ანი დვალიშვილი
1-ლი ივლისიდან, ბიზნესისთვის გაზი ძვირდება და 25 თეთრით მოიმატებს. დედაქალაქში ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 1.35 ლარი იქნება, რეგიონებში – 1.38. რეგიონებში უფრო ძვირი იმიტომ, რომ ტრანსპორტირების ხარჯი ემატებაო და… რატომღაც გვგონია, რომ გაზი ქვეყანაში სწორედ რეგიონებიდან მოდის და რეგიონები აწვდიან თბილისს. უფრო „დამაიმედებელი“ განცხადება მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ გააკეთა, 2023 წელს, ბუნებრივი აირის გადასახადი მოსახლეობისთვისაც მოიმატებსო. ბატონ დავითს ელექტროენერგიაზე არაფერი უთქვამს, მაგრამ ჩვენ გეტყვით, რომ მისი გადასახადიც 2023 წელს გაძვირდება და ეს ყველაფერი „ალიას“ „ენერგო პრო ჯორჯიას“ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა.
„პრაქტიკულად ყველა ენერგო-კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე მუშაობს, ცუდ დღეშია, იმიტომ, რომ დიდი მომხმარებლები ჩვენგან უბრალოდ წავიდნენ და ისინი პირდაპირ სახელმწიფოსგან ყიდულობენ ელექტროენერგიას. მაგალითისთვის, თუ რომელიმე მუნიციპალიტეტი თვეში მოიხმარდა 15 მილიონ კილოვატს, 10 მილიონი საწარმოებზე მოდიოდა, ახლა კი ეს გამოგვეცალა. მხოლოდ მოსახლეობაზე მუშაობა კი წამგებიანია, თუ ტარიფი არ არის ისეთი, სოლიდურ მოგებას რომ ტოვებდეს. ამიტომ, სახელმწიფოსგან მივიღეთ დაპირება, რომ 2023 წელს ეს დარეგულირდება და დენი აუცილებლად გაძვირდება“,- გვითხრა მან.
პარალელურად, მთავრობა ვერაფერს უხერხებს ინფლაციის მააჩვენებელს და არსებობს ვარაუდი, რომ 2023 წლისთვის, ის სასურველ ნიშნულს მიაღწევს და მხოლოდ 3% იქნება. ჰო, მხოლოდ 3%, ანუ, ინფლაცია ვერ და არ გაჩერდება და ეს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცცის. შესაბამისად, აუცილებლად მოიმატებს პროდუქტების ფასები და ინფლაციის მაჩვენებლის გარდა, ფასებს ჯერ გაზის ტარიფის გაძვირება ასწევს, შემდეგ – დენის. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, თვითდასაქმებულთა 65% თბილისში მუშაობს, დანარჩენი – 35% კი რეგიონებში. სტატისტიკა არ არის ჩაშლილი, ანუ სად რამდენი პროცენტია დასაქმებული, მაგრამ ორივე შემთხვევაში, თვითდასაქმებულთა 70%-ზე მეტი, ტაქსისტებზე მოდის, 20%-ზე მეტი – გარე-მოვაჭრეებზე.
არაერთხელ დაგვიწერია ხორბლის დეფიციტის შესახებ და უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, ხორბლის კიდევ უფრო გაძვირებაზე. ჰოდა, ახლა ირკვევა, რომ რუსეთი შავი ზღვით ხორბალს თურქეთში ყიდის და თურქეთის მთავრობა დიდი რაოდენობით იძენს, რადგან შემდეგ… სხვა ქვეყნებზე და მათ შორის, საქართველოზე გაყიდოს. უკრაინულმა მხარემ განგაშს ზარებს კი შემოჰკრა, თურქეთი რუსეთს ხორბლის გასაღებაში ეხმარებაო, მაგრამ ევროპააც დუმს და ამერიკაც, რადგან მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ისეთი დეფიციტია, რუსეთს თუ არ მიააკითხეს, შიმშილი გარდაუვალია. თავის მხრივ, უკრაინა აცხადებს ,რომ 22 მილიონი ტონა ხორბალი აქვს გასაყიდი, მაგრამ საომარი მოქმედებების გამო, ქვეყნიდან ვერ გააქვს. ამ ყველაფერს კი იმიტომ გიყვებით, რომ ევროპა კვლავ ყიდულობს რუსეთისგან ნავთობ-პროდუქტებს, სხვა ქვეყნები კვლავ ცდილობენ შეიზინონ ხორბალი და ამ ყველაფერს ერთადერთი მიზეზით ამართლებენ – ეს მათი ქვეყნის მოსახლეობას სჭირდება. ჰოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, იგივე რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთოს, რა მოხდება?!
ის, რომ მსოფლიოში საკვებ პროდუქტებზე სერიოზული პრობლემაა, იქიდანაც ჩანს, რომ სეზონური ხილიც კი, შემოსვლიდან მალევე ძვირდება, არადა, ყოველთვის პირიქით იყო, ახლა კი ფასები არამარტო ჩვენთან, არამედ ყველგან თამაშობს და ამ თამაშს სახელმწიფომ ფეხი თუ არ აუწყო, გაძვირებულ პროდუქტს მოსახლეობა უბრალოდ, ფიზიკურად ვეღარ იყიდის და დაიწყება ის, რასაც დიდი ევროპული ქვეყნების ლიდერები პროგნოზირებენ – შიმშილი.
კომენტარები