ზაფხული, დაბა წყნეთი, იუბილარი გოგონაა და მას საკმაოდ ბევრი სტუმარი ჰყავს. სვამენ, ცეკვავენ და ამ შემთხვევაში, ახალგაზრდები მარტონი არ არიან, უფროსებიც სახლშია, თუმცა, ცდილობენ, ახალგაზრდების თვალწინ არ იტრიალონ მუდამ. კამათი იწყება და კამათის დაწყების მიზეზი საქმის მასალების მიხედვით:
„არ მიცნობ? – როგორ არ მიცნობ“
„არ მომიჭახუნე ისე დალიე, არ მიცნობ?“
„გოგონას მიაყენა შეურაცხყოფა, მთვრალი ხარო, უთხრა“
გადაწყვიტეს კამათი გარეთ გაგრძელდეს – და უკვე ყველამ ვიცით, რას ნიშნავს და როგორ სრულდება ქართულ სინამდვილეში გარეთ გაგრძელებული კამათი. ჩხუბი დაიწყო და გაშველება მოჩხუბარის ბავშვობის მეგობარმა სცადა, როგორც თავად ჰყვება, გაშველების დროს შეიგინა კიდეც და აქაც, გამშველებელს ხვდება დანა, ზიანდება არტერია და როგორც შემდეგ ექსპერტიზა ადგენს, სიცოცხლისთვის საზიანოა ჭრილობა. ის, ვინც დანას არტყამს, მიდის, პარალელურად, დაჭრილი გამშველებლის გარეშე დარჩენილი ჩხუბი კულმინაციას აღწევს, ერთი მეორეს თავში ურტყამს ჯოხს და ისიც არხში ეცემა. (საქმის მასალების მიხედვით)
იმის შანსი, რომ დაჭრილი ბიჭი, დაცემულიყო და ხმაურში ვერავის დაენახა, ყველას არხში ჩავარდნილზე ეზრუნა – დიდია, თუმცა, მას უმართლებს, ამჩნევენ, ფეხზე ქამარს უჭერენ, მანქანაში სვამენ და თან სასწრაფოში რეკავენ… ეს ის პერიოდია, როცა ჯერ კიდევ იციან ახალგაზრდებმა, რომ სულ ერთია ვინ ჩაჯდება ციხეში, სულ ერთია, რა მოჰყვება სასწრაფოს გამოძახებას – დაჭრილი მეგობარი უნდა გადარჩეს, დაჭრილი მეგობრის სიცოცხლეა მნიშვნელოვანი. ბიჭი გადარჩა და საავადმყოფოში ჩვენება მისცა, მისი ჩვენების ნიადაგზე დაიჭირეს პირი, ვისაც ხელი დაადო, რომ დანა დაარტყა. გადის წლები და ადამიანის დაჭრაში ბრალდებული პირი, პოლიტიკური პატიმრის სტატუსს ირგებს და დეპუტატი ხდება.
2009 წლის 8 ივნისი – 28 წლის ლევან გოგიჩაიშვილი.
მისი ჩვენება საკმაოდ საინტერესოა, იგი გვიყვება, რომ დაბადების დღეზე მოგვიანებით მივიდა, საქმის მასალებში ვკითხულობთ, რომ იგი „ლექსუსის“ ფირმის საკუთარი ავტომობილით მივიდა წყნეთში დაბადების დღეზე. ამბობს, რომ ხელი ჰქონდა დაზიანებული, რადგან დაახლოებით 10 დღის წინ, კინოთეატრ „საქართველოსთან“ დაეცა და მარცხენა ხელი შეხვეული ჰქონდა სპეციალური შალითით. მაშინაც და ახლაც, ბიჭები საკმაოდ მოუხერხებლები არიან, ხშირად ეცემიან და ხან რა დაზიანებას იღებენ წაქცევისას და ხან რას.
