ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“დასავლური სახელისუფლებო კულუარებიდან მედიაში ჟონავს ინფორმაცია, რით ემუქრება პუტინი დასავლეთს, თუ დასავლეთი შემოიღებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დანგრევის და უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
რუსები პირდაპირ ეუბნებიან დახურულ კარს მიღმა, თან `გრადაციას` ალაგებენ ამ 4 ოფციიდან იმის მიხედვით, რამდენად ღრმა იქნება დასავლური საქნციები
ა) უძლიერესი კიბერ-შეტევების განხორციელება დასავლეთის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურაზე, ასევე ბანკებზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე და ა.შ.
მაგალითად, როგორც ადრეც ვწერდი, რუსეთის საინფორმაციო ჯარებმა რამდენიმე თვის წინ მწყობრიდან გამოიყვანეს ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე სტრატეგიული ნავთობსადენი, რის შედეგადაც რამდენიმე შტატი ბენზინის გარეშე დარჩა კარგა ხნით და რაც მთავარია, ეს ბლოკადა ამერიკელებმა თვითონ კი ვერ მოხსნეს, არამედ `ხაკერებად` გადაცმულმა რუსულმა კიბერ-ჯარებმა გახსნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც…….ამერიკის მთავრობამ 5 მილიონი დოლარი გამოსასყიდი გადაუხადა `ხაკერებად გადაცმულ` რუსეთის სპეცსამსახურებს!
თუმცა პუტინისთვის და მისი საინფორმაციო ჯარების სარდლობისთვის მთავარი, რასაკვირველია, ის 5 მილიონი დოლარი კი არ იყო, არამედ შანტაჟი, საბოტაჟი და ამერიკის გაფრთხილება, რამდენად ძლიერი შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთის კიბერ-შეტევა.
სამწუხაროდ, კიბერ აგრესიით საბანკო ინფრასტრუქტურის დესტაბილიზირებაც შეუძლიათ და ამით ლამის მთელი ეკონომიკის ჩამოშლა.
რატომღაც არავინ აქცევს ყურადღებას ამ უბრალოდ გამაოგნებელ და შემაძრწუნებელ ფაქტს, რომ გრანდიოზული ქვეყნის სტრატეგიული მილსადენი ამუშავდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ……გამოსასყიდი გადაიხადა ბიუჯეტიდან!
ბ) თუ ამერიკა სანქციის სახით აუკრძალავს რუსეთს დოლარით ოპერირებას, დოლარში ვალუტის კონვერტაციას, მაშინ რუსეთის ცენტრალური ბანკი განაცხადებს, რომ წყვეტს იმ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო, კორპორატიული და ბიზნეს-ვალების მომსახურებას და გადახდას, რაც დოლარში აქვს აღებული.
ასევე ამერიკული სახელმწიფო ობლიგაციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.
თან დემაგოგიურად და, სამწუხაროდ, არც თუ უსაფუძვლოდ იტყვის: კონვერტაცია ხომ თავად აგვიკრძალეთ და ახლა თქვენ რაშიც გაწყობთ, იმ მიზნით კონვერტაციის გამონაკლისის სახით დაშვება უკვე ჩვენ არ გვაწყობსო.
გ) უფრო სერიოზული სანქციების და სამხედრო ჩარევის პასუხად, რუსეთი მთლიანად შეწყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას ევროპისთვის. ეს დაახლოებით 30%-ია საუკეთესო შემთხვევაში. სხვა მონაცემებით კი 40% მთელი ევროპის გაზის მოხმარების.
ამ მოცულობის ჩანაცვლება ცივი ზამთრის პირობებში, როცა `გაზპრომი` ყველაფერს აკეთებს (წარმატებით, სამწუხაროდ), რომ ევროპის გაზსაცავები დაიცალოს, ძალიან რთული იქნება. შესაძლებელი, თუმცა ძვირი და ინფრასქტრურულად რთული, რადგან ამერიკამ და ევროპამ ვერ მოასწრეს ევროპის ჩრდილოეთში ამერიკული თხევადი გაზის (ფიქალის გაზის) გადამუშავების საწარმოთა ინსტალირება იმ რაოდენობით და სიმძლავრეებით, რომ საკმარისი იყოს.
ჩაანაცვლებენ მაინც ადრე თუ გვიან რასაკვირველია, ოღონდ ეს იქნება ძვირი და გერმანიას, ასევე სხვა სახელმწიფოებს მოუწევთ `ქამრების შემოჭერა` თან მტკივნეულად შემოჭერა, რაც ევროპელ ამომრჩეველს არ უყვარს.
დ) უკიდურეს შემთხვევაში, რუსეთი ბალისტიკურ რაკეტებს, ასევე დამატებით ბირთვულ ტექნოლოგიებს მიაწვდის ირანს, გააგზავნის ბირთვულ წყალქვეშა ნავებს ნიუ იორკის და ლოს ანჟელესის მიმდებარე ნეიტრალურ წყლებში, სადაც მათი `ბლოკირება` თვით ზემძლავრი ამერიკული ფლოტისთვისაც კი რთული იქნება.
ნებისმიერი წყალსზედა სამხედრო გემის (ვთქვათ უზარმაზარი, თუმცა რეალურად სრულიად უსარგებლო `პეტრე დიდის`) ბლოკირება ამერიკულ ფლოტს რამდენიმე წუთში შეუძლია მაგრამ წყალქვეშა ნავი, რომლიც არ იმალება, როგორ უნდა გააძევო ნეიტრალური წყლებდიან? მხოლოდ წყალქვეშა ბომბების ან ტორპედოების მეშვეობით ხომ? ეს კი ომია. ბირთვული ომი!
ნებისმიერ შემთხვევაში, `პოსტკოვიდური` ამერიკული საზოგადოება, რომელსაც მოენატრა თავშეყრა, მოენატრა დასვენება, შვება-სიმშვიდე, გართობა, რომელიც ლოკდაუნების გაუქმების შემდეგ მიაწყდა ბარებს, კალათბურთის არენებს – `გოლდენ სტეიტსა` და `ლეიკერსს` შორის პრინციპული დაპირისპირებით დასატკბობად, სტივ კარის ჯადოსნობის სანახავად, უსაყვარლესი (კალათბურთზე პოპულარული) ბეისბოლის და ბეისბოლზე პოპულარული `ამერიკული ფეხბურთის` მატჩებს……ამგვარ დაპირისპირებას დიდხანს ვერ აიტანს. ბაიდენის რეიტინგი კატასტროფულად დაეცემა შემოდგომაზე დანიშნული საშუალედო არჩევნების წინ.
ტრამპიც იქვეა.”
კომენტარები