ნანა სულავა
„ალიას“ ესაუბრება „იბერიულ–კავკასიური მოძრაობის“ თავმჯდომარე ბესო მიქავა.
-საქართველოში არის ოლიგარქების ბრძოლა. შევარდნაძის ხუნტამ (ხუნტა ესპანურად ნიშნავს საძმოს) ჩამოაყალიბა ე.წ. საძმოები, რომლის უკან იდგა საბჭოთა ნომენკლატურა. ეს რაც ხდება დღეს საქართველოში, ზვიად გამსახურდიამ იწინასწარმეტყველა 1992 წლის 15 ნოემბერს უზენაესი საბჭოს სესიაზე. მან განაცხადა: თუ საქართველოში გაიმარჯვებს შევარდნაძის ხუნტა, საქართველო გახდება საძმოების საჯიჯგნი და გავლენების სფეროების მოსაპოვებლად იქნება დაუნდობელი ომი ერთმანეთის წინააღმდეგ. ასე რომ, ოლიგარქია საქართველოში დაამყარა შევარდნაძემ. იმედის პარლამენტს მიაღებინა ვითომ კონსტიტუცია, რომელიც იყო ანტიკონსტიტუციური და ოლიგარქიისთვის საჭირო პოლიტიკური და სამართლებრივი ბაზა შექმნა. ოლიგარქია შეიქმნა დეინდუსტრიალიზაციის შედეგად, ფაბრიკა-ქარხნების გაყიდვით და არა მარტო ამით, მთელი მარაგი, რაც საქართველოს ჰქონდა მეცნიერული და რაციონალური გამოგონებების სახით, ჩალის ფასად იქნა გაყიდული. 70 წლის განმავლობაში შექმნილი განათლებისა და მეცნიერების კერები კულტურული კონტრრევოლუციით გაანადგურა. არ უნდა გვყოლოდა მუსხელიშვილები და ვეკუები, არ უნდა გვყოლოდა აკადემიკოსი გრიგოლ წერეთელი, სამაგიეროდ უნდა გვყოლოდა ჭუტა წერეთელი. უნდა გვყოლოდა გრეჩიხები, ჩხარტიშვილები, ხაზარაძე-ჭყონიები. მივუბრუნდები ჭუტა წერეთელს, ახლა მართალი კაცივით სამართლიანობაზე რომ ლაპარაკობს, ჭუტა წერეთელი არ იყო, არაბი ბიზნესმენი ქალი პინა მუნიანი 12 მილიონში რომ გადააგდო? ამაზე მთელი საქართველო ლაპარაკობდა და პრესაში მასალები იბეჭდებოდა. ააშენებინა სიგარეტის ქარხანა და მერე შევარდნაძის ჯალათები ჩააყენა ქარხანაში და არ შეუშვა ბიზნესმენი. დამიბრუნე ჩემი 12 მილიონი და არც ქარხანა მინდა და არც არაფერიო, ეხვეწა ქალი, მაგრამ არ დაუბრუნა. არაბმა ბიზნესმენმა ქალმა სასამართლოში უჩივლა წერეთელს და მოუგო, მაგრამ მაინც არავინ შეუშვა ქარხანაში და არც ფული დაუბრუნეს. შევარდნაძის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები ყველა ჭუტა წერეთლის ძმაკაცები იყვნენ და ყველა მოსყიდული ჰყავდა. მაგრამ მერე ეს ქარხანა სააკაშვილმა წაართვა. ხომ გითხარით, ჩვენ სახეზე გვაქვს ოლიგარქიული ომი-მეთქი, მაგრამ სააკაშვილისგან გაძარცვულ ბევრ ბიზნესმენს ისევ სააკაშვილის აქციაზე ვხედავთ. ამათ ხომ არაფრის სცხვენიათ. ეს იმიტომ, რომ ბიძინამ არ გაიკარა ბევრი მათგანი. ჭუტა წერეთლისა და შევარდნაძის შვილები ერთად არიან. ბიძინამ მათ თავის სალაფავში თითი არ ჩააყოფინა. ამიტომ ჩხუბობს თაკო ჩარკვიანიც, თორემ იდეები კი არ აწუხებს. ტირანმა შევარდნაძემ შექმნა სააკაშვილი სპეციალურად საბჭოთა ნომენკლატურისგან შექმნილი ოლიგარქების საკონტროლოდ და დასასჯელად. ახლა ეს უბადრუკები პარლამენტის წინ იკრიბებიან. ვეკითხები