საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, 2019 წლის 9 აპრილს, წერდა:
“30 წელი გასულა იმ 9 აპრილიდან…
არ მინდა, არ შემიძლია ახლა მხოლოდ ეროვნულ-პატრიოტული პოზიციიდან დავწერო, ამ ჯერზე სხვამ გააკეთოს უკეთესად. მე ვეცდები ვთქვა, როგორც ერთმა ადამიანმა, სიცოცხლის ამ ფრაგმენტის ცალკეულმა ნაწილმა, თუ ვინმეს შეუძლია ერთიანობის ნაწილი იყოს ოდესმე…
რა გახსენდება ამ ოცდაათ წელიწადში? რა იყო ეს ფილმი, რომელსაც შენ შეესისხლხორცე? სიცოცხლე და სიკვდილი, წამება და ბედნიერება, ამაოება, და ამ ამაოების ბაზარი… სულმდაბლობა და გაუტანლობა, გმირობა და თავდადება, ტკივილი და სიხარული… ყველაფერი იმდენი, რამდენიც შეგიძლია აიტანო, და თუ არ შეგიძლია, ვერც ხვდები. და ვისაც მეტი ესმის, მეტიც სტკივა, და მეტიც მოეთხოვება. ალბათ ამიტომაც იფიქრა ბევრმა, რომ სჯობს ცოტა ესმოდეს.
მეც მირჩევნია არაფერი მესმოდეს. საერთოდ არც ვყოფილიყავი, ჩემი ნება რომ ყოფილიყო. მაგრამ… სიზიფეს ტვირთის ტარება მაშინ უფრო ძნელია, როდესაც ყველაფრის ბოლო იცი. და თავის მოტყუებას ალბათ ისევ ცოდნა სჯობს…
ყველამ თავად უნდა გაიაროს თავის გზა. რაც წაიკითხეთ, ღირებული იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკან მოიხედავთ. ამიტომ დაივიწყეთ, და უბრალოდ ჩუმად იჯექით.
ნათელი ჩვენთვის დაღუპულთა სულებს. თუმც როდესაც არ იცი რა არის სიკვდილ-სიცოცხლე, ძნელია
ვინმეს დაღუპული უწოდო…”
კომენტარები