ლატვიის პრემიერმინისტრი, არტურს კრიშიანის კარინში ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მე-6 პაკეტს მიესალმება და ამბობს:
“ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოს გადაწყვეტილი აქვს, რომ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებული აღარ იყოს. ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ქვეყნებმა ისეთი ინფრასტრუქტურა შექმნეს, რომელიც დიდწილადაა დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე და ჩვენ მას ძალიან სწრაფად ვშორდებით. ზოგიერთი წევრი ქვეყნისთვის ეს ადვილია, ზოგიერთებისთვის კი უფრო რთული პორტებისა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო, თუმცა, ყველა ერთი მიმართულებით მოძრაობს. რუსეთისთვის სანქციების მე-6 პაკეტის დაწესება ძალიან კარგია. ეს კიდევ ერთი სწორად გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის დაფინანსება კიდევ უფრო რთული გახდეს”.
მეექვსე პაკეტის მიხედვით დაწესებული სანქციებით ევროკავშირი რუსული ნავთობის საზღვაო გზით მიღებაზე უარს ამბობს. ამჟამად გამონაკლისი არის მილსადენი დრუჟბა, რომელიც უნგრეთის მთავარი ნავთობმიმწოდებელი ხაზია. ამ გამონაკლისის მეშვეობით, შესრულდა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მოთხოვნა, რომელიც სრულ ემბარგო ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს.
ამას გარდა, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის SWIFT-ის სისტემიდან გარიცხვას, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამი რუსული სამთავრობო არხის მაუწყებლობის შეზღუდვასა და უკრაინაში ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებას – სია მომდევნო დღეებში გამოქვეყნდება.
კომენტარები