სამხედრო საქმის ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
“იქნება თუ არა პირდაპირი კორელაცია სირიაში მიღებულ გამოცდილებასა და გენერალ დვორნიკოვის მიერ უკრაინაში განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციების ხასიათს შორის ამას მომდევნო რამდენიმე დღეში ვნახავთ. მაგრამ გარკვეული წინასწარი პროგნოზები შეიძლება გაკეთდეს:
– დვორნიკოვს ექნება გარკვეული ავტონომია და დაჯგუფების ხელმძრვანელობასა და გენერალურ შტაბს შორის გაიმიჯნება კომპეტენციები. აპრიორი ეს გააუმჯობესებს მართვის ხარისხს და ცალკეული საბრძოლო ოპერაცია დაგეგმილი იქნება რეალობის უფრო რეალისტური აღქმის საფუძველზე. გაუმჯობესდება კორდინაცია ცალკეულ მიმართულებებსა და მხარდამჭერ ქვედანაყოფებს შორის. გამოიკვეთება დარტყმის ძირითადი მიმართულება.
– საბრძოლო მოქმედების თეატრზე ფართოდ იქნება გამოყენებული მცირე ტაქტიკური ჯგუფების სიღრმისეული ოპერაციები, დივერსიები, რეიდები, სხვადასხვა დასახლებული პუნქტების დაკავებისა და შემდეგ მცირე ბრძოლებით დატოვების ეფექტები. მოხდება ზუსტი, წერტილოვანი დარტყმების ინტესივობის ზრდა. ოპერაციები თავდაპირველად არ იქნება მიბმული ტერიტორიების დაკავების ამოცანებს და ძირითადად ორიენტირებული იქნება უკრაინული სამხედრო ძალებისა და ინფრასტრუქტურის მაქსიმალურ დაზიანებაზე. დაიწყება ქალაქისა და დასახლებების პოლიტიკური ლიდერებისა და ავტორიტეტების განადგურება. სამხედრო ოპერაციის სახე მიეცემა უკრაინელების გადმობირებას.
-დვორნიკოვი შეეცდება შეცვალოს სამხედრო ლიდერების დამოკიდებულება ძალების რიცხოვნობის მიმართ და დაამკვიდროს შეზღუდული კონტიგენტით ბრძოლის ტაქტიკური კულტურა.
თუმცა, ეს ყველაფერი არის, მხოლოდ შესაძლო ჩანაფიქრის აღწერა და რამდენად მოახერხებს ამის პრაქტიკაში განხორციელებას ერთი გენერალი, წინასწარ თქმა ძნელია. იმედი მაქვს, რომ ვერა. თუმცა იმედის გარდა არის შეფასების შესაძლებლობაც, მაგალითად 2008 წლის ფიასკოს შემდეგ, რუსები შეეცადენ გაეტარებიათ სიღრმისეული რეფორმები თავდაცვის სფეროში, მაგრამ სერდიუკოვი, ძლიერი და მართლაც სწორი ნაბიჯების შემდეგ, გენერალიტეტის საბოტაჟამდე მისული პროტესტისა და სამხედრო სამრეწველო კომპლექსის დაუფარავი აგრესიული დამოკიდებულების ფონზე, განთავისუფლებული იქნა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან. ყველა რეფორმა გაჩერდა და თავდაცვის სამინისტრო ძველ ჭაობის სიწყნარეს დაუბრუნდა. შედეგს ვხედავთ. დვორნიკოვს ძალიან გაუჭირდება დაქვემდებარებული სამხედრო ლიდერების წინააღმდეგობის დაძლევა, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ის დიდი ალბათობით დაიღლება და გარდაქმნების ნაცვლად დაიწყებს, მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის, შედეგების იმიტაციას. ამასთანავე მისი მტერია თავდაცვის მინისტრის აპარატი და გენშტაბი. რუსებს არ უყვართ “ვისკაჩკები”, რუსეთში ბრძოლის ველზე კარიერის გაკეთებას ვერ იტანენ. სამხედრო ელიტაში მხოლოდ პარკეტზე დაბადებული, გაზრდილი და გამოწრთობილი გენერლების ადგილია. ეს მტრობა, პრაქტიკაში იქნება საჭირო რესურსების შეფერხებებით და არასრულად მიწოდება. რაც დაღს დაასვამს საბრძოლო ოპერაციების მსვლელობას. დვორნიკოვს მუდამ მოუწევს პირადად დახარჯოს დრო და ენერგია რესურსების მისაღებად. რაც ასევე მალე გამოფიტავს მის როგორც ახალი ცოცხის ენერგიას.
რამდენად არიან მზად უკრაინელები დარჩენ ძველებურად ეფექტურები ახალი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ამას დრო გამოაჩენს. უკრაინა აგრძელებს ახალი, ძლიერი არმიის ფორმირების პროცესს, როგორც ჩანს ისინი გააგრძელებენ მოწინააღმდეგის გამოფიტვის სტრატეგიას და ჯერ არ შეეცდებიან სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდებას. მხოლოდ სრულად მზადყოფნის შემთხვევაში დავინახავთ ცვლილებებს უკრაინის შეიარაღებულ ძალების ტაქტიკაში.
ცვლილებები იკვეთება დიდი სტრატეგიასა და პოლიტიკის კონტექსტში, მაგრამ ანალიზი სხვა სტატუსში.”
კომენტარები