ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
“ყველა “სიკეთესთან” ერთად, ეს ომი არის საბჭოთა ტექნიკისა და ამუნიციის გადამამუშავებელი კონვეიერი.
როცა ადამიანები საუბრობენ, ბუკები რომ მიგვეცა, მერე ჩვენ რომ დაგვჭირდეს, რა გამოვიყენოთო, მათთან მაქვს ერთი კითხვა: რის სროლას აპირებენ ბუკიდან, რაკეტები საიდან მოაქვთ?
უკრაინასაც კი, რომელსაც საბჭოთა ჰსთ სისტემების უდიდესი მარაგები ჰქონდა, რაკეტები ამოეწურა და ახლა ცდილობენ რომ მოდერნიზაცია ჩაუტარონ, რათა ამერიკული Sea Sparrow რაკეტების ბუკიდან სროლა შეძლონ.
როგორც კი ჩვენი რაკეტების მარაგი ამოიწურება, რაკეტებს ვერ ვიშოვნით ვერსად!
პლუს, ტექნიკას სჭირდება გამუდმებული რემონტი. ვინ ჩაუტარებს გეგმიურ რემონტს ძრავსა და სავალ ნაწილზე? სად ვიშოვნით მარაგნაწილებს? ადგილობრივი ძალებით გამორიცხულია.
ავიაცია:
სუ-25-ები და მი-24-ები რომ გავარემონტეთ უკრაინელების დახმარებით, გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ რემონტი რომ დასჭირდება, ვისი დახმარების იმედი გვაქვს?
გადავიდეთ არტილერიაზე:
საბჭოთა 120-იანი და 152-იანი ჭურვები, 122-იანი გრადის რაკეტები არის მილევად რეჟიმში. თვით რუსეთსაც კი, უკვე მნიშვნელოვნად დაეტყო ჭურვების კრიზისი.
ამერიკა და ევროპა დარბის მთელს მსოფლიოში, რათა უკრაინას როგორმე უშოვნოს საარტილერიო ჭურვები.
ჩვენ რას ვაპირებთ? რა უნდა ისროლონ ჩვენმა აკაციებმა, გვოზდიკებმა, დანებმა, რმ-70-ებმა?
რუსეთი რომ რუსეთია, ისიც კი ვერ მოგვცემს, ძაანაც რომ უნდოდეს. თავისთვის საკმარისი არ აქვს.
ჩინეთი, ირანი და პაკისტანი მოგვცემს ჭურვებსა და რაკეტებს? – არა, რა თქმა უნდა!
კი, რაღაც მარაგები გვაქვს, მაგრამ ეს მარაგები აწი მხოლოდ შემცირდება (არტილერისტებს მომზადება სჭირდებათ, პოლიგონზე უნდა ისროლონ სწავლებებზე).
პლუს, იგივე ბუკის რაკეტებსა და საარტილერიო ჭურვებს თავისი შენახვის ვადა აქვს. ამ ვადის გასვლის მერე, მისი გასროლა უბრალოდ სახიფათოა. უნდა დაჭრა და ჯართში ჩააბარო.
ჯავშანტექნიკა:
ჩვენი ტანკებისთვის სად ვაპირებთ 125 მმ-იანი ჭურვების შოვნას? სავალ ნაწილსა და ძრავს ვინ გაარემონტებს?
ბმპ-ებსა და ბტრ-ებს ვინ გაარემონტებს?
ნაწილის შეცვლა რომ დასჭირდეს, ხადავიკ მალხაზას მივუყვანოთ ელიავაზე, დაშლილებში?
არადა, ახლა იყო უნიკალური შანსი, როცა დასავლეთი გამწარებული ეძებს ამ სისტემებს, მოგვეშორებინა საბჭოთა ტექნიკა, გადაგვეცვალა დასავლურში და საკუთარი თავდაცვისუნარიანობა მკვეთრად გაგვეზარდა!
ჩვენ რა ვქენით? – “აბა ომი გინდა” ვიძახეთ და გაძლიერების მაგივრად, დავსუსტდით.
ხვალვე რომ მორჩეს ეს ომი, იმ ამუნიციას, რაც ჩვენ გვჭირდება, მომდევნო რამდენიმე წელი ფიზიკურად ვერ ვიშოვნით, სანამ მარაგებს არ შეივსებენ ის ქვეყნები, ვისგანაც თეორიულად რამის ყიდვა შეიძლება.
სპეციალისტებს ვერ ვიშოვნით, ვინც ჩვენს ტექნიკას გეგმიურ რემონტს ჩაუტარებს.
მარაგნაწილებს ვერ ვიშოვნით, ლულას ვერ შევცვლით, ძრავს ვერ შევცვლით, გადაცემათა კოლოფს ვერ შევცვლით და ა.შ.
აი ესაა რეალობა
სამწუხაროდ, ამ ომის მერე, ჩვენი საბჭოთა ტექნიკა პრაქტიკულად სამუზეუმო ექსპონანტებად იქცევა.
მაქსიმუმ, აღლუმზე ჩამოვატაროთ ხოლმე რუსთაველზე.”
კომენტარები