„ალიას“ ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების შესახებ, პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი, ვალერი გელბახიანი ესაუბრება.
– ბატონო ვალერი, ამერიკელმა სენატორებმა ბომბარდირება მოუწყეს ჩვენს ხელისუფლებას. ლამის დღე არ გავა, რომელიმე სენატორმა, კონგრესმენმა ან, მათმა ჯგუფმა ნეგატიური შინაარსის მესიჯები არ გამოუგზავნოს ხელისუფლებას, ზოგი წერილს აგზავნის, ზოგი სოციალური ქსელით ასაჯაროებს საკუთარ მოსაზრებებს. ბიძინა ივანიშვილის უკანონო არაფორმალური მმართველობა, დემოკრატიის დეფიციტი ქვეყანაში, არჩევნების სამართლიანად ჩატარების საკითხი და ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება, რაც საქართველოში რუსეთის გავლენის გაძლიერებითა და შესაბამისად, დასავლეთის გავლენის შესუსტებით არის გამოწვეული. ეს მთავარი მესიჯებია, რასაც ამერიკელები უგზავნიან ჩვენს ხელისუფლებას. „ქართული ოცნების“ ლიდერები კი, ვითომ არაფერი ხდება, არაფრად აგდებენ მათ აქტიურობას.
– ეს მოსალოდნელიც იყო, კიდევ იქნება, ჯერ სად ხართ? ეს ძალიან ადეკვატური შედეგია იმ პროცესებისა, რაც ჩვენში განვითარდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, იმ შეცდომებისა და დანაშაულებების შეფასებაა ამერიკელთა მხრიდან, რაც ბოლოს ჩაიდინა ჩვენმა ხელისუფლებამ. ოპოზიცია თუ მაინც ცალმხრივად, მისთვის სასურველი და მომგებიანი პოზიციიდან აფასებს ხელისუფლების ქმედებებს, ამერიკელი პოლიტიკოსები მიუკერძოებლები არიან ამ შეფასებაში. მით უმეტეს, ლაპარაკია იმ ქვეყანაზე, რომელიც გგულშემატკივრობს, გეხმარება წლების განმავლობაში, სტრატეგიულ პარტნიორად გაცხადებს, მისთვის სულ ერთი არ არის აქ მიმდინარე მოვლენები. კულისებში სხვა თამაში მიდის. ხელისუფლებას ჰგონია, რომ დასავლეთს რაღაცას ატყუებს, რაღაცას მალავს, მაგრამ ამერიკას და ევროპას, ასე იოლად. ვერ მოატყუებ, მათ ყველაფერი იციან და რეალურ ინფორმაციას იღებენ არაერთი დამოუკიდებელი წყაროსგან. მარტო ოპოზიციური პარტიებისგან არ იღებენ ინფორმაციას, როგორც ზოგიერთს უნდა ხელისუფლებიდან ეს წარმოაჩინოს. ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ ამერიკელები მართლები არიანო. ისიც კი არ უთქვამთ, რომ ეს მესიჯები ყურადსაღებია და თუ რაიმეს ვერ ვაკეთებთ ისე, როგორც ამას დემოკრატიის პრინციპები, დემოკრატიული საზოგადოება მოითხოვს, გამოვასწორებთო. მეტიც, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გამოვიდა და, ფაქტობრივად, კორუფციაში დასდო ბრალი ერთ–ერთ კონგრესმენს, მალენს. არ გამოვრიცხავ, რომ პირადი ინტერესი ამოძრავებს ამ კონგრესმენსო, განაცხადა ხუნდაძემ. ასე რომ შეტოპავ მცხეთის მაჟორიტარი და ასეთ გამონათქვამს იხმარ ამერიკელი კონგრესმენის მიმართ, ეს უკვე ნამეტანი გაბედულებაა, მეტს არაფერს ვიტყვი.
– ბევრი ამბობს, ამერიკელთა ამ ნეგატიური განცხადებებიდან ჩანს, რომ ეს ხელისუფლება მათ უკვე გაწირეს, ამას მოჰყვება ევროკავშირის ასევე მკაცრი ანგარიში ხელისუფლების მიმართ, ბოლოს კი, თებერვალში ან, მარტში დაიდება ამერიკის ხელისუფლების ყოველწლიური ანგარიში საქართველოს შესახებ, რომელიც ხელისუფლებისთვის განაჩენი იქნებაო.
