ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი მოძრაობა „ფარის“ თანადამფუძნებელი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე.
– ბატონო გიორგი, ამერიკის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალისტური მიზანია. ამ ბოლო დროს, ამერიკის პრეზიდენტი, მისი გარემოცვის წევრები, უკრაინისთვის არც თუ სახარბიელო და ურთიერთგამორიცხავი განცხადებებს აკეთებენ, მათ შორის, უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის კუთხით( ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსხვავებით). თქვენ როგორ ფიქრობთ, რუსეთ–ამერიკის მოლაპარაკებისას, უკრაინას ხომ არ დაჩაგრავენ?
– მოლაპარაკებები იქნება მძიმე და ასევე, მძიმე არჩევანი იქნება გასაკეთებელი ტაქტიკური დაგეგმარების პერიოდით დამთავრებული და მერე სტრატეგიული ხედვაა ჩამოსაყალიბებელი. ვფიქრობ, ამ პროცესში ამერიკის გამოცდილება გაცილებით მეტია, ვიდრე უკრაინისა. შესაბამისად, ამერიკის გარანტიის ქვეშ, იქნება გარკვეული ტაქტიკური დათმობები იმ მიზნით, რომ უკრაინამ მიიღოს დრო განვითარებისთვის, შემდგომ ჩადოს ძალისხმევა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს უკრაინისთვის მისაღები ვარიანტია, რადგან ის ვეღარ ანხორციელებს სიღრმისეულ ოპერაციებს, თუ აქვს წარმატება ფრონტზე უდიდესი ძალისხმევის და ზარალის ხარჯზე და ეს ომი შესაძლოა, წლობით გაგრძელდეს. ეს ის ვითარებაა, როდესაც უკრაინა მზად არ არის გამარჯვებისთვის და რუსეთს ძალა აღარ შესწევს გამარჯვების მოსაღწევად. მე დარწმუნებული ვარ, უკრაინა დასავლეთის სათანადო მხარდაჭერის შემთხვევაში, ახლო მომავალში შესძლებდა შეიარაღებული ძალების სრულ მობილიზაციას, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას და ყველა ტაქტიკური მიზნის მიღწევას, მაგრამ ვხედავთ, რომ ვითარება შეიცვალა და უკრაინა ომის შეწყვეტისთვის მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთოს. რუსეთის ეკონომიკას ახალ რელსებზე გადასვლისთვის შესაბამისი ფინანსები არ გააჩნია. ევროპა და ამერიკა რუსეთში ინვესტიციებს არ ჩასდებენ და არც ჩინეთი იკლავს ამისთვის თავს. რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება იძულებულია გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, შეარბილოს რეჟიმის წნეხები, დემოკრატიული ელემენტები შეიტანოს ქვეყნის მართვაში, შესაძლოა,პოლიტპატიმრების ნაწილიც გაათავისუფლოს.
– ანუ ფიქრობთ, რომ ამ მოლაპარაკების ერთ–ერთი თემა, შესაძლოა, რუსეთის გადემოკრატიულებისა და გაკეთილშობილების მცდელობა იყოს?
