დღეს საღამოს “ალიას” კასპის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებმა მომართეს, აი, ეს წყალი მოდის მათ ონკანში:
“მცირეწლოვანი შვილი მყავს, ბავშვი მომეწამლა, ვცდილობ, ეს წყალი არ დავალევინო, ვყიდულობ დასალევ წყალს, მაგრამ ხილის, ბოსტნეულის გასარეცხად, დასაბანად ამ წყალს მაინც ვიყენებთ, არ ვიცი უკვე ვის მივმართოთ, ახლაც, ამ არჩევნების წინაც თუ არაფერს გააკეთებდნენ, ნამდვილად არ გვეგონა. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს”, – ამბობს ქალბატონი.
“მთელი ცხოვრება ვმუშაობდი, ბოლოს გამოგვიცხადეს სახელმწიფოს უჭირს და მათხოვრული პენსია უნდა გქონდესო, უნდა აირჩიო, წამალს იყიდი, თუ პურსო… ახლა წყალიც გაგვიხდა საყიდელი… ჩვენ ვერ ვყიდულობთ წყალს, ამიტომ იძულებულნი ვართ ეს წყალი დავლიოთ, როდის დავიხოცებით, არ ვიცით… ჩვენი თავი ჯანდაბას. სოფლებში ცოტა თუ ახერხებს წყლის ყიდვას, უმეტესობა იძულებულია, ეს წყალი დალიოს, მერე იტყვიან დაავადებები რატომ მომრავლდაო – შეიძლება ასეთი წყალი დალიო და არაფერი დაგემართოს?” – გვიყვება ასაკოვანი მამაკაცი.
“ალიამ” სცადა სწრაფად მოეხდინა რეაგირება, დავურეკეთ კასპის მერს, ბატონ თამაზ ტატანაშვილს, რომელიც, ამას წინათაც დაგვპირდა ერთი საკითხის განხილვას (მაშინ განაცხადა, დღეს ვისვენებ და ხვალ დაგირეკავთო), თუმცა, არ გაარკვია.
ამჯერად, როგორც კი გაიგო, რომ ჟურნალისტი ვიყავი, არ მცალიაო და გამითიშა! ჭიქების ჭახაჭუხი და ჩანგლების წკარაწკური კი მესმოდა, მაგრამ რას გავუგებ მე კასპის მერს, იქნება ზრდილობის შემსწავლელ კურსებზე დადის და არ სცალია, მართლაც. მივწერე, რომ მის სოფლებში ხალხი იწამლება, არც ამ მესიჯის მერე მიპასუხა.
გადავწყვიტე მოადგილისთვის დამერეკე – შევედი ისევ მუნიციპალიტეტის გვერდზე – მერის მოადგილის ზაზა მარიდაშვილის ტელეფონის ნომრის ბოლო ციფრს მერია არ ასახელებს, მართლა, არ ვხუმრობ, აი, თავად ნახეთ:
577 72 20 0… ვცადე ერთი-ორი კომბინაცია, მაგრამ ვერ გავარტყი.
გადავწყვიტე კასპის მერიის სოც. ქსელში მომეძიება საკონტაქტო ნომრები და მოვიძიე 3 ნომერი, ერთმა არ მიპასუხა, ორთან საუბარს კი ძალიან სასაცილოს დავარქმევდი, სატირალი რომ არ იყოს:
მოვუყევი წყალზე, მპასუხობს:
-მე შვებულებაში ვარ ახლა, არ ვმუშაობ და ამიტომ არ ვიცი, ხვალ გავალ სამსახურში და შეგატყობინებთ.
-თუ შეიძლება იმის ნომერი რომ მომცეთ, ვინც არაა შვებულებაში, ვინც მუშაობს, ჩათვალეთ უწყლოდაა სოფლები დატოვებული, ან მოწამვლა ემუქრებათ…
-ჩემი ნომერი ვინ მოგცათ?
-ბატონო?
-ჩემი ნომერი ვინ მოგცათ?
