რეპროდუქტოლოგი და მეან- გინეკოლოგი ქალბატონი დიანა ჭანუყვაძე გამორჩეული პროფესიონალი და საოცრად გულისხმიერი ექიმია, რომელიც პაციენტებთან განსაკუთრებული მიდგომებით გამოირჩევა. მის პაციენტებს შორის არიან ქალბატონები მრავალწლიანი უშვილობის პრობლემით, რომლებმაც დედობით გამოწვეული სიხარული სწორედ დიანა ექიმის დამსახურებით გამოსცადეს. ,,უანგარო, ექიმი, მაღალი ზნეობრივი თვითშეგნებით და დიდი გამოცდილებით…“, „თქვენთან ურთიერთობა ყველასთვის დიდი სიამოვნებაა, ეს გზა რომ კიდევ ასჯერ მქონდეს გასავლელი, ყოველთვის თქვენ აგირჩევდით…“, „სიტყვები არ მაქვს იმის გადმოსაცემად, თუ რა გრძნობის მოზიარე გამხადა დიანა ექიმმა…“ – ეს სიტყვები დიანა ჭანუყვაძის მადლიერ პაციენტებს ეკუთვინით, რომელთა სია საკმაოდ გრძელია.
დიანა ჭანუყვაძე: წარმოშიბით ვარ ბათუმიდან, საშუალო სკოლის წარჩინებით დასრულების შემდეგ ჩავაბარე თბილისში საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც ასევე წარჩინებით დავამთავრე. 2004-2009 წლებში გავიარე რეზიდენტურა რეპროდუქტოლოგიის განხრით, რომლის ძირითადი ბაზა იყო ი. ჟორდანიას სახელობის რეპროდუქციის ინსტიტუტი, ასევე ენდოკრინოლოგიის და სამეანო-გინეკოლოგიური ბაზები. 2009 წელს ავიღე ლიცენზია რეპროდუქტოლოგად მუშაობისთვის და ჩავაბარე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეანობა-გინეკოლოგიის და რეპროდუქტოლოგიის კათედრის დოქტორანტურაში. დისერტაცია დავიცავი 2012 წელს აქტუალურ თემაზე „კორელაციები ჰიპერანდროგენიზმის კლინიკურ და ჰორმონალურ მახასიათებლებს შორის” პროფესორ ჯენარა ქრისტესაშვილის ხელმძღვანელობით. პარალელურ რეჟიმში გავიარე რეზიდენტურის საკვალიფიკაციო კურსი მეანობა-გინეკოლოგიაში და მაქვს, როგორც რეპროდუქტოლოგის ასევე მეან-გინეკოლოგის ლიცენზია. 2014 წელს ისრაელში ქ. თელ-ავივში სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე სურასკის სამედიცინო ცენტრში გავიარე ინ-ვიტრო განაყოფიერების საკვალიფიკაციო კურსი, 2017 წელს უკრაინაში ქ. კიევში კლინიკა “ისიდაში” ასევე ინ-ვიტრო განაყოფიერების კვალიფიკაციის ამაღლების კურსი. ჩვენი პროფესია მოითხოვს მუდმივ პროფესიულ ზრდას და სიახლეების გაცნობას ამიტომ მუდმივად ვცდილობ გავიარო სხვადასხვა ტრენინგები, ამ ეტაპზე გავდივარ ესპანეთის IVI-კლინიკის კურსს „ინ-ვიტრო განაყოფიერების სიახლეები“. მონაწილეობა მიმიღია ბევრ კონფერენციაში, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. ვარ ESHRE – ევროპის რეპროდუქტოლოგიის და ემბრიოლოგიის ასოციაციის – წევრი, რაც საშუალებას მაძლევს მუდმივად ვიყო ინფორმირებული სიახლეების შესახებ, მივიღო მონაწილეობა ვებინარებსა და ტრენინგებში. 2011-2016 წწ. გახლდით ჟორდანიას ინსტიტუტის ექიმი, სადაც ჩაიყარა ჩემი დამოუკიდებელი საექიმო პრაქტიკის საფუძვლები, ხოლო 2016 წლიდან შემოვუერთდი ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის გუნდს ბატონ არსენ გვენეტაძის ხელმძღვანელობით, სადაც დღემდე ვმოღვაწეობ. აქ არის თანამედროვე აპარატურა და ყველა პირობაა შექმნილი პაციენტის სრულფასოვანი კვლევის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. პაციენტებს შეუძლიათ მოგვმართონ ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობისთვის, ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის, გინეკოლოგიური პრობლემებით, ბავშვთა და მოზარდთა რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიური პრობლემით, ესთეტიკური ენდოკრინოლოგია (აკნე.ჰირსუტიზმი), კლიმაქტერული სინდრომით. ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა გახლავთ: ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ევროპის ლიგის მიერ სერტიფიცირებული ცენტრი ასევე ორსულობის ჩვეული შეწყვეტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის (RPL) საერთაშორისო ცენტრი.
