ლევან ჯავახიშვილი, ალია
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ასეთ შავ დღეში არ ყოფილა, როგორშიც დღეს არის. “ქართული ოცნების” ლიდერები, ბიძინა ივანიშვილის თამადობით, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის ტრიუმფალურ გამარჯვებას ელოდებოდნენ, ფსონი რუსეთზე ჰქონდათ დადებული, მაგრამ მათმა ვარაუდებმა არ გაამართლა. რუსეთი უკრაინასთან ომს ვერ იგებს და ამ დროს, “ქართულმა ოცნებამ” საბოლოოდ ჩამოიხსნა სახე. ბოლშევიკების ბევრი ღირსეული იდეური შთამომავალი ზის დღეს საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. რუსეთი მთელ მსოფლიოს დაუპირისპირდა და თან მოკავშირის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ უკრაინას კი არა, მთელ ცივილიზებულ სამყაროს ეომება. მთელი მსოფლიოს წინააღდეგ ომი კი დღემდე არავის მოუგია და გამონაკლისი არც რუსეთი იქნება. ეს და კიდევ ბევრი რამ ვერ გათვალეს “ქართულ ოცნებაში”.
“ალია” წინა ნომერში, კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები უძრავ და მოძრავ ქონებას, ბიზნესებს სანდო პირებზე აფორმებენ, რომ ხელისუფლების ცვლილებების შემთხვევაში, ეს ყველაფერი შერჩეთ. იმავე წყარომ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვასთან არის დაკავშირებული, ახლა გვაცნობა, რომ “ქართული ოცნების” ბევრმა ლიდერმა უცხოეთში გააგზავნა ოჯახის წევრები – ევროპასა და ამერიკაში. მათ უმეტესობას იქ საკუთარი სახლები და ბინები აქვს. ზოგიერთებს, მრავალმილიონიან ევროდ თუ დოლარად შეფასებული. ბიძინა ივანიშვილის შვილები, რძალი და შვილიშვილიც საფრანგეთში არიან. საქართველოში მხოლოდ ივანიშვილი და მისი მეუღლე არიან. რისი ეშინიათ ხელისუფლების წარმომადგენლებს? მარტო ხელისუფლების შესაძლო ცვლილებაა ამის მიზეზი? ამის შესახებ “ალიას” წყარო მოგვითხრობს.
“რაც უფრო ცუდად მიდის რუსეთის საქმე უკრაინასთან ომში, მით უფრო დიდ პანიკაში არიან ხელისუფლების წარმომადგენლები. ცხადია, მათ მარტო ხელისუფლების ცვლილებებისა არ ეშინიათ. საქართველოს ხელისუფლებამ ცალსახად კოლაბორაციონისტული პოზიცია დაიკავა რუსეთის მიმართ. იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც ჩვენი ქვეყნის უკუპაცია მოახდინა სულ რაღაც 13 წლის წინ, აფხაზეთზე აღარაფერს ვამბობ. დაგვიხოცა ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები. ოფიციალურად, რუსეთთან საქართველო დღესაც ომის მდგომარეობაში იმყოფება და მისი ყველა ქმედება საქართველოს ტერიტორიაზე, საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და წესებს ეწინააღმდეგება. რუსეთი თუ დამარცხდა უკრაინასთან, თავშერცხვენილი და ზესახელმწიფოს სტატუსდაკარგული თუ გამოვიდა ამ ომიდან, მაშინ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ კოლაბორაციონისტების ხელისუფლებისგან წასვლას მოითხოვს.
სავარაუდოდ, სპეცსამსახურებს აქვთ ინფორმაცია, რომ ეს ხალხი გარეთ გამოვა, დაუპირისპირდება ხელისუფლებას და შესაძლოა, უფრო შორს წავიდეს პროცესები, უფრო მტკივნეულად განვითარდეს მოვლენები და ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათ ოჯახის წევრებზე ქუჩებში, სხვა ადგილებში ფიზიკური ანგარიშწორება დაიწყოს. ამის საფრთხე მარტო თბილისში არ არსებობს, რეგიონებში უფრი მეტი შანსია, ამგვარი ინციდენტები მოხდეს. სოციალური ქსელი ჩვენი საზოგადოების სარკეა და ჩანს, რომ საზოგადოების 80% მაინც ამ ომში უკრაინას უჭერს მხარს. ხელისუფლებას არ უშველის იმის ძახილი, რომ საქართველოს ომი არ უნდა, არც ერთი მეომარი ქვეყნის მხარეს არ უნდა დადგეს და რუსეთის გაღიზიანებით, შესაძლოა, ომი საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყოს რუსეთმა. საქართველოში ომის არავის უნდა და არც იმ ხალხს, ვინც უკრაინას ღიად უჭერენ მხარს და ჩვენი ხელისუფლებისგან ამ ომთან დაკავშირებით ცოტა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ. თუნდაც, ერთი განცხადების გაკეთებას, სადაც ღიად, ცალსახად იქნება რუსეთის აგრესია დაგმობილი უკრაინაში და იქ ნეგატიურ კონტექსტში ვლადიმერ პუტინი იქნება ნახსენები – განუცხადა “ალიას” წყარომ.
კომენტარები