ევროპარლამენტარებს, მარტო ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს რომ ხედავენ, 1995 წელს შევარდნაძის იმედის პარლამენტი მთლიანად ოლიგარქებისგან არ იყო დაკომპლექტებული? იმ პარლამენტიდან არ მოგვევლინა რეფორმატორი სააკაშვილი? მაგრამ პოლიტიკური ილეთია ასეთი, რომ ყველაფერი ერთ ადამიანს გადააბრალონ. მაშინ, როდესაც ოლიგარქების მთელი კოჰორტა დაჯლიგინებს, მათ შორის მევახშე ბანკირები. საქართველო შევიდა კაპიტალიზმის მონოპოლისტურ სტადიაში. ეს რაც ხდება, ჩვეულებრივი მონოპოლისტების კონკურენციაა და მეტი არაფერი. ამიტომ მიდის ჭიდაობა ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებისთვის. თან „სირცხვილიას“ უსირცხვილოები ყველა აქციის მონაწილეს დემოკრატიისთვის მებრძოლთან აიგივებენ. დღეს რომ ხაზარაძისნაირებს მიტინგებს უვსებენ, ის ადამიანები პოლიტიკურად იმდენად უწიგნურები არიან, რომ კლასობრივი პოზიციის არმქონენი არიან და იმას არ ფიქრობენ ეს საწყლები, რა აქვთ საერთო ხაზარაძესთან, წარსული? ხაზარაძე „ობობა ბანკირი“ იყო და შენ კიდევ მის ქსელში რატომ ხარ გახვეული? ნუთუ, არ გახსოვს მის მიერ ბინებიდან გამოყრილი საწყალი ქალების კივილი? მათი ქონება ხაზარაძის ჯიბეებში წავიდა. 1991 წლის მდგომარეობით, როდესაც საბჭოთა კავშირის პრემიერმინისტრმა პავლოვმა ჩაატარა ფინანსური ხასიათის ცვლილებები, გაირკვა, რომ საქართველოს მოსახლეობას 12 მილიარდი საბჭოთა მანეთი ჰქონდა მაშინ. კურსი შეადარეთ, საბჭოთა მანეთის და ამერიკული დოლარის პავლოვის რეფორმამდე და მერე იქნებ მიხვდეთ, რა მოხდა საბჭოთა რესპუბლიკებში. პავლოვმა საქართველოში ეს რეფორმა შევარდნაძეს გაატარებინა. შევარდნაძემ შეუქმნა ნიადაგი ჩხარტიშვილებს, სიორიძეებს და მისნაირებს, ეძარცვათ საქართველოში მოსახლეობა. გულუბრყვილო ადამიანები იძარცვებოდნენ მთელი საბჭოთა მასშტაბით, ყველა საბჭოთა რესპუბლიკას ჰყავდა თავიანთი ჩხარტიშვილები. ჩხარტიშვილებმა და ვირიშვილებმა ქართველი ხალხის ანაბრები და ქონება წაიღეს და ასე დააგროვეს უზარმაზარი კაპიტალი. ახლა რა, მარტო ხოშტარიების გიკვირთ? ვითომ მარტო ხოშტარიები არიან რუსეთუმეები? მთელი ქართული ოლიგარქია, ივანიშვილის თამადობით, პრემიერ პავლოვის მეთოდებითა და ძალისხმევით ჩაისახა. დღევანდელი ზოგიერთი პარლამენტარი ოქროს სათვალეებით რომ დადის, ჰკითხეთ, გადეპუტატებამდე სად მუშაობდა, როგორ გახდა ოლიგარქი, ახლა რომ გაბღენძილი დადის და გაღატაკებულ მოსახლეობას ოქროს სათვალიდან უყურებს. თუ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გამაერთიანებელი ჰელმუტ კოლი არ ატარებდა ოქროს სათვალეს, შენ რა დამსახურება გაქვს, რა გზა გაიარე? რა და ბევრმა თქვენგანმა მევახშეობით არ იშოვეთ ეს ფული? ჰოდა, ახლა გაბრიყვებულებმა რუსთაველზე, პარლამენტის წინ იძახეთ, ევროპა გვინდა, ევროპა გვინდაო! ზოგიერთებმა კი – მიშა გვინდა, მიშა გვინდაო!
კომენტარები