– თქვენი სახელი დღეს ბევრი პაციენტისთვის იმედის და ახალი შანსის ნიშანია, რა დგას თქვენი წარმატების უკან?
– ავირჩიე პროფესია, რომელიც მიყვარს და შევქმენი ჩემი წარმატების ფორმულა: თავდაუზოგავი შრომა; მუდმივი ძიება და სწავლა ახალი ტექნოლოგიების, ბევრი სირთულის გადალახვა, უზღვავი ენერგია და რაც მთავარია, სიამოვნების მიღება პაციენტებთან ურთიერთობით და ჩემი ყოველდღიური საქმიანობით, ვფიქრობ ამ ყველაფრით სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაში ჩემი წვლილი შემაქვს.
– თქვენი პრაქტიკიდან ყველაზე რთული ქეისი თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ?
– ჩვენს კლინიკაში, როგორც წესი, მარტივი პაციენტები არ მოგვმართავენ, მათ უმრავლესობას წლების მანძილზე მოვლილი აქვთ არაერთი კლინიკა და ექიმი, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. მყავს პაციენტები მრავალწლიანი უნაყოფობით, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც 20 წელზე მეტი შვილის მოლოდინში იყვნენ და ჩვენი დახმარებით ეზიარნენ დედობის ბედნიერებას. პაციენტები, რომლებსაც რამდენჯერმე შეუწყდათ ორსულობა, არიან ფსიქოლოგიურად დათრგუნულები და გადაღლილები. მათთან მუშაობა დიდ ძალისხმევას და პროფესიონალიზმს მოითხოვს. როდესაც შვილის მომლოდინე დედები გეუბნებიან, რომ შენს იქეთ გზა აღარ აქვთ და ბოლო ექიმი ხარ ვისთანაც მივიდნენ, ყველაფერს აკეთებ შედეგის მისაღწევად.
– როგორ აწვდით პაციენტს მის მდგომარეობას?
– არასდროს ვპირდები პაციენტებს 100%-იან შედეგს. მათი ასაკიდან, ანამნეზიდან და დიაგნოზიდან გამომდინარე ვაწვდი ინფორმაციას სტატისტიკურად რამდენი პროცენტი აქვთ ორსულობის მიღების შანსი სხვადასხვა მეთოდით, რომელი მეთოდი არის მათთვის უმჯობესი. თუ შედეგი ვერ მივიღე, პაციენტი ჩემგან უკმაყოფილო არ უნდა წავიდეს, მან უნდა იგრძნოს, რომ მე მთელი ამ ხნის განმავლობაში ბოლომდე მის გვერდით ვიდექი და ყველაფერი გავაკეთე შედეგის მისაღებად.
– თქვენი დაკვირვებით, უშვილობის გამომწვევი ძირითადად რა პრობლემები გხვდებათ?
– უშვილობა არის წყვილის პრობლემა. დაახლოებით წყვილების 15% ში გვხდება უნაყოფობა. სტატისტიკურად 30% არის ქალის უნაყოფობა, 30% მამაკაცის უნაყოფობა, 40% ორივე ერთად და გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა. ქალის უნაყოფობა ხშირად განპირობებულია ჰორმონალური დარღვევებით, ანოვულაცია, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, საკვერცხეების რეზერვის შემცირება, ენდომეტრიოზი, მენჯის ანთებითი დაავადებები. მამაკაცებში გვხვდება დარღვევები სპერმოგრამაში (ოლიგოასთენოსპერმია, აზოოსპერმია) რაც შეიძლება იყოს განპირობებული ჰორმონალური დარღვევებით, სათესლე ჯირკვლების პათოლოგიით, გარემო ფაქტორების, ტოქსიკური ნივთიერებების, ყოველდღიური სტრესული გარემოთი.
