არსებობენ დაავადებები, რომლებიც ქრონიკულია და ვერ ვიტყვით, რომ მისი განკურნება ამ ეტაპზე შესაძლებელია, თუმცა, დღეს ეს უკვე აღარ არის განაჩენი. დღევანდელი მედიცინის პირობებში, ქრონიკულ დაავადებას, მკურნალობის პირობებში, აღარ ახასიათებს ქრონიკული სიმპტომები, ან ქრონიკული ტკივილი. დროული დიაგნოსტირების და სწორი მკურნალობის პირობებში, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს შეუძლიათ ისეთივე ქმედუნარიანები იყვნენ, როგორც ამ დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე.
ერთ–ერთი ასეთი დაავადებაა რევმატოიდული ართრიტი. რა სიმპტომები ახასიათებს, რომელი კვლევა გვეხმარება აღმოვაჩინოთ ადრეულ სტადიაზე, არსებობს თუ არა პრევენცია და რა არის მთავარი პირობა მისი მკურნალობისას – „ალიას“ ამ და სხვა კითხვებს, ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი–რევმატოლოგი, ია დემურაშვილი პასუხობს.
ია დემურაშვილი საქართველოს რევმატოლოგთა ლიგის დამფუძნებელი და ევროპის რევმატოლოგთა ასოციაციის წევრია, ასევე მულტიცენტრული კლინიკური კვლევების მკვლევარი.
– რა არის რევმატოიდული ართრიტი, რამდენად ხშირია ეს დაავადება და ვინ არის რისკ-ჯგუფში?
– რევმატოიდული ართრიტი მულტიფაქტორული ავტოიმუნური სისტემური დაავადებაა. უპირატესად სახსრების დაზიანებით მიმდინარე, თუმცა, სხვა ორგანოებსაც აზიანებს
ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულია ანთებითი ართრიტი, რომელიც ქრონიკულია და აღენიშნება საერთო პოპულაციის 1 %–ს.
რაც შეეხება რისკ–ჯგუფებს, რამდენიმე ძირითადი ფაქტორია:
- გენეტიკური – ოჯახური ანამნეზი იწვევს ართრიტის 2-4 ჯერ მომატებულ რისკს პირველი რიგის ნათესავებში.
- გარემო ფაქტორები – მოწევა და ჭარბი წონა ასოცირდება ართრიტის მომატებულ რისკთან. სხეულის მასის მომატებული ინდექსი ასოცირდება ანთებითი მარკერების მატებასთან.
- ინფექცია და სტრესი მიჩნეულია რევმატოიდული ართრიტის მაპროვოცირებელ ფაქტორად.
– რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს ყურადღება პაციენტმა და როდის უნდა მიმართოს ექიმს?
– აქტიური სიმეტრიული ართრიტი რომელიც გრძელდება 6 კვირაზე მეტხანს, საყურადღებოა.
რაც შეეხება სიმპტომებს:
- ერთ საათზე მეტხნიანი დილის შებოჭილობა;
- მტევნის და ტერფის წვრილი სახსრების დაზიანება გამოიხატება ტკივილით შეხებისას, ან მოძრაობითი ვარჯიშების შესრულებისას;
- დაავადების პროგრესირებასთან ერთად დაზიანებები ვრცელდება უფრო დიდი კალიბრის სახსრებზე: მაჯის, იდაყვის, კოჭ-წვივის, მუხლის და ზოგჯერ მხრის და მენჯ-ბარძაყის სახსრებზეც;
- დაავადებას რეციდიულ-რემისიული, პროგრესირებადი ხასიათი აქვს და საბოლოოდ იწვევს დაზიანებული სახსრების შეუქცევად დეფორმაციას და ინვალიდობას.
– რევმატოლოგიური ართრიტის სისტემური გამოვლინებები როგორ შეგვიძლია დავახასიათოთ?
– ვლინდება ძალიან აქტიური დაავადების შემთხვევაში, როდესაც ჩართულია დიდი რაოდენობით სახსრები, გამოვლინებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს სახსარგარე სიმპტომებს, ისეთებს, როგორიცა:
ვასკულიტი; პლევრიტი; პერიკარდიტი; ფილტვების ინტენტერსტიციული დაზიანება; თვალის ანთებითი დაავადებები: სკლერიტი და უვეიტი.
– როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა ნიუ ჰოსპიტალსში – რა ანალიზები და კვლევები ტარდება?
– რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტირება ჩვენს კლინიკაში ხდება რევმატოლოგიის ამერიკული კოლეჯისა (ACR) და „ევროპული ლიგა რევმატიზმის წინააღმდეგ“-ის (EULAR) კრიტერიუმებზე დაყრდნობით. რაც მოიცავს, დიაგნოზის დასმას კლინიკური, ინსტურმენტული და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე. კონკრეტულად რა ტიპის კვლევები და ანალიზები უნდა გამოვიყენოთ, ამას ადგენს ექიმი ინდივიდუალურად.
კრიტერიუმების მისადაგების შემდეგ, ნებისმიერი პაციენტი, რომელსაც კვლევების მიხედვით, აქვს ექვსი ან მეტი ქულა, მიიჩნევა რევმატოიდული ართრიტით დაავადებულად.
კრიტერიუმების მისადაგებამდე, პაციენტს თუ აღენიშნება, მინიმუმ, ერთი სახსრის სინოვიტი, ამის გამომწვევი ყველა სხვა მიზეზი უნდა გამოირიცხოს.
