სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც საუბარია იმის შესახებ, რაზეც შესაძლოა არც კი დავფიქრებულვართ. თითქოს ყველამ ვიცით, რომ თუ ელექტროენერგიის მოხმარებას დავზოგავთ, გარემოსაც ნაკლებ ზიანს მივაყენებთ და საკუთარ ბიუჯეტსაც გავუფრთხილდებით, თუმცა, ამისთვის მცირედს, ან უმეტესად, არაფერს ვაკეთებთ.
კამპანიის ,,აიჩემე დაზოგვა“ ინიციატორი ენერგო-პრო ჯორჯიაა, ამიტომ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს, ავთო დვალიშვილს დავუკავშირდით რამდენიმე კითხვით.
– ძალიან ეფექტურად არის ვიდეოში ახსნილი როგორ უნდა დავზოგოთ ელექტროენერგიის მოხმარება. რატომ გახდა ახლა საჭირო ამ კამპანიის დაწყება?
– მადლობა ვიდეოს შეფასებისთვის. ვფიქრობ, ამ თემის დრო ყოველთვის არის. ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და ზოგჯერ შეხსენება გვჭირდება იმის, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ გარემოს, ადამიანებს და თუნდაც საკუთარ ბიუჯეტს. ამიტომ გადავწყვიტეთ კამპანიის გაკეთება.
– რამდენი ხანი გაგრძელდება კამპანია?
– თითქმის 10 თვე. სხვადასხვა ფორმით შევახსენებთ ადამიანებს ელექტროენერგიის მოხმარების დაზოგვის სიკეთეს.
– ვიდეოში ნაჩვენებია, რომ არ უნდა დავტოვოთ დენის წყაროში თუნდაც ტელეფონის დამტენი ჩართული, რამდენად რეალურია, რომ ამით ადამიანი საკუთარ ბიუჯეტსაც დაზოგავს?
– ნამდვილად რეალურია და ჩვენი კამპანიის მანძილზე აუცილებლად გვექნება ამ თემაზე საუბარი. ახლა დეტალებს არ მოვყვები. დაგველოდეთ, ამ თემებს საკმაოდ საინტერესოდ გავშლით.
– დაინტერესებულმა ადამიანებმა სად უნდა გადევნონ თვალყური?
– ენერგო-პრო ჯორჯიას ფეისბუკ გვერდზე.
კომენტარები