– კი, მაგას ვამბობ. პუტინი ასაკშია და ცას არ გამოეკერება. მალე რუსეთში ხელისუფლების ცვლა იქნება შესაძლებელი. არ ვიცით, რუსეთში პროცესები როგორ განვითარდება, რაც დიდი რისკის მატარებელია. არც იმას მოველი, რომ რუსეთში კარდინალურად შეიცვლება სიტუაცია და რაიმე სიღრმისეულ განვითარებას მიაღწევს, თუმცა, გარკვეული სახის ცვლილებები შესაძლებელია. აქედან გამომდინარე, მშვიდობიან პერიოდში, როდესაც ზავი დაიდება, ვფიქრობ, რომ უკრაინელებს ექნებათ შანსი, რომ მეტი დახმარება და ინვესტიცია მოიპოვონ და გაძლიერდნენ, რუსეთი იქნება დასავლეთისგან მუდმივად წნეხის ქვეშ, ის არ იქნება დასავლეთისთვის სანდო პარტნიორი, უკვე აღარც უალტერნატივო პარტნიორია ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების კუთხით და აქედან გამომდინარე, მისი ფინანსები კვლავ შეზღუდული იქნება. ვფიქრობ, მოლაპარაკებისას, უკრაინა კურსკს გაცვლის რუსეთის მიერ ოკუპირებულ და დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებულ რომელიმე ტერიტორიაში, მიიღებს წვდომას ყირიმის სახმელეთო გზაზე, რომელიც რუსებმა ომის დაწყებისთანავე დაიკავეს. დონეცკის და ლუგანსკის თვითაღიარებულ რესპუბლიკების ტერიტორიებზე მუდმივად იქნება პრობლემები, ისინი უფრო უკრაინაზე არიან მიბმულნი ეკონომიკურად, რუსეთს არ ექნება იმის საშულება, ამ რეგიონებში განახორციელოს დამატებითი ინვესტიციები და იქ ხალხის მუდმივი უკმაყოფილება იქნება. ეს პრობლემები რუსეთისთვის, ამ რეგიონებისთვის მით უფრო რთული იქნება, თუ მათ გვერდით იქნება ეკონომიკურად განვითარებული და დემოკრატიული, ევროპული ტიპის უკრაინის სახელმწიფო. მომავალში ასეთი უკრაინა კი ნამდვილად ეყოლება რუსეთს მეზობლად. სამომავლოდ, ამ გზით, უკრაინას ექნება შესაძლებლობა, მშვიდობიანად დაიბრუნოს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები. უკრაინას, ალბათ, მოუწევს ყირიმის აღიარება რუსეთის შემადგენლობაში. თუმცა, ვფიქრობ, სამშვიდობო მოლაპარაკების მთავარი საკითხი იქნება ცეცხლის შეწყვეტა და არა ტერიტორიების გადანაწილება, ეს არ არის ახალი ტერიტორიების დაკანონების მოლაპარაკება.დიახ, ეს იქნება მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის და არა ახალი ტერიტორიებისა და ახალი კონფიგურაციების დაკანონების შესახებ. აქედან გამომდინარე, უკრაინას ყოველთვის ექნება საშუალება, გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე და მიზანს მიაღწიოს პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით. შესაბამისად, მე არ მეშინია, რომ უკრაინის ინტერესები იქნება უგულველყოფილი და რუსეთი დარჩება გამარჯვებული.
– ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ უკრაინას შეიარაღებას მისცემს და ბოლომდე დაეხმარება რუსეთთან ომში, თუ ამერიკა მიიღებს უფლებას, უკრაინაში მოიპოვოს ნახევარი ტრილიონი დოლარის წიაღისეული. ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ ამერიკელი ლიდერები. ჯერ არ აქვთ რუსეთ–უკრაინის ომის მიმართ ჩამოყალიბებული მკაფიო პოლიტიკა თუ ეს ერთგვარი მოთელვაა და თან რუსეთის რეაქციას სწვლობენ ამ განცხადებებზე?
– არა, ამერიკას მკაფიო პოზიცია აქვს ამ ომის და უკრაინის მიმართ. ამერიკა ეცდება რაც შეიძლება მეტი დაათმობინოს რუსეთს, როდესაც საქმე სადავო ტერიტორიების საკითხზე მიდგება. რუსეთმა კარგად იცის, რომ ამ ომის გაგრძელებას მისთვის კარგი არაფერი მოჰყვება და თუ გაჯიუტდა და მართლა იქამდე მიიყვანა საქმე, რომ ამერიკამ და ევროპამ მკვეთრად გაზარდონ უკრაინის სამხედრო დახმარება, უკრაინის სამხედრო წარმატებების კვალდაკვალ, რუსეთს ეკონომიკის კოლაფსი შორს აღარ იქნება. ამდენს კი ხვდებიან რუსეთის ხელისუფლებაში, ასე მგონია. რაც შეეხება ამ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ამერიკელი პოლიტიკოსებისას, მინისტრებისას და სხვა გავლენიანი პირებისას, ეს შეიძლება არც მისდევდეს იმ დინამიკას, რაც მოლაპარაკების მაგიდასთან შეიძლება იყოს. მკაფიო განცხადებებს არავინ აკეთებს, ლამის რებუსებით ლაპარაკობს ბევრი პოლიტიკოსი და ასეთ დროს, სრული სიმართლე კულუარებშია, რომელიც ეტაპობრივად გახდება ცნობილი. ეს განცხადებები ამიტომაც სტოვებს სპეკულაციებისთვის ფართო ასპარეზს. საერთოდ კი, სჯობს, შედეგებს დაველოდოთ. უკრაინელებზე მეტად მათ ინტერესებს ვერ დავიცავთ და იმავე ამერიკის თავდაცვის მდივნის განცხადება საგანგაშო რომ იყოს, პირველები ამაზე უკრაინელები ატეხდნენ განგაშს. მე ეჭვი არ მეპარება, ამ განცხადებების მიუხედავად, უკრაინელები მოლაპარაკებისას ყველაფერ იღონებენ, რომ მაქსიმუმს მიაღწიონ.