მალევე დაბადების დღეზე მოდის ლევან გოგიჩაიშვილის მეგობარი, გიორგი ალხაზიშვილი, რომელსაც მარცხენა ფეხი აქვს ტრამვირებული და ყავარჯენს იყენებს. ალხაზიშვილი უკვე კარგად ნასვამია. სწორედ ალხაზიშვილი იწყებს კამათს ლევან კიტოვანთან, რომელიც გარეთ გრძელდება.
გოგიჩაიშვილი გვიყვება, რომ იგი არ სვამდა დაბადების დღეზე და სხვების დასანახად იტყუებოდა, თითქოს სვამდა. მართალია, მოწმე ჰყვება, რომ გოგიჩაიშვილიც ნასვამი იყო, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ იგი შემთხვევის დღეს არ იქნა დაკავებული, გამოძიებისთვის უცნობია, რა ზომით ჰქონდა მას ალკოჰოლი მიღებული. გოგიჩაიშვილი თავის ჩვენებაში ჰყვება, რომ როცა კამათი დაიწყო, იგი ამ დროს თ. ნიბლოშვილს ესაუბრებოდა დაახლოებით 25 წუთი, თუმცა, მეორე მოწმე ს. დუღაშვილი მოგვიანებით ჰყვება, რომ ზუსტად მაგ დროს, იგი ცუდად გახდა და თ. ნიბლოშვილი მაგ დროს მასთან ერთად იყო საპირფარეშოში და ფიზიკურად ვერ ისაუბრებდა ამ საათებში ლევან გოგიჩაიშვილთან. თ. ნიბლოშვილი ერთადერთია, რომელიც ლევან გოგიჩაიშვილის ალიბს (ჩხუბის დაწყების მომენტში) ამაგრებს, ერთადერთია არაერთი სტუმრიდან და მისი ჩვენება, დუღაშვილის ჩვენების გამო სასამართლომ არ გაიზიარა.
გოგიჩაიშვილი გვიყვება, რომ მან სახლში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ხმაური გაიგონა და შთაბეჭდილება დარჩა, რომ ერთმანეთს ეჭიმებოდნენ იუბილარის სტუმრები, მიუახლოვდა დაახლოებით 20 მეტრის მანძილზე მოჩხუბრებს და რადგან ადგილი კარგად განათებული იყო, ადვილად გაარჩია, რომ მათ შორის არ იყო მისი მეგობარი გიორგი ალხაზიშვილი – ამიტომ „აღარ დააინტერესა იქ რა ხდებოდა“ და წავიდა.
მოგვიანებით, მოწმე ჰყვება, როგორ დაარტყა გიორგი ალხაზიშვილმა თავისი ხელჯოხი თავში ლევან კიტოვანს. ყველა მოწმე ერთხმად ადასტურებს, რომ ადგილი, სადაც ჩხუბი მიმდინარეობდა, კარგად იყო განათებული, შესაბამისად, როგორ ვერ დაინახა ლევან გოგიჩაიშვილმა მეგობარი – გამოძიებისთვის უცნობია. ლევან გოგიჩაიშვილს, რომელმაც დაინახა, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს ეჭიმებოდნენ და ჩხუბის საფრთხე იყო – გამოძიება არ ედავება დანაშაულის შეუტყობინებლობას. 28 წლის, უკვე პოლიტიკაში ჩართული გოგიჩაიშვილი, ამბობს, რომ დარწმუნდა რა, მისი მეგობარი არ იყო ჩართული გარჩევაში, თავის „ლექსუსში“ ჯდება და მიდის. არც რეკავს პატრულში, არც ადგილზე რჩება, რომ გაიგოს, ხომ არ გადაიზრდება ჩხუბი ტრაგედიაში. მეტიც, სახლში წაყვანას შეპირებული ორი გოგოც აღარ მიჰყავს, უბრალოდ „ლექსუსში“ ჯდება და მიდის.