კვლევები მოიცავს:
რევმატოიდული ფაქტორი: დადებითი (პაციენტების 60-70%-ში) CCP-ციკლური ციტრულინებულ პეპტიდს – დადებითი (პაციენტების 70%-ში)
ულტრასონოგრაფია – ულტრაბგერა იძლევა პროგნოზულ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია პროგრესირებასთან (მაგ., სინოვიტის გამოვლენა). ეს შეიძლება იყოს მონიტორინგის სასარგებლო ინსტრუმენტი.
რენტგენოგრაფია: კლასიკური ცვლილებები ხელის და მაჯის პოსტერო-ანტერიულ სურათებზე; ავლენს ეროზიებს ან ძვლოვანი დეკალციფიკაციას პროცესში ჩართულ სახსარში ან მასთან ძალიან ახლოს. სახსრების მრტ კვლევა – ხშირ შემთხვევეაში შესაძლებელს ხდის ადრეულ დიაგნოსტიკას
დაავადების აქტივობის ქულა (DAS).
დაავადების აქტივობის ქულის 28-სახსრის დათვლის ვერსია (DAS28).
დაავადების კლინიკური აქტივობის ინდექსი (CDAI).
დაავადების აქტივობის გამარტივებული ინდექსი (SDAI).
პაციენტთა რუტინული შეფასების მონაცემთა ინდექსი.
– რა სპეციალური მეთოდები და ტექნოლოგიებია დანერგილი ნიუ ჰოსპიტალსში რევმატოიდული ართრიტის მკურნალობისთვის?
– მსუბუქად მიმდინარე რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში მკურნალობა იწყება ერთი სინთეზური DMARD-ით. აქაც, ექიმი, შეფასების შემდეგ, ინდივიდუალურად ადგენს, კონკრეტულად რომელს გამოიყენებს და რა დოზით. თუ პაციენტს აქვს ზომიერი მძიმე ფორმა – პრიორიტეტი ენიჭება იმ მედიკამენტებს, რომლებიც დადასტურებულია რომ ამცირებს რევმატოიდული ართრიტით დავადებულ პაციენტებში სისტემურ გამოვლინებებს, მათ შორის გულსისიხლძარღვთა და ფილტვის ინტესტიცულ დაავადებებს.
ნიუ ჰოსპიტალსში, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად მოწმდება პაციენტი B და C ჰეპატიტის სტატუსზე, კეთდება ტუბერკულინის კანის სინჯი (PPD), სისხლის საერთო ანალიზი (FBC) და ღვიძლის ფუნქციური ტესტები (LFT). ეს კვლევები ექიმს ეხმარება, სწორად შეარჩიოს მკურნალობის კურსი.
აქვე ვიტყვი იმასაც, რომ მკურნალობის დროს რეგულარულად ხორციელდება მონიტორინგი. თუ პაციენტს არა აქვს გაუმჯობესება ან არასაკმარისად რეაგირებს მედიკამენტზე, მურნალობაში სქემაში უნდა ჩართოს ექიმმა ბიოლოგიური აგენტი.
– არის თუ არა შესაძლებელია სრულად განკურნება, თუ მხოლოდ სიმპტომების კონტროლი შეგვიძლია?
– რევმატოიდული ართრიტი არის ქრონიკული დაავადება რომლის სრული განკურნება არ ხდება, ჩვენი მიზანია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პაციენტს ჰქონდეს დაავადების სრული რემისია, თანაც ხანგრძლივად.
– როგორ ხდება დაავადებული ადამიანისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება? რა რეკომენდაციები შეგვიძლია მივცეთ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ დიაგნოზი, ან ჯერ არ დაუწყიათ მკურნალობა?
– ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაკავშირებულია გაუმჯობესებულ შედეგებთან და წარმოადგენს მართვის მნიშვნელოვან ნაწილს. გამოკვლევა და მკურნალობა არ უნდა გადაიდოს რევმატოუდული ართრიტის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების მოლოდინში; თუმცა, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ 6 კვირამდე ხანგრძლივობის არადიფერენცირებული
პოლიართრიტი სპონტანურად ჩაცხრება.
აუცილებელია მიზნობრივი მკურნალობა – რეკომენდებულია დაავადების აქტივობის ხშირი მონიტორინგი ვალიდირებული ინსტრუმენტების გამოყენებით და მკურნალობის მოდიფიკაცია დაავადების აქტივობის მინიმიზაციის მიზნით, წინასწარ განსაზღვრული სამიზნის მიხედვით.
– არის თუ არა რაიმე პრევენციული ღონისძიებები და რა არის ის მთავარი პრინციპი, რაც უნდა დავიცვათ?
– არ არსებობს რევმატოიდული ართრიტის პირველადი პრევენციის ზომები. მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, პაციენტთა შრატში სეროლოგიური მარკერები (რევმატოიდული ფაქტორი, ანტიციკლური ციტრულინირებული პეპტიდი [ანტი-CCP] ანტისხეულები) დაავადების განვითარებამდე წლების განმავლობაში ცირკულირებს.
პაციენტებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ან შემცირდეს ექიმის რჩევის გარეშე, მაშინაც კი, თუ სიმპტომები ბევრად გაუმჯობესებულია ან თუ ფიქრობენ, რომ აქვთ რემისია.
მთავარი პირობა, ხანგრძლივი, სრული რემისიისთვის, მუდმივი მონიტორინგია.
(R)
კომენტარები