თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება პულმონოლოგი, ქირურგი დავით ნანობაშვილი.
– მახსოვს, თქვენ ადრეც ამბობდით, რომ პირადად თქვენთვის ჩინური ვაქცინები უფრო მისაღებია, თუ სწორად მახსოვს, ამის მიზეზი ისაა, რომ ზოგადად რნმ ტექნოლოგიით დამზადებულ ვაქცინებზე მწირია ჯერ ინფორმაციაო, ასეა?
– დიახ, იმ ტექნოლოგიით მზადდება სინოფარმი და სინოვაკი, რაც დატესტილია უკვე საუკუნეებია და ევოლუციურად მიჩვეულნი ვართ, ცნობს ჩვენი ორგანიზმი მკვდარი ვირუსების მასალისგან დამზადებულ ვაქცინებს, ინფორმაცია აქვს უკვე მასზე ორგანიზმს და მზადაა მის მისაღებად. ახალი, რნმ ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინა შეიძლება ძალიან კარგი აღმოჩნდეს და ყველას აჯობოს, მაგრამ ამას გავიგებთ 10-15 წლის შემდეგ, როცა მეტი კვლევა გვექნება და დაკვირვების საშუალება. ამ 10-15 წლის მერე ვიღაც რომ აღმოჩნდეს დაზარალებული – მერე? მე არა ვარ აცრილი, არც კოვიდი დამმართნია ჯერ, მაგრამ სტუმარი მყავდა, რომელიც ჩვენთან რჩებოდა სახლში, სტუმარს ბავშვს ჰქონდა სეზონური გრიპი, სახლში მყოფ სტუმარს და მით უფრო ბავშვს, რომელიც მუდმივად გეკონტაქტება, ვერ მოერიდები, რასაკვირველია. გადამედო. მე იოლ ფორმებში გადავიტანე, ჩემმა შვილმა, ძალიან მძიმე ფორმით გადაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ იოლ ფორმაში გადავიტანე, დამიტოვა სახსრების აუტანელი ტკივილი, ვიყავი უკვე რევმატოლოგთან და დამჭირდება მკურნალობა.
– შეიძლება გკითხოთ, რატომ არ აიცერით?
– რატომ უნდა ავიცრა? ძლიერია ჩემი იმუნური სისტემა, იმდენად ძლიერია, რომ უპრობლემოდ მოუგრიხა კისერი საკმაოდ ძლიერ სეზონურ გრიპს და შემდეგ ჩემ სახსრებსაც დაუწყო ბრძოლა, რადგან, როგორც ჩანს, ვერ ამოიცნო ბოლომდე უცხო “აგენტი” სხეულში. ვაქცინა მინდა კიდევ?
– ომიკრონის გადატანის შემდეგაც ბევრ ადამიანს აწუხებს სახსრების ტკივილი და ეს იმიტომ ხდება, რომ მათ ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ?
– ომიკრონი კი არ არ აზიანებს სახსრებს, ჯაჭვურ რეაქციას რთავს, იმუნურ სისტემა როცა ვერ ხვდება რა ტიპის „აგენტია” ორგანიზმში, ებრძვის შენ სახსრებს.
– რა უნდა გავაკეთოთ?
– პირველ რიგში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ დაგვემართოს, ორმხრივი პირბადე, ორმეტრიანი დისტანცია. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ისე მაინც ვიფრთხილოთ, რომ თუ დაგვემართა, ნაკლები ოდენობთ მოხვდეს ვირუსი ჩვენ ორგანიზმში. თუ მაინც დაგვემართა, რევმატოლოგთან გავიაროთ კონსულტაცია. იძახეს აცრა, აცრა, აცრა და აგერ, თურმე, არც ისეთი ეფექტურია აცრა, როგორც გვეუბნებოდნენ, ჩემ ირგვლივ არაერთ ადამიანს დაემართა, ვინც ორჯერ იყო ვაქცინირებული, უამრავი ადამიანი ვიცი, ვინც სამჯერ იყო აცრილი, ბუსტერიც გაკეთებული ჰქონდა და მაინც დაემართა. ვერც იმას ვიტყვით, რომ აცრილებიდან არავის ჰქონდა რთული ფორმით ვირუსი. საერთო ჯამში, ჩემი აზრით, ვირუსი აგრესიული ფორმით მიდის მაშინ, როცა დიდი ოდენობით მოხვდება ადამიანის ორგანიზმში ვირუსის ნაწილაკები.