აი, ამის შემდეგ, ლევანის მყარი ალიბი და ალიბის მოწმე არ ჰყავს, ამბობს, რომ იგი წავიდა წყნეთში მდებარე ბიძაშვილი სახლისკენ – როგორც ჩვენებაში ჰყვება, რაღაც პერიოდი ვერ მიაგნო ბიძაშვილის სახლს, როცა მიაგნო, ჭიშკარი დაკეტილი დახვდა, სახლი კი ჩაბნელებული, დაიძახა რამდენჯერმე, არავინ გამოხედა. მაინც გაჩერდა ცოტა ხანი სახლთან, სიგარეტი მოსწია და მერე გაემართა თბილისისკენ. არც თბილისში ასახელებს ლევანი ადამიანს, ვისთანაც ღამის დანარჩენი ნაწილი გაატარა, ამბობს, რომ ზუსტად არ ახსოვს მანქანა ანანურის თუ ფასანაურის ქუჩაზე გააჩერა და მეგობარ გოგოსთან ავიდა, სადაც რამდენიმე ჭიქა დალია და დარჩა კიდეც ღამით.
ჩვენ დავუკავშირდით ლევან გოგიჩაიშვილს, რომელმაც გვირჩია, სტუდია „მონიტორინგის“ მიერ, მის საქმეზე გადაღებული ფილმი გვენახა და ვნახეთ კიდეც.
არც ფილმში, არც ჩვენ ხელთ არსებულ საქმის მასალებში, არსად ჩანს, რომ ვინმემ გამოკითხა, ან თუნდაც ვინმე ესაუბრა, იმ ერთადერთ მოწმეს, მეგობარ გოგოს, რომელმაც იმ ღამით დაბადების დღიდან წამოსული გოგიჩაიშილი ნახა და ეცოდინებოდა, ეკეთა თუ არა მას ხელზე შალითა, ჰქონდა თუ არა ტანისამოსზე, ან ფეხსაცმელზე სისხლი. მით უფრო საინტერესო იქნებოდა ტანისამოსი, რადგან, გოგიჩაიშვილი ჩვენებაში ჰყვება, რომ ქურთუკი ჯერ კიდევ დაბადების დღეზევე შეცვალა კოსტუმით. რომელი ეცვა მას, როცა წყნეთი დატოვა? მეტიც, არც გოგიჩაიშვილის ბიძაშვილის მეზობლები არიან გამოკითხული, დაინახეს თუ არა მათ ღამით მანქანით მისული გოგიჩაიშვილი.
სად იყო იმ ღამით, დაბადების დღის შემდეგ გოგიჩაიშვილი და იყო თუ არა იქ, სადაც გამოძიებას უყვება, ამის დამატკიცებელი საბუთი ვერ ვნახეთ.
დაჭრილი დავით ლეჟავა, რომელიც ექიმების ძალისხმევით გადარჩა 18 წლისაა. მის პალატაში გამოძიება სათვალთვალო მოწყობილებას აყენებს. ალხაზიშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ მან ლეჟავა მოინახულა, თუმცა, დაჭრაზე არ უსაუბრიათ, რადგან ლეჟავამ მას უთხრა, რომ უსმენენ. გამოძიებას ჩვენებას დავით ლეჟავა აძლევს 16 ივნისს, წინა დღეს კი აპატიმრებენ დავითის დას ირინას, რომელსაც გამოძიების მტკიცებით, მარიხუანა აღმოუჩინეს. სწორედ ირინა ლეჟავა ატყობინებს დაკავების შემდეგ პოლიციას, რომ მას შეუძლია დაასახელოს პირი, რომელმაც მისი ძმა დაჭრა.
დაჭრილი ლეჟავა და ალხაზიშვილი მეგობრობდნენ. თავის მხრივ, მეგობრობდნენ ალხაზიშვილი და გოგიჩაიშვილი, მიუხედავად ამისა, გოგიჩაიშვილი არ იცნობს ლეჟავას, როგორც აცხადებს.
