სომხეთის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.
საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრების შემდეგ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული რეგიონში სრული მშვიდობის დამყარება, მშვიდობის დამყარებაზე კი, ეკონომიკური განვითარება და ახალი რეგიონული გეგმები.
მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია ყველასთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ირღვევა ყველა საერთაშორისო ნორმები და პრინციპები, “რაზედაც აგებულია საერთაშორისო წესრიგი და უსაფრთხოების არქიტექტურა”.
“ჩვენი რეგიონის მომავალი მჭიდროდაა დამოკიდებული მშვიდობიან გარემოზე და ვიმედოვნებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად გაგრძელდება. ამ კუთხით მივესალმებით ევროკავშირის ჩართულობას და ვიცით, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული რეგიონში სრული მშვიდობის დამყარება, მშვიდობის დამყარებაზეა დამოკიდებული ეკონომიკური განვითარება და ყველა ის ახალი გეგმები, რომლებიც რეგიონს ეხება და მას სამომავლო ძალიან დიდ პერსპექტივას უქმნის.
შეხვედრებისას ჩვენ ხაზი გავუსვით ქვეყნებს შორის არსებულ კავშირებსა და თანამშრომლობის ზრდის პოტენციალს – სატრანსპორტო და მაღალი ტექნოლოგიების სფეროებში. ეს ის სფეროებია, რომლებიც იძენენ დღეს ახალ დატვირთვას და რომლის განვითარებაზეც შევჯერდით. რეგიონის სატრანზიტო პოტენციალი, ახალი ინფრასტრუქტურული ქსელები და ენერგეტიკის ახალი გზები ჩვენ ქვეყნების მაღალ ინტერესს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ.
აღვნიშნეთ, საქართველოში არსებული ყველა პირობა, რათა სომხური წარმოშობის ქართველმა მოქალაქეებმა შეინარჩუნონ საკუთარი ენა და კულტურა და ამავდროულად, შეძლონ ქვეყნის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღება. ამ კუთხით, ძალისხმევა არ შენელდება.
ჩვენს ქვეყანაში სომხური და აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალქეების თანაცხოვრება ქვეყანაში შექმნილ შემწყნარებლურ გარემოზე მეტყველებს და კავკასიის რეგიონისთვის კავკასიის ტრადიციის გამგრძელებელ პოზიტიურ მაგალითს წარმოადგენს”.- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
კომენტარები