პირდაპირ გეტყვით, როგორც კულტურის მინისტრი, რომ რობერტ სტურუას გათავისუფლება არ იგეგმება. ეს არის ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
„კარგი იქნება, თუ მასზე თავდასხმას შევწყვეტთ. ორივე მხარემ საგამოძიებო ორგანოსთან უნდა ითანამშრომლოს, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ ბესო ზანგურს და კარგი იქნება, თუ ის დღესვე დატოვებს თეატრს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მსახიობი ბესო ზანგური ყოფილმა მეუღლემ, მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა, რასაც რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა Facebook-ზე გამოეხმაურა. „ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! დაქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!”, – დაწერა რეჟისორმა. ამავე პოსტის კომენტარებში, მოგვიანებით დაწერა: „წინათ, ქალს ქმარი რომ მიატოვებდა, ჰომოსექსუალიზმს აბრალებდა, ახლა ვეღარ ბედავს, ეშინია, დემოკრატად აღარ ჩათვლიან, ამიტომ კივიან: ოცი წლის წინ მცემდაო და ფულსაც პარფუმერიისთვის იჯიბებენ! ვაშა ახალ დიდებას! ვაშა კომუნიზმს!”.
კომენტარები