– რა არის თქვენი კოზირი დღეს, ამ ძალიან კონკურენტულ გარემოში?
– ჩემი მთავარი უპირატესობაა, აბსოლუტურად გამჭვირვალე მუშაობის პროცესი, პატიოსნება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პროფესიონალიზმი. მუდმივად ვვითარდები, გავდივარ ტრენინგებს, ვეცნობი სიახლეებს, რაც მაძლევს საშუალებას მაქსიმალურად ავუწყო ფეხი თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში არსებულ მიღწევებს.
– რომელია საუკეთესო რეპროდუქციული ასაკი?
– საუკეთესო ასაკია 18-35 წლები. 35 წლამდე კვერცხუჯრედების მარაგი ოპტიმალურია, დრო კი შვილის გაჩენისთვის საუკეთესო. 35 წლიდან 38 წლამდე შვილოსნობის უნარი იწყებს კლებას. 38 წლიდან საკვერცხეებში კვერცხუჯრედების რაოდენობაც და ხარისხიც მკვეთრად იკლებს. 40 წლის ზევით ბუნებრივი გზით ორსულობის დადგომის ალბათობა 5%-ზე ნაკლებია, 44 წლის ზევით 1%-ზე ნაკლები. 1 წლის განმავლობაში დაუცველი ურთიერთობის შემდეგ თუ არ შედგა ორსულობა ეს უკვე უნაყოფობაა და საჭიროა რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია. 35 წელს ზემოთ აქტიური სქესობრივი კავშირიდან 3-6 თვის განმავლობაში თუ არ შედგა ორსულობა უნდა მიმართოს პაციენტმა რეპროდუქტოლოგს.
– მრავალნაყოფიან ორსულობაზე რამდენად დიდია მოთხოვნა?
– ადრე უფრო ხშირი იყო ეს მოთხოვნა, ახლა როდესაც ვუხსნით პაციენტებს, რომ ტყუპი ორსულობა არ არის მარტივი, რადგანაც მეტი გართულებებია როგორც ნაყოფის მხრიდან, ასევე დედის მხრიდან მათი უმრავლესობა აცნობიერებს ამ სირთულეებს და გადაწყვეტენ, რომ მხოლოდ ერთი ემბრიონი გადავიტანოთ (ინ ვიტრო განაყოფიერების გზით მართულ პაციენტებთან). ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კანონიც არის უკვე, რომ მხოლოდ ერთი ემბრიონი იყოს გადატანილი საშვილოსნოს ღრუში. ბუნებრივი გზით მიღებული მრავალნაყოფიან დედიკოებს ნუ შეეშინდებათ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათი ორსულობის სწორი მართვისთვის და მათაც უნდა შეასრულონ რეკომენდაციები.
19 წლის ლოდინის და რთული გზის შემდეგ, ნანატრი გიორგი
– თუ დაგითვლიათ, სულ რამდენი ოჯახი გაგიბედნიერებიათ?
– ბოლო 3-4 წლის სტატისტიკით დაახლოებით, 500 ოჯახში დაიბადა პატარა ჩემი და ჩემი პაციენტების ერთობლივი შრომით, რადგანაც პაციენტის ნდობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წარმატების მიღწევაში.
– თქვენთვის რა არის ბედნიერება და თავად რამდენი შვილის დედა ხართ?
– ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა ექიმობა და ის საქმე, რასაც ვემსახურები. ბავშვობიდან ვოცნებობდი ექიმობაზე, სულ პატარა ვიყავი ნემსის გაკეთება რომ ვისწავლე და სამედიცინო ლიტერატურას ვეცნობოდი. პრაქტიკულად, თავისუფალი დრო სხვა არაფრისთვის მრჩება. მყავს მეუღლე და ორი შვილი, 21 წლის ვაჟი და 15 წლის გოგონა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მათ ჩემი გრაფიკის გაძლებისთვის და მუდმივი მხარდაჭერისთვის.
წარმატებას ვუსურვებ ყველა წყვილს, ბედნიერებაა გახდე მშობელი!
ნინო სამხარაძე
კომენტარები