიად ბოლქვაძე: – ფესტივალი რამდენიმე კვირა გრძელდება და სხვადასხვა ლოკაციაში იმართება. უცხოელი გუნდები გვიერთდებიან საინტერესო დირიჟორებით. საინტერესო გამოდის ამ ფესტივალის გალა კონცერტები. ჩვენ 17 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გვაქვს კონცერტი.
ზვიადი საავტორო სოლო კონცერტზე ფიქრობს. „ნიუტონთან“ და სოფო ბათილაშვილთან ერთად კონცერტებს ატარებს. შარშან, ნიუ-იორკში, სოფო ბათილაშვილთან ერთად ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის, ქართველმა ემიგრანტებმა დააჯილდოვეს. რაც შეეხება „მხოლოდ ქართულზე“ მუშობაზე უარის თქმას, კომპოზიტორი დროის უქონლობას ასახელებს.
ზვიად ბოლქვაძე: – ფიზიკურად ვერ შევძელი. წინა ორ სეზონზე როცა ვიმუშავე, ადამიანს აღარ ვგავდი. მთელი დღე ვიყავი დაკავებული, თან მხოლოდ ფიზიკურად კი არა, გონებრივადაც. ერთ რეპეტიციაზე მყოფის გონება კიდევ სხვა სამუშაოზე ფიქრობდა და მუშაობდა. დღეში ათსაათიანი რეპეტიცია ძალიან გამიჭირდა. დავიღალე. თან ის პასუხისმგებლობა, რაც კაპელის და გუნდის მიმართ მაქვს, არ მომცემდა სხვა საქმეზე სამი თვით გადართვის უფლებას. ჩემს გუნდებს სხვას ვერ ჩავაბარებდი.
– პროექტში უარი როგორ მიიღეს?
– რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ იყო, მაგრამ გაგებით მოეკიდნენ.
– ზვიად შენს მიერ გაკეთებულ ახლებურ ვერსიებზე იყო ნეგატიური შეფასებები და შენ ამის გამო თქვი პროექზე მუშაობაზე უარი?
– პირველი სეზონის მეორე ტურზე, მახსოვს, ნეგატიური შეფასებები. მაგრამ ლაივ კონცერტების დროს უამრავი ხარვეზია, ღელვაა, კონკურსანტები ნერვიულობენ, შეიძლება პირდაპირ ეთერში ისე არ ჟღერს, როგორც უნდა გაჟღერდეს.
– და როგორ იმოქმედა მაყურებლის ნეგატიურმა განწყობამ?
– ნეგატიურად. ცხოვრებაში ყველაფერს დიდი სიფრთხილით ვეკიდები. ვცდილობდი, ფრთხილად გამეკეთებინა ის სიმღერები, რომელიც გავაკეთე. მაგრამ რას გაიგებ?! ჩემი გამოგონებული არ არის რიმეიქების კეთება. ქართველისთვის იმპროვიზაცია შემოქმედების ნაწილია. 90-იანებიდან დაწყებული, ხშირად გვესმოდა გათანამედროვებული ვერსიები. ყველაფერს დრო სჭირდება. სიახლის მიღებასაც.
– მართლა ცუდად გაგხადა ნეგატიურმა გამოხმაურებამ?
– ემოციური კაცი ვარ, იმოქმედა. თუმცა ცოცხალი ვარ, ჯერჯერობით. მეორე სეზონზე იგივე ხალხისგან თუ პლუს სხვებისგანაც გაცილებით მეტი დოზით იყო მოთხოვნა – დააბრუნეთ ზვიადიო…
– უყურეთ მესამე სეზონს?
– თვალი გადავავლე. მთლიანობაში საინტერესო იყო, კარგი კონკურსანტები იყვნენ… გამარჯვებული ბათუმელია, ბათუმი საინტერესო ხმებით გამოირჩევა. არ ვიცი, ეს ჰავის ბრალია თუ სხვა რამის, მაგრამ ტემბრალურად საინტერესო ხმებია ბათუმში. არც თამთაა გამონაკლისი. ვულოცავ. ვიცი, შიგნიდან როგორ მომზადდა პროექტი და გარედან როგორ ჩანს. ჩემთვის მგრძნობიარე ამბავია. ყველას თავისი ხედვა აქვს. ჯანსაღ კრიტიკას მივესალმები, რომელიც პროფესიონალებისგან მოდის. ლანძღვა-გინების გარეშე დამოკიდებულებით მივიღებ კრიტიკას. ასე უკეთესები უნდა გავზარდოთ ერთმანეთი. თავიდან იდეალურად ვერავინ აკეთებს, თანდათანობით იზრდებიან ადამიანები. ახალი ნამუშევარი გემოვნების და ხარისხის სტანდარტებს არ უნდა გასცდეს და მე მივესალმები. ჩემი მუსიკა რომ გემოვნებით გააკეთოს ვინმემ და მოირგოს, მივესალმები.
– სამომავლოდაც უარს იტყვით „მხოლოდ ქართულთან“ თანამშრომლობაზე?
– ჩემი პროფესია ეს არ არის. მუსიკა ჩემთვის მნიშვნელოვანია და მისით ვსუნთქავ. სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები მაქვს მუსიკალურად. სხვა ჟანრში ვმოღვაწეობ და დროის დეფიციტი მაქვს. არ ვიცი, სად ვიქნები და რას გავაკეთებ. მაშინ ყველაფერს უნდა შევეშვა. არ ვიცი, როგორ შევძლებ…
კომენტარები