საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას პენიტენციური სამსახური მიმართავს და აცხადებს, რომ ადვოკატი ლექსო კობაიძე პოლიტიკური ხასიათის წინასაარჩევნო ინსცენირებებშია ჩართული:
თეა წულუკიანის უწყება ითხოვს ეთიკის კომისიამ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ქმედებებთან დაკავშირებით. კერძოდ, მიმდინარე წლის 25 სექტემბერს რამდენიმე ტელეარხის მიერ გავრცელდა ინფორმაცია ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის საპროტესტო აქციის შესახებ. ადვოკატი მტკიცებით ფორმაში საუბრობდა მსჯავრდებულთა მიმართ გაუპატიურებით დამუქრებაზე N8 დაწესებულების დირექტორის მხრიდან.
პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ცილისწამება და რომ ის ფლობს სრულფასოვან მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური ხასიათის წინასაარჩევნო ინსცენირებებთან, რომელშიც ადვოკატი კობაიძე არის ჩართული.
“ალია” შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი პატიმრის მშობელმა განაცხადა, რომ რამდენიმე პატიმარია დაჭრილი. ამ განცხადებას უპასუხა წულუაკიანის უწყებამ და თქვა, რომ მათ თავად მიიყენეს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები და რომ ისინი ითხოვნენ ჩაის და სიგარეტს. უწყება გვარწმუნებს, რომ სამმა პატიმარმა, რომლებმაც იციან შინაგანაწესი, ჩაის და სიგარეტის არმიწოდების გამო, მიიყენეს მრავლობითი ჭრილობები ერთდროულად! უწყება მაშინ მედიას ადანაშაულებდა ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში და ამბობდა, რომ პატიმრის დედამ არასწორად გააჟღერა მომხდარი, თუმცა, ფაქტი არის ერთი – პატიმრის დედამ წულუკიანის უწყებას დაასწრო მომხდარის შესახებ განცხადების გაკეთება და პირველად სწორედ დედისგან შევიტყვეთ რომ “გლდანის” ციხეში, რამდენიმე პატიმარია დაჭრილი.
კომენტარები