– თქვენი აზრით, აცრას აღარ აქვს აზრი? ხომ ამბობენ, ნაწილობრივ მაინც გვიცავსო?
– აცრას მაშინ ჰქონდა აზრი, როცა დელტა შტამი იყო, აცრილ ადამიანს რომ ემართება ვირუსი – მაშინ რა გითხრათ. აცრა რომ ასუსტებს იმუნიტეტს, ეგ მე კი არ მომიგონია, ცნობილი ფაქტია, გამოკვლეულია, ახლა წარმოიდგინეთ აცრის ერთი დოზა ასუსტებს ჯერ იმუნიტეტს, მერე – მეორე, მერე – მესამე და მერე ამას ემატება კიდევ ომიკრონი! სამი აცრა და + ომიკრონი! არ ვიცი, რა ვთქვა, რა ვიფიქრო, დავიჯერო, რაკი შემოტანილი აქვთ ვაქცინები, ინერციით აკეთებენ, თუ რა აზრს ხედავენ ახლა ადამიანების აცრაში? რაში ეხმარებათ? ჩემი აზრით, ახლა აცრას ისევე აღარ აქვს აზრი, როგორც მწვანე პასპორტებს. ახლა აცრებზე და მწვანე პასპორტებზე კი არა, პირბადეების მოხმარების მკაცრ აღსრულებაზე უნდა იყოს გადასული ხელისუფლება, აკონტროლონ პირბადეების ტარება მკაცრად, უმკაცრესად, დაინახავენ არ უკეთია როგორც საჭიროა ისე – დააჯარიმონ, საერთოდ არ უკეთია – დააჯარიმონ. პირბადის გარეშე ქუჩაში სიარული შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მარტო მიდიხარ და არავის ეკონტაქტები. როგორც კი მარტო აღარ ხარ, პირბადე უნდა გაიკეთო.
– თქვენ თქვით, არავინ იცის, საიდან და რომელი ქვეყნიდან შეიძლება წამოვიდეს ახალი შტამიო და მაგასაც მნიშვნელობა აქვს?
– სამხრეთ ნახევარსფერო განსხვავდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროსგან კლიმატით, სხვადასხვა კლიმატურ პირობებში სხვადასხვანაირად იქცევა ვირუსი, მუტირებაც განსხვავებულია. სწორედ ამიტომ არ შეჩერდა ზაფხულის პერიოდშიც კი ვირუსი, რადგან, დედამიწაზე სადღაც, ყოველთვის ცივა და ყოველთვისაა ვირუსისთვის ხელსაყრელი პირობები. ასევე მნიშვნელოვანია როგორია იმ ქვეყანაში, საიდანაც ახალი შტამი მოდის ჯანდაცვა, ექიმების გადამზადების დონე და ა.შ. საუბრობენ მოსალოდნელ ომზე და ომის დროს კიდევ უფრო მძვინვარებს პანდემია, ეგაც ცნობილი ამბავია, მით უფრო ზამთარში, ყაზარმებში ჯარისკაცები ადვილად ცივდებიან, უქვეითდებათ იმუნური სისტემა და მარტივად ვრცელდება ვირუსი.
– ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერდა, შესაძლებელია მსოფლიოში მალე დაიწყოს „კატეს” პანდემია, იმდენად ხშირად უღებენ პაციენტებს “კატეს”, რომელიც სულაც არ არის კარგი ადამიანის ორგანიზმისთვის და მხოლოდ აუცილებელობის დროს უნდა იქნეს გამოყენებულიო…
– კი, ბატონო, მეტსაც გეტყვით, წლებია უკვე ჯანმო იძახის, მოსალოდნელია ანტიბიოტიკ-რეზისტენტული გახდეს ბაქტერიებიო და ეს თუ მოხდა და არ იმუშავა ანტიბიოტიკმა სტაფილოკოკზე მაგალითად, ან ტუბერკულოზის ჩხირზე – მერე მონაგონი იქნება პანდემია და კორონავირუსი.
– ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბრძანა, საავადმყოფოებში პაციენტები სხვადასხვა ინფექციით ავადდებოდნენ და გარდაცვლილთა ნაწილი, სულაც არ გარდაცვლილა კოვიდითო. მე მესმის, რომ მსგავსი ფაქტები ადრეც ხდებოდა და აწიც მოხდება, მაგრამ საკმაოდ დიდ პროცენტულ მონაცემზე საუბრობდა, ზოგ კლინიკასთან მიმართებაში თითქმის 12-13 პროცენტზე.
– ყველა დროში ხდებოდა ეს და აწიც მოხდება. ყოველ ადამიანის პირის ღრუში 19 000-მდე ბაქტერია ბინადრობს, ეს მხოლოდ პირის ღრუში და ათასობით ბაქტერიაა კუჭსა და ნაწლავებში. საავადმყოფოში რამდენი ადამიანიც წევს, იმდენი ათასობით ბაქტერიაა, ჩათვალეთ. რა უნდა ქნას კლინიკამ? დავუშვათ რეანიმაციაში რა გააკეთონ? ეს ბაქტერიები ჰაერშია, თუ გინდა დეზინფექცია ჩაატარო, უნდა გამოიყვანო პაციენტები დღეში 2-3-ჯერ და რეანიმაციაში ჩართო ულტრაიისფერი რადიაცია, სხვანაირად სრულფასოვან დეზინფექციას ვერ ჩაატარებ. ავადმყოფებისგან თუ არ დაცალე რეანიმაცია მაგ დროს – დასხივება მოკლავს. გინდა იყოს სტერილური რეანიმაცია? დღეში 2-3 ჯერ, რამდენიმე საათით უნდა გაიყვანო იქედან პაციენტები და ასე უნდა ატარო – ეს როგორ წარმოგიდგენიათ? ასე ხდება საოპერაციოში, მე ხომ ოპერაციებსაც ვაკეთებ და ერთი ოპერაციის მერე, ულტრასიისფერ რადიაციასს ვრთავთ მეორე ოპერაციამდე, საოპერაციო გვაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ ეს რეანიმაციაში როგორ უნდა მოხდეს, ვერ წარმომიდგენია. მაშინ, ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ყველა პაციენტი განცალკევებით იწვეს და არ ჰქონდეს შეხება მერე პაციენტთან – გვაქვს ამის საშუალება? ამ პრობლემის ნაწილობრივი მოგვარების გზა ისაა, რასაც პანდემიის დაწყების დღიდან ვიძახი და თქვენთანაც ვთქვი, არ არის საჭირო ყველას გადაყვანა კლინიკაში, თუ არ დგას საჭიროება, ვუმკურნალოთ ბინაზე, აი, ესეც გაუნათლებლობის ბრალია, საავადმყოფოში მიყვანილი პაციენტების 80 პროცენტს სულაც არ სჭირდება იქ დაწოლა, მაგრამ შიშს დიდი თვალები აქვს და გაუნათლებელი ადამიანის თვალებში, კიდევ უფრო დიდია შიში. ადამიანს აქვს კოვიდი და არ აქვს გართულებული ფორმა, გადაჰყავთ კლინიკაში და მერე გამოჰყავთ იქედან ფეხებით წინ… სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ განათლებაა პირველი პრობლემა, მესმის, რომ ტელევიზიების დიდი ნაწილი ნაყიდია, ზოგი ერთი მხარის და ზოგი მეორე მხარის მიერ, სწორედ ამიტომ, პრესასთან მაქვს თხოვნა, მიაწოდეთ მოსახლეობას ის ინფორმაცია, რაც მათ გადარჩენაში დაეხმარება.
აღნიშნულ ინტერვიუში ექიმ ნანობაშვილი გამოთქვამს მის პირად მოსაზრებებს და ის შეიძლება არ ემთხვეოდეს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენელთა ოფიციალურ გაიდლაინებსა და რჩევებს.
კომენტარები