საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობაზე. მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა. საუბარი, ასევე შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დოკუმენტის გაფორმების საკითხსა და სამხედრო განათლების სფეროში ურთიერთობების მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელი კოლეგის თბილისში მასპინძლობის იმედი გამოთქვა.
“ალია” შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ფაიგ გულიევი 2020 წლის 17 აგვისტოს დანიშნა! არჩილ თალაკვაძეც კი, ელჩს ჯერ კიდევ დეკემბერშივე შეხვდა! დღეს 3 თებერვალია და თავდაცვის მინისტრი, რომლის განცხადების საფუძველზეც დაიწყო დავით გარეჯის საქმის გამოძიება, მხოლოდ დღეს შეხვდა მეზობელი ქვეყნის ელჩს და ალბათ, გგონიათ, დავით გარეჯზეც ისაუბრეს? – არა.
საერთოდ საქართველოს ხელისუფლებიდან ვინმე ესაუბრება აზერბაიჯანს დავით გარეჯის მნიშვნელობაზე მაინც? – არ ვიცით, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს.
მეტიც, ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს საპატრიარქოსაც კი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება და პირდაპირ მოითხოვა საქართველოს ხელისუფლებისგან, გავგაგებინონ, დაიწყო თუ არა მოლაპარაკება, ამ ახალი გარემოების საფუძველზე. თუმცა, საქართველოს ხელისუფლება, დუმილის იმ უფლებას ინარჩუნებს, რომელიც უფლებაც მას არ აქვს.
კომენტარები