ლევან გოგიჩაიშვილი დღესაც აცხადებს, რომ მას მხოლოდ დავით ლეჟავამ დაადო ხელი – მაგრამ, მიუხედავად საქმეში არსებული უამრავი მოწმისა, არც ერთი მოწმე არ ამბობს, რომ ლევან გოგიჩაიშვილს არ დაურტყამს დანა, არც ერთი მოწმე არ მიუთითებს სხვა პიროვნებაზე. მოწმეები ამბობენ, რომ ვერ დაინახეს ვინ დაარტყა დანა დავით ლეჟავას. ვერ იქნა ნაპოვნი დანა, მაგრამ ადგილზე ნაპოვნი იქნა ხელის ფიქსატორი, შალითა, რომელიც გამოძიების მტკიცებით, ლევან გოგიჩაიშვილს ეკუთვნის, ხოლო ლევან გოგიჩაიშვილი უარყოფს, რომ იგი მას ეკუთვნის. ჩვენ ხელთ არსებულ მასალებში, არსად ჩანს მეორე შალითა, ანუ, შალითა, რომელიც ლევან გოგიჩაიშვილს დაბადების დღის მერეც ეკეთა, მაგალითად, თავის მეგობარ გოგოსთან მისულს.
გამოძიების ინფორმაციით, 20 ივნისს დავით ლეჟავა მეგობრებთან ერთად, საავადმყოფოს პალატაში მარიხუანას ეწევა – ეს ფაქტი სარწმუნოდ მიაჩნია ლევან გოგიჩაიშვილის მხარეს და სარწმუნოდ მიაჩნია სტუდია „მონიტორინგსაც“ და ფილმში ისინი კითხულობენ, რატომ არ დაისაჯნენ ეს პირები მარიხუანას მოწევისთვის. თუმცა, იგივე ადამიანებს არ მიაჩნიათ სარწმუნოდ, რომ დავით ლეჟავას დას შეიძლებოდა ჰქონოდა მარიხუანა დაკავებისას.
ალხაზიშვილი ჰყვება, რომ იგი გაითიშა სიმთვრალის გამო და არ ახსოვს საერთოდ მომხდარი.
ერთადერთი მოწმე, რომელიც ამბობს, რომ ალხაზიშვილს არ დაურტყამს კიტოვანისთვის თავში ხელჯოხი, კიდევ ერთი მოწმე კორკოტაშვილი, რომელიც ჰყვება, რომ თავად ეძიძგილავებოდა კიტოვანს და ერთად გადავარდნენ თხრილში, თუმცა, მის მონათხრობს, არც ერთი მოწმე არ ადასტურებს. ფეხში დანით დაჭრილი ლეჟავა კი ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც სცადა ალხაზიშვილის და კიტოვანის გაშველება და ვერ შეძლო, შეაგინა ალხაზიშვილს, სწორედ ამ გინების დროს მიუახლოვდა მას გოგიჩაიშვილი და ამ შეგინების გამო მოხდა მათ შორის კონფლიქტი, რომელიც მისი დაჭრით დასრულდა.
-ვის აგინებ?
-შენ ვინ გეკითხება?
ასე აღწერს ჩხუბის დაწყებას ლეჟავა.
ლევან გოგიჩაიშვილი მართალია, მის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი პირდაპირი მოწმეა და ერთიც ირიბი მოწმე, მაგრამ ამდენი მოწმიდან, მას არც იმის მოწმე ჰყავს, რომ არ დაურტყამს ლეჟავასთვის, არც იმის მოწმე ჰყავს, რომ მართლაც დატოვა ადგილი ტრაგედიამდე.
მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, კონფლიქტში მონაწილე სხვა არც ერთ პირს, მათ შორის ალხაზიშვილსაც კი, არ დაუტოვებია ტერიტორია ჩხუბის შემდეგ. დაბადების დღის სტუმრების უმეტესობა საავადმყოფოში მიდის. ვის ჰქონდა დანის გადაგდების შესაძლებლობა კიდევ ჩხუბში მონაწილე პირებიდან – სამწუხაროდ, არც ამ კითხვას გასცა გამოძიებამ პასუხი.
