რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკურ ჯგუფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ დღევანდელ შეხვედრაზე, მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იყო სწორედ ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის შემცირების პრობლემა. საქმე იმაშია, რომ საქართველოში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც განსხვავდება ყველა წამყვანი ევროპული ქვეყნებისგან და ვისაუბრეთ, თუ როგორ შევამციროთ ეს დაწოლა.
ამისათვის ბევრი პირობაა ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ, კოვიდ-სასტუმროები, რომელთა გამოყენება ბევრად უფრო ეფექტურად შეიძლება და ასევე ბინაზე მკურნალობის კრიტერიუმები.
ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა, რათა ჩვენ მოსახლეობას განვუმარტოთ, რომ საშიშროებას არ წარმოადგენს და აუცილებელი არ არის იყო ჰოსპიტალში იმისათვის, რომ შენი დაავადება მართო, შესაძლებელია იყო ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროში განხორციელდეს ეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი მიდგომით დავიცავთ იმ ადამიანებს, ვისაც მართლა ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, 24-საათიანი მეთვალყურეობა საავადმყოფოში და იმიტომ, რომ ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია ამას ვერ ახერხებს. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. კიდევ გაგრძელდება მსგავსი შეხვედრები. დაახლოებით, 1 კვირის განმავლობაში უკვე უნდა მთლიანად ჩამოყალიბდეს ყველა ეს კრიტერიუმი, რაზეც პრემიერმა ისაუბრა და ვფიქრობ, იმ პირობებში, როდესაც დაგეგმილია ტესტირების რაოდენობების გაზრდა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს,“
“ალია” შეგახსენებთ, რომ ინფიცირებულთა მართვას მთლიანად აკონტროლებს სახელმწიფო და არა რამე ტიპის საზოგადოება და ხალხის ნაწილი, შესაბამისად, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა გადაიყვანოს კლინიკაში, ვინ არა და რატომ. პასუხისმგებლობაც გადაყვანილ და გადაუყვანელ პაციენტებზე მთლიანად სახელმწიფოს ეკისრება.
სამწუხაროდ, ისევ უამრავი ადამიანი წერს, რომ ვერ ახერხებენ ექიმთან დაკავშირებას, შესაბამისად, ვინ უნდა გადაწყვიტოს პაციენტთა ბედი – უკვე გაუგებარია, რა გზით უნდა გადაწყვიტოს ხალხმა თავად, სად დაწვება, სახლში თუ კლინიკაში, კიდევ უფრო გაუგებარია!
ასე, მოდიან თავისით, აღებენ კარს, შედიან და წვებიან? – როგორ ხდება, აგვიხსენით! ინფიცირებული მომღერალი წერდა, კოვიდი რომ დამიდგინეს და სახლში გამიშვეს, სახლამდე 10-მდე კილომეტრი ფეხით ვიარე, ტაქსს ხომ არ გავაჩერებდიო, გამომიშვეს ფეხით, წამოვედი უხმოდ და სიცხიანმა, დასუსტებულმა კილომეტრები ფეხით ვიარეო… არ შევვარდილვარ და არ დავწოლილვარო, არაო!
2 დღეა უკვე დაგვძახიან, რომ აი, ხალხს ვერ გააგებინეს, ხალხს უნდა აუხსნან, ხალხს უნდა ელაპარაკონ და რა ვერ გაიგო ხალხმა? უამრავმა ადამიანმა გადაიტანა ვირუსი სახლში და კოვიდსასტუმროში, უამრავმა ადამიანმა გადაიტანა ვირუსი ისე, რომ ექიმთან საუბარიც ვერ მოახერხა. უამრავი ადამიანი წერს რომ სიცხე აქვს და ტესტირებაზე 10 დღის მერე დაიბარეს, 10 დღის მერე! მეტი რა გინდათ ხალხმა რომ გაიგოს?
ხალხს აუხსნათ კი არა, იქნებ, ექიმები დასვათ ბატონებო, გაიდლაინებით აღჭურვილი ექიმები, ვინც დაადგენს, გადასაყვანია თუ არა პაციენტი, ხომ არ სჭირდება ფსიქოლოგი, დროულად უნდა უზრუნველჰყოთ ანალიზების აღება, იმ ანალიზების აღება, რომლებიც პროტოკოლებში შეიტანეთ და პროცესი უნდა მართოთ, თორემ, თუ ჩვენ უნდა ვმართოთ პროცესი, გვითხარით პირდაპირ, რა შემოვლით გვესაუბრებით!
ის ჯანდაცვის სისტემა ამბობთ, ხალხს ვერ გავაგებინეთო, 12 წლის ბავშვი, რომელსაც დიალიზი სჭირდებოდა, იმ კლინიკაში რომ მიიყვანა, სადაც დიალეზი არ იყო? სერიოზულად?
რა გითხრათ, მულო შენ გეუბნები და რძალო შენ გაიგონეო, ეგ პრინციპია, ალბათ!
კომენტარები