ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი, გიორგი ყუფარაძე.
– გიორგი, ე.წ. ხელისუფლება უკან არ იხევს, საერთაშორისო იზოლაციაში არიან, არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ უღიარებია საპარლამენტო არჩევნების შედეგები და „ქართული ოცნების“ გამარჯვება, შეჩერდა და მომავალშიც შეჩერდება ამერიკული და ევროპული დახმარებები, რომელთა უდიდესი ნაწილი, ბიუჯეტის გავლით, სხვა და სხვა პროექტების დაფინანსებას ხმარდებოდა, ასე თუ ისე, ხალხთან მიდიოდა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება აგრძელებს რეპრესიებს და იღებს ისეთ კანონებს, რომლებიც ცალსახად მხოლოდ დიქტატორულ ქვეყნებში აქვთ. ხალხი 2 თვეზე მეტია ქუჩაშია და ყოველდღე საპროტესტო აქციები იმართება. ხალხმა კიდევ რა უნდა გააკეთოს, რომ ახალი არჩევნების დანიშვნას მიღწიოს?
– ყველა უნდა გავიდეს ქუჩაში, ვისაც არ უნდა, რომ საქართველო დიქტატორულ ქვეყნად იქცეს. ამ კანონების მიღება ხალხის დაშინების მცდელობაა, მაგრამ ეს კანონები ხალხს ვერ შეაჩერებს. ახლახან მიიღეს კიდევ ახალი კანონები და ზოგი გაამკაცრეს, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია, ხალხი მაინც გამოდის და აპროტესტებს არალეგიტიმური ხელისუფლების არაკონსტიტუციურ ქმედებებს, რომელსაც უნდა, საქართველო რუსეთის გუბერნიად აქციოს და ცივილიზებულ სამყაროს ჩამოაცილოს. რამდენი უნდა დაიჭირონ? რამდენი უნდა დააჯარიმონ? რამდენი ადამიანი უნდა დაითხოვონ საჯარო სამსახურებიდან? ამ ყველაფრის ხალხს უკვე აღარ ეშინია. რამდენ ადამიანს, რამდენ ოჯახსაც გაამწარებენ, მერე ორჯერ და სამჯერ მეტი ხალხი გამოვა მათთან ერთად.
–გიორგი, ამბობ,რომ ყველა უნდა გავიდეთ ქუჩაში, ვისაც დიქტატურა არ უნდა. ეგ კარგია, მაგრამ არ გამოდიან ე.წ. ნეიტრალური ადამიანები. რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და პროტესტს შეუერთდეს?
– პროპაგანდა მუშაობს, ბევრი „იმედს“ და „პოსტივის“ უყურებს და სხვა არაფერს, ჰგონიათ, ქვეყანა ყვავის და ევროკავშირში თუ მიგვიღებენ, ეს „აყვავებული“ ქვეყანა თავზე დაგვემხობა. ამ პროპაგანდას უნდა ვაჯობოთ. „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, რომელსაც ხალხი აფინანსებს, უნდა გახდეს სახალხო ტელევიზია. თბილისშიც და განსაკუთრებით რეგიონებში, ბევრს არ აქვს საშუალება კომერციული ტელე–არხების პაკატები შეიძინოს. საიდან ექნებათ, ქვეყანაში 620 000 სოცდაუცველია და ერთი ამდენიც მათნაირად ცხოვრობს, გაჭირვებულად, მაგრამ ეს სტატუსი არ აქვთ. ეს ხალხი, ვისაც სახლში ტელევიზორი აქვს, მიჯაჭვულია „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რომელიც მიკერძოებულია და ხელისუფლების მხარეს არის. უნდა დაბალანსდეს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, სიმართლე უნდა უთხრან ხალხს და ეს ახალგაზრდები , ქუჩაში რომ დგანან, ხშირად უნდა მიიწვიონ. მერე გაიგებს ხალხი სიმართლეს და გამოვა გარეთაც. საჯარო სექტორში დასაქმებულებიც გაიგებენ სიმართლეს. საბოლოოდ, საყოველთაო