მიუხედავად იმისა, რომ მოწმეთა უმრავლესობა ამბობს, ვერ და არ დაუნახავთ, როგორ დაარტყა ხელჯოხი ალხაზიშვილმა კიტოვანს, ყველა ერთხმად ამბობს, რომ იგი ჩხუბის ეპიზოდის დროს იქ იყო, რატომ ვერ დაინახა ხელჯოხიანი მეგობარი განათებულ ადგილზე ლევან გოგიჩაიშვილმა – დღესაც უცნობია.
ლევან გოგიჩაიშვილი დღესაც ამტკიცებს, რომ იგი უდანაშაულოა.
28 წლის ახალგაზრდა ხედავს, რომ მთვრალი ახალგაზრდები ერთმანეთს ეჭიმებიან, მისი სიტყვებია, მხოლოდ იმას აკვირდება, ხომ არ მონაწილეობს ჩხუბში მისი მეგობარი, ბრუნდება და უკან მოდის, არ ელოდება, კამათის დასრულებას, არ იძახებს სამართალდამცველებს!
თუ მე ხვალ დამჭირდება შაქარაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისია, როგორ უნდა ვანდო მას იმ საქმის გამოძიება? გაუკვირდება, თუ არა ლევან გოგიჩაიშვილს საქმის გარჩევები და გულგრილობა?
გაუკვირდა თუ არა ლევან გოგიჩაიშვილს, როცა ხორავას საქმე ისე მიმდინარეობს, რომ საქმის ორგანიზატორი, პირი, ვინც დაიბარა საქმის გასარჩევად ახლობლები – გამოძიებამ არ დააკავა?
რა შეიცვალა 2009 წლის მერე ხელისუფლების გარდა? ამ საქმეს ვკითხულობ და ასე მგონია არაფერი შეცვლილა – ჩხუბის მონაწილე ახალგაზრდები, ან სდუმან, ან არაფერი დაუნახავთ, ან ჩვენებებს ცვლიან… პოლიციის გამოძახება „ისევ“ ტეხავს. ქუჩური გარჩევები ისევ მოდაშია…
ჩხუბში მონაწილე ერთის მეგობარი გოგოს დაკითხვას არ აწარმოებენ, თუმცა, მეორე ცოლიანი მოწმის მეგობარი გოგოს სახელი საჯაროდ გამოაქვთ. დაჭრის, მკვლელობის საქმეები ისე კვალიფიცირდება პოლიტიკურ საქმეებად, რომ საქმის გაყალბების დამამტკიცებელი საბუთი არსად დევს, პროკურორს, გამომძიებელს, მოსამართლეს არავინ სჯის.
ლევან გოგიჩაიშვილს სასამართლომ მიუსაჯა 7 წელი, ლევან გოგიჩაიშვილი სახელისუფლებო გუნდის წევრი იყო სულ რაღაცა რამდენიმე თვის წინ და მისი საქმის პროკურორი ისევ პროკურორია – როგორც ვამტკიცებთ მაშინ, რომ საქმე გაყალბდა?
შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე, ლევან გოგიჩაიშვილის და გედი ფოფხაძის პარტიის წევრია. გედი ფოფხაძემ ტელევიზიით განაცხადა, გამოძიებას ბევრი შეცდომები მოსდის ხოლმე, მაგრამ ამჯერად ვენდობი გამოძიებასო. ლევან გოგიჩაიშვილი გვიცხადებს, რომ საერთოდ უდანაშაულო ადამიანი დაიჭირა იმ პროკურორმა, რომელი პროკურორიც ახლაც ძალოვნებში მუშაობს – და მაინც, შაქარაშვილის საქმეს იძიებს გამოძიება მაინც და მაინც კარგად და სწორად.
მაინც და მაინც ლევან გოგიჩაიშვილის საქმე გაყალბდა და იგივე პროკურორები უცბად გახდნენ პატიოსნები. არ ხდება ასე, ბატონო ლევან, არა. ხორავას საქმე რომ თქვენ თვალწინ გაყალბდდა, მაშინ რატომ არ გაემიჯნეთ გუნდს?
