რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დღეს ვიდეოპრესკონფერენციაზე სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობაზეც ისაუბრა.
„დღეს შვეიცარიის საელჩოში მოქმედებს რუსეთის ინტერესების სექცია და მოსკოვში ქართული ინტერესების სექცია, ელჩები არ გვყავს. მუშაობენ სექციის ხელმძღვანელები. ეს იძლევა კავშირების შენარჩუნების საშუალებას. თუმცა, ეს რომ სრულყოფილი საელჩო ყოფილიყო, მაშინ ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული საკითხების გადაწყვეტა უფრო ოპერატიულად და ეფექტურად იქნებოდა შესაძლებელი“, – განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, თუ საქართველო რუსეთს სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნას შესთავაზებს, მოსკოვი ამ საკითხის განხილვისთვის მზად არის.
ასევე, სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ რუსეთი და საქართველო ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს უახლოეს პერიოდში მოაგვარებენ.
„რუსეთი საქართველოსთვის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორია. საქართველო იღებს გაზპრომისგან გაზს, ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტებია. სამწუხაროდ, ჯერ არ არის ავიამიმოსვლა. მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანში ეს პრობლემა მოგვარდება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რუსოფობური კამპანია არ იყოს“, – განცხადა ვიდეოპრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა.
კომენტარები