„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, სოსო ცინცაძე.
– ბატონო სოსო, რეგიონში დაწყებული კონფლიქტი რა გავლენას მოახდენს საქართველოზე და რა საფრთხეებს უნდა ველოდოთ?
– ქართული დიპლომატიის სერიოზული გამოცდა იქნება ეს კონფლიქტი .საქართველომ ამ სამკუთხედში, თბილისი–ბაქო–ერევანი, უნდა დაიკავოს ის ადგილი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურ უსაფრთხოებას. რატომ? საქართველოსთვის ერთნაირად დამღუპველი იქნება რომელიმე ერთი მხარის დახმარება კი არა, პოზიციის გაზიარებაც კი. ჩვენ უნდა დავიკავოთ სრული ნეიტრალიტეტი და არც ერთმა მხარემ არ უნდა ჩაგვითრიოს თავის სასარგებლოდ კონფლიქტში. აქ იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ საქართველომ შესაძლოა, რომელიმე მხარეს ღია მხარდაჭერა გამოუცხადოს. ეს არ მოხდება, მაგრამ უმნიშვნელო შეცდომამ, შესაძლოა, კონფლიქტის მონაწილე და მხარე გაგვხადოს. ჩვენი პროვოცირება, შესაძლოა, ერთმა მხარემაც სცადოს და მეორემაც. ასეთ პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ და არც სხვა შეცდომა უნდა დავუშვათ. ღმერთმა ნუ ქნას და, თუ კონფლიქტი გამწვავდა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ყველაზე უარესი, საშინელი სცენარი ის იქნება, რომ რუსეთი არაფრად ჩააგდებს საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს გავლით სომხეთში ჯარს შეიყვანს, ეს კი პრობლემებს შეგვიქმნის აზერბაიჯანთან. რუსეთს ხელს არ აძლევს არც ერთი მხარის გამარჯვება. რუსეთს უნდა, რომ თავისი გავლენის ქვეშ ჰყავდეს სომხეთი და გარკვეული გავლენა აზერბაიჯანზეც ჰქონდეს. სომხეთის გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი სრულად დაკარგავს აზერბაიჯანზე გავლენას. ქართულ დიპლომატიას თუ ხელეწიფება, მომრიგებლის როლი უნდა შესთავაზოს ორივე მხარეს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება, საერთაშორისო დონეზე ავტორიტეტი აგვიმაღლდება.
– ორივე ქვეყანა გვესაზღვრება და თუ დიდი ომი დაიწყო, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრისპირა რეგიონებიდან, ხალხი ჯავახეთსა და ქვემო ქართლს მოაწყდება…
– ომზე როდესაც ვლაპარაკობთ, იქ ყველაფერი ცუდია მოსალოდნელი. საქართველოს ხელისუფლება უარს ვერ ეტყვის თავშესაფარზე აზერბაიჯანელ და სომეხ მშვიდობიან მოქალაქეებს, ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს, რომლების ომს გამოექცევიან. კი, ომის შემთხვევაში საზღვრებს ჩავკეტავთ, მაგრამ გვექნება ჰუმანიტარული დერეფანი, რომ მშვიდობიან მოსახლეობას გადარჩენის შანსი მივცეთ და შევიფაროთ. ამას საერთაშორისო ხელშეკრულებები გვავალდებულებს. ასევე, ჩვენთან კომპაქტურად ცხოვრობენ აზერბაიჯანელები და სომხები, გულზე არ ეხატებათ ერთმანეთი და შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე მათ შეტაკებებს ჰქონდეს ადგილი. ამან კი მშვიდობიანი მოსახლეობა შეიწიროს. თურქეთი არ შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტს. თურქეთის პრეზიდენტი, ერდოღანი საბაბს ეძებს, რომ კონფლიქტში ჩაერიოს. თუ ეს მოხდება, საქართველოსთვის ძალიან ცუდი იქნება. თურქეთზე საქართველოს იმპორტის დიდი წილია დამოკიდებული, რა აღარ შემოგვაქვს თურქეთიდან, განსაკუთრებით, კვების პროდუქტები და არსებობს საფრთხე, რომ თურქეთიდან პროდუქციის შემოტანა შეფერხდეს. შესაძლოა, გარკვეული სახის პროდუქცია გაძვირდეს თურქეთში. შესაძლოა კი არა, ასე მოხდება, თუ თურქეთმა იომა. მაშინ თურქეთში ბევრ რაიმეს ვეღარ ვიყიდით და ბევრსაც ძვირად ვიყიდით, ეს კი ჩვენს მოსახლეობას დაარტყამს. აზერბაიჯანთანაც გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები და ესეც შეწყდება. ესეც ხალხს და ეკონომიკას დაარტყამს.
ლევან ჯავახიშვილი, ალია №35
კომენტარები