იგივე პროკურორები რომ ნახეთ პროკურატურაში, მაშინ რატომ გააგრძელეთ „ქართულ ოცნებაში“ ყოფნა? საერთოდ, 2016 წელს, ქართული ოცნების სახელით, როგორ მოხვდით პარლამენტში, თუ უდანაშაულოდ დასჯილი ადამიანის საქმე ვერ გამოიძია 4 წლის მანძილზე არსებულმა ხელისუფლებამ?
ბატონი ლევანი დაგვპირდა, რომ თუ საჭირო გახდება პასუხს გაგვცემს და შემოგვთავაზა, იმ 9 წლის საქმეებით დავინტერესდეთ და ასეც ვიქცევით, ოღონდ, ჩვენ ისიც გვაინტერესებს, ამ 8 წელში რა შეიცვალა და სად არიან ახლა იმ 9 წლის საქმეების ფიგურანტები.
„ალია“ განაგრძობს „ოცნების“ მიერ პოლიტპატიმრებად აღიარებული პირების საქმეებზე მუშაობას, რადგან, სისტემა ზემოდან იწყება, იმ ადამიანებიდან, რომლებიც ამბობენ, რომ იცი რა, მისი საქმე კი გაყალბდა, მისი საქმის გამყალბებელი კი არ დასჯილა და ისევ უწყებაში მუშაობენ, მაგრამ უწყება მაინც კარგად მუშაობს.
მე, როგორც რიგით ამომრჩეველს, არ მჭირდება პარლამენტში დეპუტატი, რომელიც ადამიანის დაჭრის გამო იხდიდა სასჯელს, მასზე საბრალდებო დასკვნა არსებობს, სადაც წერია, რომ დამნაშავედ იქნა ცნობილი 117-ე მუხლის, მეხუთე ნაწილის გ პუნქტით – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ხულიგნური ქვენა გრძნობით, შემდეგ გამოვიდა პოლიტპატიმრის სტატუსით და თავისი უდანაშაულობის მაგალითად, ჟურნალისტის სიუჟეტი მოჰყავს მხოლოდ და არაკანონიერი ბრალი საქმის გაყალბების.
მე, როგორც ამომრჩეველს, არ მჭირდება პარლამენტში დეპუტატი, რომელიც იტყვის, რომ ჩხუბში მისი მეგობარი ვერ დაინახა, ამიტომ მიბრუნდა, „ლექსუსში“ ჩაჯდა და წავიდა…
და ბოლოს, ლევან გოგიჩაიშვილმა ისიც გვითხრა, მიდით, სააკაშვილი გაამართლეთო! ამჯერადაც დაავიწყდა, რა როლი ითამაშა “ალიამ” სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ისევე, როგორც არც ის ახსოვს, რომ მისი უკვე ყოფილი გუნდი, სწორედ სააკაშვილის რეჟიმის გასასამართლებლად აირჩია ხალხმა. ჩვენ მაშინაც და ახლაც მხოლოდ სიმართლე გვაინტერესებს, სიმართლე კი ისაა, რომ სააკაშვილის რეჟიმი უნდა დასჯილიყო, საქმეები უნდა გამოძიებულიყო და პოლიტპატიმრის სტატუსები ასე არ უნდა დარიგებულიყო! სიმართლე ისაა, რომ საქმეები მაშინაც ყალბდებოდა და იკერებოდა და ახლაც გრძელდება. სიმართლე ისაა, რომ ოპოზიციონერების და მათი შვილების საქმეები პოლიტიკურ ჭრილში ისე იხილება, წესიერად არც ხდება გამოძიება. ყველას, ვინც პოლიტიკაში იყო ჩართული, შეეძლო ეთქვა, რომ მისი საქმე გაყალბდა. სიმართლე ისაა, რომ მაშინაც და ახლაც ოპოზიცია უფულობას და ფუფუნების არქონას არ უჩივის. ერთი დანაშაული მეორემ არ უნდა გადაფაროს და სისხლის სამართლის საქმეები, გამოძიების გარეშე პოლიტიკურ საქმეებად არ უნდა შეფასდეს!
თამო კეშელავა, ალია №27
კომენტარები