-საჯარო პირი ხართ, რას ჰქვია თქვენი ნომერი ვინ მომცა, ბირჟაზე კი არ ვრეკავთ, ან ნათესავთან, ან საჭორაოდ.
-წესიერად მელაპარაკეთ…
-უწესოდ რა გითხარით?
-მე შვებულებაში ვარ და ვინ მოგცათ ჩემი ნომერი?
-ვინ მომცემდა, ქალბატონო, დაწყნარდით, თქვენივე სამსახურის გევრდზეა მითითებული.
-მერე სხვა ნომერი არ ეწერა იქ? იმათ დაურეკეთ….
აჰა, ანუ, ეწყინა, მას რომ დავურეკე, კარგი დავურეკე მეორეს, მოვუყევი ისევ იმ სიტუაციაზე რაც მათ რაიონში ხდება, ამან კიდევ უფრო საცინარ-სატირალი პასუხი გამცა, ეს საერთოდ, ქალაქელია და სოფლის წყალი არ ეხება:
-მე სოფელში არ ვცხოვრობ, მე ქალაქში ვარ, კასპში – მპასუხობს.
-ბატონო?
-სოფელში არ ვცხოვრობ, დაურეკეთ სოფლის მოსახლეობას და ისინი დაგეხმარებიან?
-რითი?
-მოგიყვებიან.
-ქალბატონო, ისინი უკვე მომიყვნენ და იქეთ არიან დასახმარებელნი თქვენთან ვრეკავ რეაგირებისთვის. თქვენ კასპის მერიის თანამშრომელი არ ხართ?
-კი, ვინ მოგცა შენ ჩემი ნომერი? ვინ გარეკინებს?
-ქალბატონო, თქვენივე სამსახურის გვერდზეა მითითებული.
-მე წყალი არ მეხება.
-რა გეხებათ?
-შენ ვინ გეკითხება, მე რა მეხება? გეუბნები, წყალი არ მეხება.
-სხვა სფეროშიც ბევრი პრობლემაა, ამიტომ, რომ ვიცოდე რა პრობლემის დროს უნდა დაგირეკოთ თქვენ, იქნებ, მითხრათ თქვენ რა გეხებათ?
-მე წყალი არ მეხება… რა შენი საქმეა რა მეხება?
-ხელფასის აღება ხომ გეხებათ, ქალბატონო და ყავის დალევა სამსახურში?
გამითიშა…
რამდენიმე წამში, ზარია ჩემ ტელეფონზე, მამაკაცის მირეკავს:
-ვინ ხარ შენ, სად რეკავ?
-თქვენ ვინ ბრძანდებით?
-მე იმის მამა ვარ, ვისაც აწუხებ, ჩამოვალ და აგაფეთქებ, ქალო, მითხარი ვინ გარეკინებს და რა გინდა ჩემ შვილთან… იცი, რას გიზამ? რა წყალი, რა სოფლები, რაში ეხება ეგ ჩემ შვილს…
ვთხოვე ნორმალურად ესაუბრა და ისევ დაიწყო ყვირილი, შენ მე არანორმალური დამიძახეო, არ იცი შენ მე რას გიზამო…
შევახსენე, რომ მისი შვილი, რომელმაც ისიც კი არ იცის, რა ევალება და რისთვის უხდიან ხელფასს, საჯარო მოხელეა.
მგონი, ვერ გაიგო, საბოლოო ჯამში, იმანაც გამითიშა.
მოკლედ, შედეგი – ნული.
მერს არ სცალია.
მოადგილის ნომერს ციფრი აკლია.
სამი თანამშრომლიდან ერთი ქალაქელია და არ იცის რა ეხება, მეორე იმაზე დარჩა ნაწყენი, სამი ნომერი რომ ვნახე, რაღა მაგას დავურეკე და სხვას არა.
