ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ თანადამფუძნებელი, სანდრო ბრეგაძე.
– ბატონო სანდრო, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, ხელისუფლების პოზიციას როგორ შეაფასებთ?
– საქართველოს ხელისუფლება თავის წარმატებად თვლის იმას, რომ ომი არ არის საქართველოს ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ამაში არის რაციონალური მარცვალი. საქართველოს ხელისუფლებას შესაძლებელია, პლუსად ჩაეთვალოს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არ არის კონფლიქტი და არ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები. მაგრამ მეორეს მხრივ, მე შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ეს არის არა მარტო საქართველოს ხელისუფლების დამსახურება, არამედ იმის „დამსახურებაცაა“, რომ რუსეთისთვის საქართველოში, ელემენტარულად, არ არსებობს არანაირი წინააღმდეგობა. შესაბამისად, რუსეთი არ არის დაინტერესებული, რომ საქართველოში სამხედრო ძალით შემოიჭრას ან აქ პოლიტიკური სიტუაცია არიოს. საქართველოს ხელისუფლება არ გახლავთ არც ქართული, არც პრორუსული და არც პროდასავლური. საქართველოს ხელისუფლება არის თავისი თავისთვის, თავისი ქონებისთვის. იბრძვის იმ პრივილეგიების გადასარჩენად. რაც გააჩნიათ.
– ანუ საქართველოს ხელისუფლება არის პროსათავისო.
– ზუსტად, მშვენიერი ნათქვამია და ეს ტერმინი, „პროსათავისო“ თუ დამკვიდრდება, კარგი იქნება. დიახ, პროსათავისო ხელისუფლება გვყავს, ეს არის მათი საგარეო და საშინაო ორიენტაცია, თუ შეიძლება, ასე ითქვას. ხელისუფლების წარმომადგენელთა ინტერესია, მათი ქონება იყოს დაცული და იცხოვრონ განცხრომაში, კომფორტულად, ისარგებლონ ყველა სიკეთით, რასაც ხელისუფლებაში ყოფნით იღებენ. ამ, სათავისო ამოცანას შესანიშნავად ასრულებენ. გუშინ ხელისუფლებაში კალოშით მოსული ადამიანები, დღეს უახლოესი მოდელის ავტომობილებით დადიან, უცხოეთში ფეშენებელური ვილები აქვთ, ზოგი ტყეებს ყიდულობს საქართველოში, ზოგი ტბას და ლამის მთლიან კურორტებს. მალე ფეხის დასადგმელი ადგილი აღარ დარჩება ქვეყანაში, ყველაფერი იყიდეს, ყველაფერი ამათი და კერძო საკუთრება გახდა. მათი მიზანია, იყვნენ უსაფრთხოდ, გააგრძელონ ქვეყნის ძარცვა და ბიუჯეტის ქურდობა და ეს ნაძარცვი და ნაქურდალი, ფული თუ უძრავი ქონება უსაფრთხოდ ჰქონდეთ შენახული. ეს არის მთავარი მიზეზი, რომ ქვეყანაში მშვიდობაა და ომი არ არის. ახლა თქვენ მეკითხებით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მართებულია თუ არა რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ? საქართველოს ხელისუფლება რუსეთს კი არა, ვინც რას მოსთხოვს, ყველაფერს უთმობს. იმ ქვეყნებსაც უთმობენ, რომელთაც არ აქვთ არანაირი საჭიროება ძალის დემონსტრირების, სამხედრო შემოჭრის ან სახელმწიფო გადატრიალების ინსპირირებისა საქართველოში. ჩვენ იცით, როგორ მდგომარეობაში ვართ? საქართველოში არის მშვიდობის სადღეგრძელო, რომელიც ჩვენს ბევრ კუთხეში ისმება. მე არასდროს არ მიყვარდა ეს სადღეგრძელო, რადგან ეს არის კომუნისტური კალკი, „მირუ მირ“ რომ იყო ლოზუნგი საბჭოთა კავშირის დროს, იქიდან არის გადმოღებული. მშვიდობა უნდა იყოს ღირსეული. ღირსეულ მშვიდობას გაუმარჯოსო – ასე უფრო მოუხდება ამ სადღეგრძელოს. როდესაც დამონებული ხარ, ღირსება აყრილი ხარ, „დაჩმორებული“ ხარ და მარტო მშვიდობა გაქვს, ღირს ასეთი მშვიდობა? არა, ასეთ მშვიდობაში არ ღირს ცხოვრება. კი, ჩვენი უმთავრესი მიზანი მშვიდობა უნდა იყოს, მაგრამ უნდა გვქონდეს ღირსეული მშვიდობა. ქვეყანაში მშვიდობაა არა ქვეყნის, ხალხის ინტერესების გამო. მშვიდობაა იმიტომ, რომ თავად, ხელისუფლებამ იცხოვროს მშვიდობაში. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ და ჩვენ არც ის ვიცით, მას აქვს თუ არა საერთოდ საერთაშორისო პოზიცია.
– გამოდის, რომ ამ ხელისუფლებას არანაირი საფრთხე არ აწყობს არა იმიტომ, რომ ეს საფრთხე ქვეყანას და ხალხს დაემუქრება, არამედ იმიტომ, რომ ნებისმიერი საგარეო თუ საშინაო საფრთხე, მათ კომფორტს მოუღებს ბოლოს?
– ვიდრე „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, მანამდე რუსეთიდან საქართველოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ რაიმე აგრესიის განხორციელება, მით უმეტეს, სამხედრო მოქმედებებისა ჩვენს ტერიტორიაზე იქნება არანორმალური საქციელი. რაში სჭირდება რუსეთს აგრესია? ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული? კი, აქვს. მიდის რაიმე ლაპარაკი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებაზე? არ მიდის ეს ლაპარაკი. საქართველოში რუსეთის კერძო და სახელმწიფო კომპანიები ფლობენ ენერგო და სხვა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს? კი, ასეა. ფლობენ სხვა და სხვა სახის მსხვილ ბიზნესებს? ფლობენ. ტყეები უნდათ, მდინარეები და ტბები უნდათ, რაც უნდათ, იმას ყიდულობენ და უმეტეს შემთხვევაში ჩალის ფასად. შემოჭრილებიც არიან და რასაც უნდათ, იმას აკეთებენ რუსი ოლიგარქები თუ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც სხვა და სხვა ბიზნესის უკან დგანან. აქ არის რუსეთი ძალიან დიდი ხანია და ვიდრე „ქართული ოცნება“ ყველაფერს უსრულებს რუსეთს, არანაირი საფრთხე რუსეთიდან არ გვემუქრება. ამბობენ, რომ საქართველოს საფრთხე ემუქრება ჯორჯ სორისისგან და იმ ჯგუფებისგან, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ებრძვიან ეროვნულ ფასეულობებს. უშუალოდ არც მათგან გვემუქრება საფრთხე. ვერ ხედავთ, რომ აღარც ამ ფრონტიდან გვიტევენ? საქართველოს ხელისუფლება მათაც ყველა მოთხოვნას უსრულებს, მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ ხელისუფლებასთან. ეს გახლავთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფნის ერთ-ერთი მთავარი გარანტია – ყველაფერს უსრულებს უცხო ქვეყნებს, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს, გარდა საქართველოს მოსახლეობისა.
კომენტარები