თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში აცხადებს:
,,ამ ადამიანებთან, ვინც დარჩა ნაციონალურ მოძრაობაში და ვინც წამოვიდა ენმ-დან, მეგობრობას ვაგრძელებდი. ინფორმაციის დონეზე, რაც ხდებოდა – ყველაფერი ვიცოდი, თუმცა არ ვმონაწილეობდი პროცესებში. შესაბამისად, როცა დასრულდა 2016 წლის არჩევნები და ჯგუფებს შორის დაპირისპირებამ მიაღწია იმ ტემპერატურას, რომელსაც მიაღწია და მათი თანაცხოვრება ერთ პარტიაში უკვე შეუძლებელი იყო, მათ მიიღეს გადაწყვეტილება – ეს იყო ევროპული საქართველოს ნაწილი, რომ დაეტოვებინათ პარტია და გამოსულიყვნენ. ეს უკვე ის პერიოდია, როცა მე ნელ-ნელა ვხვდები, რომ მთლად ქართული პოლიტიკიდან ბოლომდე დისტანცირება არ გამოვა, იმიტომ რომ, საქართველო მიდის სადღაც და არასწორი მიმართულებით. შესაბამისად, როცა ჩამოყალიბდა ეს პარტია – ევროპული საქართველო, მე მათ მხარს ვუჭერდი კიდეც. ეს იყო ჩემი როლი… მე არ მიმიღია არანაირი მონაწილეობა ნაციონალური მოძრაობიდან ამ ჯგუფის [ევროპული საქართველო] გამოსვლაში. თუმცა ვიცოდი ამის შესახებ. ეს ვერსია არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას აწყობს, რომ ეს ვერსია არსებობდეს.
ძალიან სამწუხაროა რომ ასეთი ფორმები მიიღო ყველაფერმა. ევროპული საქართველო დაფუძნების დღიდან იყო საინტერესო ხალხით დაკომპლექტებული, ძალიან სერიოზული პოლიტიკოსები იყვნენ და ვფიქრობდი მაშინაც და ახლაც მიმაჩნია, რომ მაგ პარტიას წესით უნდა ჰქონოდა ყველა შანსი ყოფილიყო ერთ-ერთი წამყვანი ძალა ქართულ პოლიტიკაში, თუმცა რატომღაც ეს ასე არ მოხდა. 2016-ის მერე ვიხილეთ ორი არჩევნები, ამ პოლიტიკური პარტიის შედეგები მოდიოდა ქვევით, ქვევით, ქვევით და ბოლოს მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მქონდა საუბარი პარტიის ხელმძღვანელობასთან, სხვადასხვა ადამიანთან და ვთქვი ჩემი აზრი, რომ მათ ვერ მიაღწიეს არათუ წარმატებას, არამედ ყველა იმ რესურსის მიუხედავად, რაც ჰქონდათ, მათი შედეგები მცირდებოდა. შესაბამისად, მე მიმაჩნდა მაშინაც და ახლაც, რომ ალბათ რაღაც უნდა შეეცვალათ ხელმძღვანელობას თავის მიდგომებში, სხვა შემთხვევაში შეუძლებელია ხომ, თუ რაღაცას სწორად აკეთებ, მაშინ შედეგები უნდა უმჯობესდებოდეს. ნაწილმა მიიღო ეს, როგორც ჯანსაღი რჩევა, თუ გნებავთ კრიტიკა, ნაწილმა არ მიიღო და გაბრაზდნენ ამაზე და შესაბამისად, დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, სადაც ვართ, ისინი მე მაბრალებენ თავიანთ წარუმატებლობას, თუ იმხელა წარმატების ვერმიღწევას რაც მათ სურდათ, მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის ჩემი ბრალი. თავისუფალი ადამიანი ვარ და მაქვს უფლება გამოვხატო ჩემი აზრი”
კომენტარები