– საქმე რომ აქეთკენ მიდის, ამას ყველა ხვდება. ადრე იცოდნენ პოლიტიკოსებმა ასეთი გამონათქვამი, დინების აღმა მიცურავსო. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მდინარის აღმა, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავ, დაიღლები და წაგიღებს მდინარე, დაგახრჩობს, როგორი პატარაც არ უნდა იყოს მდინარე. ამის იქით კომენტირება აღარ ხდებოდა, დანარჩენს თავად უნდა მიმხვდარიყავი, უნდა შეგეცვალა მმართველობის სტილი და დინების მიმართულებით გეცურა. მაგრამ დღეს ამას აღარ ამბობენ. მინიშნებებს აღარ აკეთებენ ამერიკელები, კონკრეტულ შემთხვევაში, თქვენი თქმისა არ იყოს. მართლა ბომბარდირება ხდება ხელისუფლებისა. ასეთ მოკლე ხანში, ამდენ კონგრესმენს და სენატორს, ასეთი ნეგატიური, მწვავე, პირდაპირი და მიუკიბავი განცხადება გაეკეთებინოს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, მართლა ვერ ვიხსენებ. არ ყოფილა და რას გავიხსენებ? ამ განცხადებებზე არ გაჩერდნენ ამერიკელები. გაჩნდა განცხადება, რომ კონგრესში უკვე მზადდება საქართველოს წინააღდეგ სანქციების დაწესებაზე გარკვეული გადაწყვეტილებები. ეს უკვე გამაფრთხილებელი, პრევენციული ღონისძიებაა, ეს ბოლო ზარია, ბოლო გაფრთხილება და ამის საპასუხოდ გამოდის დიმიტრი ხუნდაძე და იმ სისულელეს აფრქვევს, რაც წეღან მოგახსენეთ. მე მგონია, დაგვიწესებენ ამ სანქციებს და ამოქმედდება კიდეც. მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა ამ ხელისუფლების მიმართ, ეს არ მიხარია. ეს სანქციები ქვეყნისთვისაა ძალიან ცუდი. ქვეყანა, რომელიც ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნად მიიჩნეოდა და ლამის მთელი მსოფლიო გვედგა გვერდით, აღმოჩნდება საერთაშორისო იზოლაციაში. აღარ იქნება აღარც დახმარებები, აღარც ინვესტიციები, აღარც უცხოელთა მიერ დაფინანსებული პროგრამები. არც ერთი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია არ მოგვცემს ფულს. ეს უკვე კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის.
– აღარც საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციაზე დაგვთანხმებიან კონკრეტული სახელმწიფოები და ფინანსური ინსტიტუტები. ვალის დაუყოვნებლივ გადახდას მოგვთხოვენ. ასე უკეთებენ ყველა იმ ქვეყანას, რომელთაც სანქციებს უწესებენ. ჯერ რა ეკონომიკა გვაქვს და ის ხომ ჩამოიშლება და ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1–10-ზე თუ იქნება და მეტი არა, მადლობა უნდა ვთქვათ.
– ბუნებრივია, ეს უკვე მარტო ხელისუფლებას კი არა, ქვეყანას და ხალხს დაარტყამს. უმძიმესი პირობები იქნება ქვეყანაში, სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ. მეორე მხრივ, ამერიკა ეუბნება ქართველ ხალხს, თქვენ უკეთეს პირობებს იმსახურებთ, მეტ დემოკრატიას, თავისუფალ არჩევნებს და სხვა სიკეთეს, იბრძოლეთ და მიიღებთო.
– შეცვალეთ ხელისუფლება და არ ამოქმედება სანქციებიო, ფაქტობრივად, ამას ამბობენ?
– კი, ბატონო.