კასპის მერიის ოფიციალურ გვერდზე მითითებული ნომრიდან, დამირეკა მამაკაცმა, გამირჩია საქმე, დამემუქრა ცემით, აფეთქებით და მლანძღა… წესით ახლა საპატრულო პოლიცია უნდა მყავდეს იმ ოჯახში გაგზავნილი, მართლა მეშინია თავს რამე არ აუტეხონ, რა გაათენებს ამეღამ იმაზე ნერვიულობით, ვინ მარეკინებს და საიდან გავიგე მაგათი ნომრები, აი, ტა-ტა-ტა…
აი, საიდან გავიგეთ, ეს “საიდუმლო” ნომრები:
როგორც მივხვდი, იმდენად არიან მიჩვეულნი უსაქმურობას, რომ საქმიანი ზარი ვერც წარმოიდგინეს, რომ შეიძლება არსებობდეს. წარმოდგენაც არ მინდა, მოსახლეობას როგორ უპასუხებენ.
ახლა ვზივარ და ვფიქრობ, წყლის მილები კი არა, კასპიდან სასწრაფოდ ხალხია გამოსაყვანი და გასარჩენი, ამათ ხალხის ბედი წამითაც როგორ უნდა ანდო? სასწრაფოდ უნდა გამოვიყვანოთ კასპის მოსახლეობა და თვითმმართველობას მთლიანად რომ შევცვლით, მერე დავაბრუნოთ!
მანამდე კი, კასპი ეპიდაფეთქების საშიშროების წინაშეა, იმედია, კასპის მერმა ის მაინც იცის, რომ ეპიდემია, მხოლოდ კორონავირუსი არ არის და ხალხი თუ დაეწამლა მასიურად წყლით, მერე თითზე კბენა გვიანი იქნება, სკამს რომც შეელიოს, ეგ არ უშველის, მინიმუმ სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით მოუწევს პასუხისგება, სახელმწიფოს კი მოუწევს ყველა იმ ოჯახის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, რომლებზეც არ იზრუნა და ასეთ დროს გასაჭირში მიატოვა თვითმმართველობამ.
რაც შეეხება კასპის მერს, რომელმაც როგორც ჩანს, იცის, რომ მომავალ წელს, თვითმმართველობის არჩევნებზე მაინც ვეღარ გაიმარჯვებს და არ აინტერესებს, არც ხალხი, არც საზოგადოება, არც მედია – სანამ კასპის მერიაში დაიწყებდა მუშაობას, ვნახოთ სად მუშაობა მანამდე, მერე, მცირედით მაინც გახდება გასაგები რატომ ფიქრობს, რომ ყველაფრის უფლება აქვს. იგი კომუნისტური რეჟიმიდან მოყოლებული, შევარდნაძისა და სააკაშვილის მართველობის დროის ჩათვლით, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კადრი იყო. 1986 – 2006 წწ.
შეგახსენეთ, ცოტა ხნის წინ, კასპის მერიაში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, კასპის მერიაში მივიდნენ დევნილები, ვიდეოში ჩანს რომ დევნილებს უკეთიათ პირბადე, ხოლო მერიის თანამშრომლებს არა, მერიის თანამშრომლები შლიან ხელებს და ყრიან ხალხს ქუჩაში, აქ არაა ადგილიო, ეუბნებიან. ერთმა თანამშრომელმა, რომ ვეღარაფერი მოიფიქრა, ქალბატონს ნიშნისმოგებით უთხრა, ბარემ, “ტრუსიკი ჩაგეცვაო” …
“ტრუსიკი” და ნიფხავი და შენობიდან ხალხის გაყრა კი არა, მაგ ხალხმა აგირჩიათ და ხალხისაა ეგ მერიის შენობაც, ისე ნუ იზამთ, მართლა კინწისკვრით გამოგყაროთ ხალხმა მაქედან!
თამო კეშელავა, ალია
კასპის მოსახლეობას შეუძლია შეგვეხმიანოს ნომერზე – 555 46 08 04 – ჩვენ, თქვენი მერიისგან განსხვავებით, ვმუშაობთ, არც იმას გკითხავთ, ვინ მოგცათ ჩემი ნომერი და მერე ჩემი ნომრიდან, არც გავეშებული მამაკაცი დაგირეკავთ გინებით.
კომენტარები