უკრაინაში, ოდესის აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი დააკავეს. ამის შესახებ იუწყება უკრაინული პორტალი Dетектив INFO.
39 წლის კრიმინალური ავტორიტეტი ოდესაში ბელარუსიდან ჩაფრინდა. მას პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ აღმოაჩნდა, რის გამოც მესაზღვრეებმა მისი უკან დაბრუნება სცადეს და ის ოდესა-მინსკის თვითმფრინავში ჩასვეს. თუმცა მინდია გორაძე თვითდაზიანების მიყენებით დაიმუქრა და ის თვითმფრინავიდან ჩამოსვეს. ჯერჯერობით ის ოდესის აეროპორტში რჩება და მინსკში დეპორტაციის შემთხვევაში ვენების გადაჭრით იმუქრება.
საერთაშორისო ძებნილი ლავასოღლი, რომელსაც საქართველოში ორჯერ – 10 და 12-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი, ბელარუსში თურქეთიდან 2020 წლის ივნისში ჩავიდა. თურქეთის საპატიმროდან ის 21 ივნისს გაათავისუფლეს.
2019 წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ გორაძეს დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით პატიმრობა ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო. კიდევ უფრო ადრე, 2018 წლის ივლისში ბათუმის საქალაქო სასამართლომ გორაძე დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ მუხლებით: „კანონიერი ქურდობა“, „ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზება“ და „ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა“ და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2019 წლის თებერვალში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.
კომენტარები