– იმავე პიტ ჰეგსეტმა, ამერიკის თავდაცვის მდივანმა განაცხადა:“ნატო უფრო ძლიერი, უფრო ლეტალური ძალა უნდა იყოს და არა დიპლომატიური კლუბი. დროა, მოკავშირეებმა გამოწვევას უპასუხონ“. ერთი, რომ ლეტალური მომაკვდინებელს ნიშნავს და მეორეც, რა გამოწვევებზე საუბრობს პიტ ჰეგსეტი? ნატო ვინმესთან ომისთვის ხომ არ ემზადება?
– მოკლედ, ცივი ომის დასრულების შემდეგ, ნატო–ს ქვეყნებში შემცირდა შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა, სამხედრო ხარჯები, მოთხოვნები შეიარაღებული ძალების მზადყოფნასთან დაკავშირებით, შემცირდა ნატო–ს სადაზვერვო სამსახურების ხარჯები. აგერ, ავღანეთის მისიების დროს, ჩვენ ვხედავდით რამდენად პრობლემური იყო ევროპული ქვეყნებისთვის სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტება. ჯამში, ამ ყველაფერმა გამოიწვია ნატო–ს სამხედრო ძლიერების, მისი სამხედრო მზადყოფნის შემცირება და შესუსტება. კი, ნატო ერთგვარად პოლიტიკურ და დიპლომატიურ კლუბად იქცა, პიტ ჰეგსეტი ამაშიც მართალია. ნატო–ში ხშირი იყო საუბრები დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და სხვა ამგვარ საკითხებზე და ისინი უფრო პრიორიტეტული იყო, ვიდრე ბლოკის სამხედრო ძლიერება. ჯერ ნატო–ს წევრ თუ კანდიდატ ქვეყნას სამხედრო–ტექნოლოგიურ მიღწევებში, ზოგადად, სამხედრო კუთხით მოძლიერებაში უნდა დაეხმარო და მერე სხვა რაღაცაში. ვფიქრობ, ნატო არავისთან ომისთვის არ ემზადება ამ ეტაპზე, მაგრამ ეს სამხედრო ბლოკი მზად უნდა იყოს ნებისმიერი გამოწვევისთვის. ნატო–ს კონცეპტუალური ხედვა ის არის, რომ რომელიმე ქვეყანამ გულშიც კი არ გაივლოს ნატო–ს წევრ რომელიმე ქვეყანასთან აგრესია. შეგახსენებთ, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის წევრთა განცხადებებს, რომ რუსეთი თავს უნდა დაესხას ბალტიისპირეთის ქვეყნებს, დაიპყროს და რუსეთის გავლენის ქვეშ დააბრუნოსო. ამ ტიპის განცხადებებსაც კი ვერ უნდა ბედავდეს ვერც ერთი სახელმწიფო ნატო–ს წევრ ქვეყანაზე, ის იმდენად ძლიერი უნდა იყოს. ნატო რამდენჯერმე უნდა აღემატებოდეს მის პოტენციუს მოწინაღმდეგეებს, დავუშვათ, რუსეთს, ირანს, ჩინეთს, რომ მათმა ამჟამინელმა თუ მომავალმა ლიდერებმა, გულშიც კი არ გაივლონ ნატო–ზე თავდასხმა.
კომენტარები