მუსიკოსი, ნიკოლოზ რაჭველი, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“1937 წლის ერთერთ საღამოს ზაქარია ფალიაშვილის ოპერის “ლატავრას” გენერალური რეპეტიციის შემდეგ თეატრის მთავარი დირიჟორის ევგენი მიქელაძის სამუშაო კაბინეტში გაიმართა მსჯელობა, შეკრებას ცხადია თავად მაესტრო უძღვებოდა. უეცრად კარი გაიღო და მოახსენეს, რომ მასთან შეხვედრა სურდათ. მიქელაძემ დარბაისლურად უპასუხა – ეგებ ცოტა მოითმინონო, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ კარი ისევ გაიღო და ამჯერად უკვე ჩეკა-ს ფორმიანმა “მწვანექუდიანმა” უბრძანა – გარეთ გამობრძანდითო. მიქელაძე როგორც ჩანს მიხვდა, რისთვის “შეაწუხეს” ღამის თორმეტ საათზე და კარისკენ გაემართა. მე იქვე კართან კუთხეში ვიჯექი და გაღებული კარის ფარდიდან მოვკარი თვალი, როგორ სწვდა ჩეკისტი “შრომის წითელი დროშის ორდენს” და ჩამოგლიჯა დირიჟორს პიჯაკის ბორტიდან. ელვის სისწრაფით მიიხურა კარი. მეორე დილით მიქელაძის ადგილას სადირიჟორო პულტთან ორკესტრსა და საოპერო დასს მიქელაძისვე აღზრდილი და მის მიერ თეატრში ასისტენტად მიყვანილი ახალგაზრდა დირიჟორი შალვა აზმაიფარაშვილი დახვდა, რომელმაც თამამად და ყველასათვის მოულოდნელად განაცხადა: “ამხანაგებო, განვაგრძოთ მუშაობა, ხალხის მტერს კი დიახ, ასე მოუხდება!”…
ალექსი მაჭავარიანის მოგონებებიდან
დაპატიმრებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ბევრი ჭორი თუ მართალი დადიოდა თბილისში. ამბობდნენ, ლავრენტი ბერიამ ორახელაშვილების ოჯახზე შური იძიაო; ქეთევან ორახელაშვილი ქუჩაში დაუნახავს, მოსწონებია და გასაუბრებაც სცადა, მაგრამ ქეთევანის დედამ, მარიამმა ამის უფლება არ მისცა და შვილს მკაცრად უთხრა “ამ გობმეშოს როგორ ელაპარაკებიო”… მალე ქეთევანი ევგენი მიქელაძეს გაჰყვა ცოლად. ბერიას უყვარდა ოპერაში სიარული, ყველა პერმიერას ესწრებოდა, ერთხელ რეპეტიციაზე დასასწრებად მისულს ევგენი მიქელაძემ დარბაზი დაატოვებინა “თუ შეიძლება, უცხო პირები ნუ შემოდიან სამუშაო პროცესის დროსო”, ერთხელაც უვერტიურის გამეორების თხოვნაზე შეუთვალა მკვახე უარი… ბერიას ეს ამბები არ დავიწყებია და როცა საშუალება მიეცა, ჯერ მამია და მარიამ ორახელაშვილები დააპატიმრა სამშობლოს ღალატის ბრალდებით და ორივეს წამებით ამოხადა სული, შემდეგ კი ევგენი და მისი მეუღლე ქეთევანი დააპატიმრეს. მიქელაძეს თვალები დათხარეს, მაგრამ უბადლო სმენის პატრონს მაინც უცვნია დაკითხვაზე მისული ტირანი:
– კიდევ ამბობ, რომ ხალხის მტერი არ ხარ? – უკითხავს ბერიას მიქელაძისთვის.
– ლავრენტი პავლოვიჩ, მე არასდროს ვყოფილვარ ქვეყნისა და ხალხის მტერი!
– საიდან იცი, რომ ლავრენტი ვარ?
– კარგი სმენა მაქვს და ხმაზე გიცანით – უპასუხია მიქელაძეს…
ამბობდნენ, ამ სიტყვების შემდეგ ბერიამ მიქელაძისთვის გავარვარებული რკინის ჯოხის ყურებში გაყრის ბრძანება გასცა. დახვრეტის მომენტში ევგენი მიქელაძე მხოლოდ 34 წლის იყო. 1938 წლის 7 იანვრის დადგენილებით, ევგენი მიქელაძის მეუღლეს ქეთევან ორახელაშვილს, როგორც სამშობლოს მოღალატეების ოჯახის წევრს, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა აკმილინსკის შრომა-გასწორების ბანაკში მცირეწლოვან შვილებთან ერთად – თინათინი, მაშინ 3 წლის იყო, ვახტანგი კი წლინახევრის, მოგვიანებით, 1951 წელს, როცა ბავშვები სრულწლოვანები გახდნენ, ოჯახი ბანაკიდან ყარაგანდაში გადაასახლეს.
ფოტოზე – ევგენი მიქელაძე და ქეთევან ორახელაშვილი
(გადმოვიტანე ლიკა ყიფშიძის FB გვერდიდან)
ამასობაში ჩემმა ძვირფასმა მაიკო ლორთქიფანიძემ მომწერა ჩემთვის აქამდე უცნობი ფაქტი: ევგენი მამას (გიგა ლორთქიფანიძის) ბიძა იყო და სულ ყვებოდა საოცარ ისტორიებს, არვიცი იცი თუ არა, დახვრეტის დროს მის გვერდით ასევე სიკვდილმისჯილი 18 წლის გოგონა მდგარა, რომელსაც ევგენიმ უჩურჩულა, როდესაც ლულას მოგვიშვერენ შენ ჩემს უკან გადახტიო, კლდეზე მდგარან, გასროლის დროს ევგენი უცებ გადაფარებია და ეს გოგონა ხრამის მიმართულებით გადახტა, რამდენიმე საათი გაუნძრევლად იწვა მიცვალებულებში და საბოლოოდ გადარჩა. რამდენიმე წლის შემდეგ უპოვია ჩვენი ოჯახი და ეს ამბავი მოუყოლია, ხვრეტდნენ და ჩემს გადარჩენაზე ფიქრობდაო!”
კომენტარები