ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.
– ირაკლი კობახიძე არ ჩანს და მისი გაუჩინარების სხვა და სხვა მიზეზი ვრცელდება. ხომ არ იცით, რატომ არ ჩანს კობახიძე და სად არის? დროებითია მისი თვალს მოფარება თუ საერთოდ გაუშვებენ „ქართული ოცნებიდან“?
– ირაკლი კობახიძე, იცით თქვენ, რომ საკმაოდ გამაღიზიანებელია ქართველი ხალხისთვის, ხისტ და არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებდა. თანაგუნდელებიც კი დაიპირისპირა თავისი როყიო გამონათქვამებით. ახლა საარჩევნოდ გადამალეს ამ გაუწონასწორებელი განცხადებების გამო. კობახიძე შიდა მოხმარებისთვის სჭირდება ბიძინა ივანიშვილს, იქ ხალხის ე.წ. ჩასაჩორტად და დასაბეზღებლად. სხვა რაში შეიძლება დაგჭირდეს კობახიძე? არც არაფერში, რადგან არაფერს წარმოადგენს.
– 9 წელი გავიდა და ისევ „ნაციონალებთან“ დაპირისპირებაზეა აგებული „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია. არანაირი ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის დაპირებები, არანაირი კონკრეტული პროგრამები არ აქვთ ამ არჩევნებისთვის. უმძიმეს დღეშია და იმასაც არ ეუბნებიან ამ ხალხს, თუ ადგილობრივ არჩევნებს მოვიგებთ, მდგომარეობა შეგიმსუბუქდებათო. ადრე ატყუებდნენ მაინც ხალხს და ახლა სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ. მარტო სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ ხალხს, თავისიანებს უზრდიან ხელფასებს, დაახლოებით 280 000 კაცს. მოკლედ, ვინც სახელმწიფო სამსახურში არ მუშაობს და დეკლარირელულად ამათიანი არაა, წასულია მათი საქმე. რატომ უნდა მოიგოს არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“, ვერ ვხვდები?
– როდესაც ეკონომიკა არ ვითარდება, სამუშაო ადგილები არ გეზრდება, როდესაც ქვეყანაში მთავარი გამოწვევა უმუშევრობა და სიღარიბეა, არ შეიძლება იმ ქვეყანაში, ხელფასების მომატებაზე ილაპარაკო და თუ მოუმატებ, ეს ნიშნავს, რომ უსაფუძვლო ხელფასების მომატება იქნება, რომელიც ეკონომიკას კიდევ უფრო დიდ ტვირთად დააწვება და ინფლაციას გამოიწვევს. დაბალშემოსავლიან ადამიანებს კიდევ უფრო გაუჭირდებათ ცხოვრება. ის ადამიანები, ვინც დღეს სახელმწიფო სამსახურში არიან დასაქმებულნი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო რეზერვად ითვლება. ყველა არა, მაგრამ უმეტესობა. ეს დაპირებაც მათი ერთეულების ყიდვას ემსახურება, რომ მათ საკუთარი ადგილების, ახლა უკვე გაზრდილი ხელფასების შესანარჩუნებლად იბრძოლონ და „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატებს მისცენ ხმა. აი, ეს არის ამ დაპირების მთელი ფილოსოფია. იმიტომ, რომ პენსიონერებისთვის, სოციალურ დახმარებაზე მყოფთათვის და დაბალხელფასიანი ადამიანებისთვის, ეკონომიკური გარემო არ იცვლება, მათთვის ფულის შოვნა არ ადვილდება – საბანკო პროცენტებს არათუ აიაფებენ, პირიქით, აძვირებენ, კომუნალურ გადასახადებს ზრდიან და ესეც მძიმე ტვირთად აწევს როგორც ბიზნესს, ისე ჩვენს მოსახლეობას.
კომენტარები