გაფიცვამდე უნდა მივიდეთ და ეს აიძულებს „ხელისუფლებას“, ხალხის მოთხოვნები შეასრულოს. ის 3 საათიანი გაფიცვა, სიმართლე ვთქვათ, არ იყო გაფიცვა, ამან „ხელისუფლება“ ვერც კი შეაშფოთა. ხალხმა თვალი უნდა გაახილოს, სიმართლე უნდა დაინახონ. ქვეყანა დიქტატურისკენ მიდის და ეს უნდა შეაჩერონ. ამ ხალხს უნდა აუხსნან, რომ დიქტატურა მომავალში მათაც ცუდად შეეხებათ. თუ დიქტატურა დამყარდა, ამხელა ბიუროკრატიული აპარატი აღარ დასჭირდებათ. პირველ ეტაპზე, ძალოვანების გარდა, ყველა სამინისტროს, მერიის, გამგეობის თანამშრომლებს შეამცირებენ. მერე ძალოვანებსაც შეამცირებენ, რადგან აღარ იქნება პროტესტი და თუ იქნება, მცირერიცხოვანი. შესაბამისად, აღარ დასჭირდებათ ამდენი პოლიციელი და სუს–ის თანამშრომელი. მედია უკვე გაკონტროლებული ეყოლება რეჟიმს და ეს ხალხი, ხმას ვერავის მიაწვდენს, რომ სამსახურებიდან გაყარეს. ვერ გააპროტესტებენ, რადგან ზოგს დააჯარიმებენ და ზოგს დაიჭერენ. რეჟიმი საკუთარ მხარდამჭერებს სრესს და ეს უნდა იცოდეს ამ ხალხმა. აქვე ერთს ვიტყვი. 2009 წელს, 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ, ხალხში დიდი აგრესია გაჩნდა პოლიციის მიმართ, კუდ–ის, სპეცრაზმელების მიმართ, რომელთაც სასტიკად სცემეს ხალხი და 2 ადამიანის მოკლეს ააქციის დარბევისას. არც საჯარო მოხელეები ეხატებოდათ გულზე „ნაცებთან“ მებრძოლ და დაზარალებულ ხალხს, რადგან ისინი რეჟიმის მომხრეები იყვნენ. მიშა სააკაშვილმა, ვანო მერაბიშვილისა და დათა ახალაიას ინიციატივით, გაადაწყვიტა, გაემკაცრებინა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კანონები მათ დასაცავად. კანონპროექტიც შევიდა პარლამენტში, საჯარო მოხელისა და პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა სისხლის სამართლის კოდექსით უნდა დასჯილიყო, იყო სხვა აბსურდული მუხლებიც. მაშინ სააკაშვილმა, ვანო მერაბიშვილმა და დათა ახალაიამ ვეღარ გაბედეს ამ კანონების მიღება. საგარეო ზეწოლაც იყო და ხალხის პროტესტიც. რაც „ნაცებმა“ და სააკაშვილმა ვერ გაბედეს, ამათ გააკეთეს და დგანან ახლა და „ნაცებს“ აგინებენ. თან, „ქართული ოცნება“ ყველა დონეზე „ნაცებით“ არის გატენილი – პარლამენტი, სამინისტროები, გუბერნიები, გამგეობები, საკრებულოები, სიპ–ები და აიპ–ები. იმ პოლიციელთა და სპეცრაზმელთა მინიმუმ 70% ძველი კადრები არიან, რომლებიც „ნაცების“ დროსაც არბევდნრენ ხალხს, სცემდნენ და დღესაც იგივეს აკეთებენ. ესენი უარესს აკეთებენ, ვიდრე „ნაცები“. „ნაცებს“, ასე მასობრივად, ჟურნალისტები არ უცემიათ, არ დაუჭერიათ. ერთი „ფოტოგრაფების საქმე“ ოყო და საშინაო და საგარეო ზეწოლის მერე, ყველა ფოტორეპორტიორი გამოუშვეს ციხიდან. რაც დღეს პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების სახლების ჩხრეკის დროს ხდება, ეგეთი რაღაცები არ ხდებოდა. ჩხრეკისას ხალხმა ნივთები დაკარგა, თან ვერ გაიგებ, ვინ პოლიციელია, ვინ „ზონდერი“. ეს ნიღბიანი პოლიციელები საიდან მოიგონეს. სპეცრაზმელი მესმის ნიღბით, მაგრამ პოლიციელები პირველად ვნახე.
