საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“2023 წლის 5 მარტის შეჯამება უკრაინაში:
– BBC გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულ რეზერვსა და მობილიზებულებს იმდენად უჭირთ ამუნიციაში, რომ სამხედრო ნიჩბების გამოყენება დაიწყეს (ძველ თოფებთან ერთად) ხელჩართული ბრძოლისათვის. შესაძლოა დაუჯერებლადაც კი ჟღერდეს მსგავსი რამ, მაგრამ რუსულ არმიაში კორუფციამ და ერთი წლის განმავლობაში უაზროდ გახარჯულმა სამხედრო რესურსმა კონკრეტული პუნქტების მიმართულებით, შეჭამა შეიარაღება და შესაბამისი სამხედრო აღჭურვილობა (მათ შორის ტანსაცმელიც – ამაზე ვიდეო იხილეთ კომენტარებში).
– რუსული იარაღის დეფიციტზე საუბრობს უკრაინის უშიშროების ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვიც. ზოგადად ნათელია, რომ არტილერიის ჭურვების საკითხში რუსეთმა ძალიან დიდი რესურსი დაახარჯა რამდენიმე უკრაინულ პოზიციას, მათ შორის მარიინკას, ავდიივკას, (ამ ორს ყოველდღიურად კვლავ ახარჯავს) ბახმუტსა და იზიუმს, მაგრამ ამ პროცესში რეალური პრობლემა შეექმნა – ბუდანოვმა წინა ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუკი ომის აქტიურ ფაზაში 60 ათასი ჭურვის გასროლა ხდებოდა ახლა 19 ათასი ხდებაო. ახლა ეს ციფრი კიდევ უფრო შემცირებულია. ამასთან, ბუდანოვი ვარაუდობს, რომ ამუნიციის “შიმშილი” რუსეთს გაზაფხულის ბოლოს დაეწყება. ჩრდილოეთ კორეა, რომელიც არტილერიის ჭურვების აქტიური დამამზადებელია, რუსეთის ერთ-ერთი დასაყრდენია ამ ამბავში.
– უკრაინელებმა რამდენჯერმე დაბომბეს კრემინაში განთავსებული რუსული სამხედრო შტაბი და პოზიციები. ნგრევა დიდია. მსხვერპლისა და განადგურებული ტექნიკის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა იმ ფონზე, რომ კრემინას მიმართულებაზე დიდი რაოდენობით არიან რუსები თავმოყრილები აშკარაა მათ რიგებში მსხვერპლი დიდი იქნება.
– დონეცკის რაიონის სამხრეთ ნაწილში, ვულჰედართან რუსული დიდი დანაკარგი გრძელდება. ახლა უკვე არა ვუჰლედარის სიახლოვეს, არამედ პავლივკასთან დაკარგეს რუსებმა თავიანთი მძიმე ტექნიკა. პავლივკას აღება რუსული რეგულარული ძალების ერთ-ერთი ბოლო წარმატება იყო ნოემბერში, რომლისათვისაც დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გაღება დასჭირდათ. უკვე მაშინ გამოკვეთა რომ შემდეგი შეტევა წარმატებული ვერ იქნებოდა.
– ბახმუტში სიტუაცია უცვლელია – რუსებმა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი თითქმის ბოლომდე დაიკავეს. უკრაინელებს სპეციალური დანაყოფები ჰყავთ ქალაქში შეყვანილი. ჯერჯერობით ქალაქში შემავალი და გამავალი ორი გზა კვლავ უკრაინელთა ხელშია. საბრძოლო მოქმედებები ინტენსიურია ორივე მათგანის სიახლოვეს. ჯერჯერობით ქალაქი დგას. ლოგიკურია, რომ უკანდახევის შემთხვევაშიც კი უკრაინელები მაქსიმალურად დიდი მსხვერპლის მიყენებას შეეცდებიან რუსებისათვის, რომ შემდგომი წინსვლა ნებისმიერი მიმართულებით შეიზღუდოს. ქალაქის შემოგარენში უკრაინული ახალი თავდაცვის ზღუდეები უკვე მოწყობილია.
– “ნოვაია გაზეტაში” რუსი ჟურნალისტი იულია ლატინინა რუსულ არმიაზე წერს და აღნიშნავს, რომ ახლა მათ ბევრად ცუდი სიტუაცია აქვთ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ლატინინა აღნიშნავს, რომ საუკეთესო ნაწილები რუსებმა იმ შედეგების მისაღწევად უკვე გასწირეს, რაც ამ მდგომარეობისათვის აქვთ, ხოლო უკრაინელებმა რეზერვების გამოფიტვის გარეშე დაიბრუნეს ხერსონი და უზარმაზარი ცოცხალი რესურსი გამოფიტეს ბახმუტთან. იგი აღნიშნავს, რომ ზამთრის დაპირებული დიდი შეტევა რუსეთს არ გამოუვიდა ახლა კი რუსულ არმიაში იარაღის დეფიციტი იქმნება. მობილიზებულები წუწუნებენ, თუმცა ჯერ არ ჯანყდებიან. ამ ყველაფრის შემაჯამებლად კი ლატინინა აღნიშნავს, რომ დასავლეთი დარწმუნდა, რომ კრემლი აუცილებლად უნდა დამარცხდეს, რადგან მათი დღის წესრიგი არარაციონალურ, შეშლილის მოტივებზეა აგებული.
ლატინინამ აღნიშნა ისიც, რომ პუტინს დამატებითი ძალების მობილიზაცია სურს, მაგრამ აღჭურვილობის პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ ასობით ათასი ცოცხალი ძალის წვრთნასა და აღჭურვას ვერ მოახერხებს.”
კომენტარები