სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნახევარფაბრიკატებში ცხენის/ვირის და ქათმის ხორცის იდენტიფიცირებისთვის კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ 9 სახეობის ნახევარფაბრიკატის შემცველობა ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას არ შეესაბამებოდა.
სააგენტოს განცხადებით, ინსპექტირების ჯგუფებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან, ცხენის/ვირის ხორცის იდენტიფიცირებისთვის – ნახევარფაბრიკატების 20 ნიმუში აიღეს. ამავე რაოდენობის ნიმუშები იქნა აღებული ფრინველის ხორცის იდენტიფიცირებისთვისაც. ნიმუშები აკრედიტებულ ლაბორატორიაში – „ხარისხის ლაბორატორია“ (LLC Quality Lab) – გამოიკვლიეს.
სახეობრივი კვლევის შედეგად ნახევარფაბრიკატის 9 ნიმუშში ფრინველის ხორცი აღმოაჩინეს, თუმცა ეტიკეტზე ამის შესახებ მითითებული არ იყო. რაც შეეხება ცხენის/ვირის ხორცს, არცერთ შემთხვევაში დარღვევა არ გამოვლენილა.
ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია შემცველობას არ შეესაბამებოდა შემდეგ ნახევარფაბრიკატებში:
1-2. შპს „თავადური 2014“ – „კატლეტი გაყინული“ და „გუფთა გაყინული“
3. შპს „ექსტრა მითი“ – „სოსისი საბავშვო“
4. შპს „ხორცპროდუქტების ქარხანა ვაკე“ – „სოსისი საქონლის ვაკე“
5. შპს „ოს გრუპი” – „პილმენი გაყინული“
6-7. შპს „ნიკორა“ – „ხინკალი სამეფო“ და „სოსისი ივერია“
8. შპს „ფასანაური 2010“ – „ფარში ძროხისა და ღორის ხორცის“
9. შპს „ხახაბო“ – „გაყინული ხინკალი“
სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა დაევალათ.
კომენტარები