– საკრებულოში. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, „ნაცმოძრაობის“ დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი სცემეს. ვინც მართლა დასასჯელი იყო „ნაცმოძრაობიდან“. ვისაც სისხლის სამართლის დანაშული აქვს ჩადენილი, ისინი დაუსჯელები დადიან და ბევრი „ქართულ ოცნებაშია“ და მათ შორის, პარლამენტისა და საკრებულოების დეპუტატები და აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკვანძო პოსტებზე. იმათ ხელს აფარებენ და ლევან ხაბეიშვილს სცემენ. თანაც, ეს ცემა–ტყეპა „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს არ მოგვწონდა და დღეს რა მოსაწონია? „ქართული ოცნების“ საკრებულოს და პარლემენტის დეპუტატები, მათი მომხრეები ამბობენ, ხაბეიშვილი ტყუილებს ლაპარაკობს, შეურაცხყოფას აყენებს საკრებულოს უმრავლესობის წევრებს, თბილისის მერს კახი კალაძეს და მისი გუნდის წევრებს და საცემი იყოო. ცილისწამება კანონით დასჯადია და მიემართათ სასამართლოსთვის, კანონით მოეთხოვათ ხაბეიშვილის დასჯა, მე უნდა ვასწავლო კანონმდებლებს, კანონიერად მოქცევა?
– სამართალი აღარ მუშაობს ქვეყანაში, უკვე პირად ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ვიდრე მივალთ ქუჩის სამართალზე, ჩაქოლვებსა და ვენდეტებზე, მანამდე ეს უკვე უნდა მოვიღოთ სიგნალად, რომ უკვე დაწყებულია ურთიერთანგარიშსწორების პროცესი, დაწყებულია ძალადობა – ძალამ გადაწვიტოს და არა სამართალმა. ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ ვანდალურ, ბარბაროსულ საწყისებზე ვდგებით და არანაირი კავშირი არ გვაქვს სახელმწიფოებრივ მდგომარეობასთან.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახი კალაძე ბიძინა ივანიშვილისთვის საფლავში ჩაყოლას არ აპირებს, საკუთარ პოლიტიკურ გუნდს ქმნის და თუ საჭირო გახდა, თავის გადასარჩენად, საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის გადასარჩენად, ივანიშვილსაც დაუპირისპირდებაო. რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია?
– კაი, არ მჯერა ასეთი რაღაცების. შესაძლოა, ამის დიდი სურვილიც ჰქონდე კალაძეს, მაგრამ იმდენად დიდ ტალახში აქვს ხელ–ფეხი ჩაყოფილი, ისეა გასვრილი, ბიძინა ივანიშვილისთვის მაგის განადგურება ერთი დღის საქმეა. ვერ გაბედავს კალაძე ივანიშვილთან დაპირისპირებას.
– გიორგი გახარიას შესაძლო გადაყენებაზეც იყო საუბარი.
– დასავლეთიდან პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ არის სერიოზული ბრალდებები, რომ მან მიიტაცა ხელისუფლება, არაკონსტიტუციურ რეჟიმში მართავს ქვეყანას, არაფორმალური მმართველია, რომ დევნის პოლიტიკურ ოპოზიციას, მედიას. თავისუფალ ბიზნესს, ყვავის ელიტარული კორუფცია… ეს ყველაფერი მისი პერსონალური ბრალდებებია. თუ არ გამოვიდა ჩრდილიდან და არ დაიკავა ქვეყნის ლეგალური მმართველის, პრემიერ–მინისტრის თანამდებობა, სხვაგვარად სანქციებს ვერ აირიდებს. თუ ეს გააკეთა, დროებით შეაჩერებს სანქციებს დასავლეთიდან. პრემიერ–მინისტრის რანგში პირადად უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებებში ოპოზიციასთან, საარჩევნო კოდექსი იქნება ეს თუ სხვა საკითხები, დასავლეთსაც პირადად უნდა დაელაპარაკოს. სხვა შანსი მას არ აქვს. შესაბამისად, რადგან დღის წესრიგში დადგა ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნების საკითხი, თავისთავად დადგა გიორგი გახარიას ამ პოსტიდან მოხსნის საკითხიც.
ლევან ჯავახიშვილი
ალია №4
კომენტარები