– ეს კანონები იმიტომ მკაცრდება, რომ კომფორტულად იყვნენ პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები და პოლიციელები. დღეს ქუჩაში ვეღარ გამოდიან ხალხის პროტესტის გამო. ვინც გამოვიდა, თავ-ბედი იწყევლა.
– კი, ასეა. რამდენს უძახა ხალხმა მონა და რუსი, რამდენი დეპუტატი და მინისტრი, მოსამართლე აწურეს ქუჩაში. აბუ–დაბიში მომხდარი ამბავი გაიხსენე, ირაკლი ზარქუამ და ვიქტორ სანიკიძემ რა ამბავი ატეხეს, რუსებოო, რომ დაუძახა ქართველმა ტურისტმა. ახლა შეგვხდება სადმე დეპუტატი, მინისტრი, მერი, დაუძახებ მონას და რუსს და ან ციხეში გაგიშვებენ, ან იმხელა ჯარიმას აგკიდებენ, სახლს გაგაყიდინებენ, ჯარიმა რომ გადაიხადო. „ქოცების“ „გამპრავებლები“ ამბობენ, ეგ ყველაფერი კანონიერად კეთდებაო. ამათთვის კანონია ამოსავალი წერტილი და არა სამართლიანობა. სხვათაშორის, ჰიტლერის გერმანიაში,“გესტაპოს“ ებრაელების, მათ შორის, ბავშვების ქუჩაში, სახლში და ყველგან დახვრეტის უფლება ჰქონდა, სადაც წააწყდებოდნენ და ეს კანონიერი იყო. თუმცა, ეს სამართლიანი იყო? ამ „გამპრავებლებს“ მინდა ვკითხო.
– კანონს იღებენ, რომლის თანახმადაც, დახურულ სივრცეში პოლიტიკურ აქციას ვეღაც გამართავ, თუ ობიექტის მფლობელის ნებართვა არ გაქვს. ეს რაღას ემსახურება?
– სტუდენტები უნივერსიტეტებში ატარებენ საპროტესტო აქციებს, რომ გამოაფხიზლონ ნეიტრალური სტუდენტები და ლექტორები. ამ კანონს მიიღებენ თუ არა, ყველა ეს პროტესტი შეწყდება, რადგან სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი უნივერსიტეტების მეპატრონე, სახელმწიფო, მათ აღარ მისცემს უფლებას, შენობის შიგნით აქცია გამართონ. ეს კანონი კერძო უნივერსიტეტის პროტესტანტ სტუდენტებსაც შეეხებათ. კერძო უნივერსიტეტების ნაწილს ამ ხელისუფლების მომხრეები ფლობენ და ისინი არ მისცემენ სტუდენტებს შენობაში პროტესტის უფლებას და დანარჩენი უნივერსიტეტის მფლობელებს, ვინც ამ ხელისუფლების მომხრე არ არიან ან ნეიტრალურია, მათ აიძულებენ იგივე გააკეთონ, არადა, პრობლემებს შეუქმნიან, ბევრი ბერკეტია მათ ხელთ და შესაძლოა, თითიდან გამოწოვილი მიზეზით დახურონ ან ისე გაუხადონ საქმე, გააკოტრონ. ვინც არ დაემორჩილება, არ გამოვრიცხავ ასეთები, ციხეშიც გაუშვან. ანალოგიურად იმოქმედებენ თეატრებზე, რადგან თეატრების შენობები ეკუთვნის სახელმწიფოს. დე ფაქტო ხელისუფლებას არც თეატრებში აწყობს პროტესტი, სპექტაკლები, რომლებიც რეჟიმს ამხელენ. რომელი თეატრიც შემოქმედებით ბრძოლას არ შეწყვეტს „ხელისუფლებასთან“, მათ, უბრალოდ, გაყრიან თეატრიდან, რეჟისორსა და დასს გაუშვებენ და მორჩილი რეჟისორებით და მსახიობებით დაკომლექტებულ ახალ დასს შექმნიან. მერე, რასაც უკარნახებს, იმ სპექტაკლებს დადგამენ. ეს არის ამათი გეგმა.
კომენტარები