ანი დვალიშვილი
„ქართული ოცნების“ შიგნით ნამდვილი ომია დაწყებული იმ სადაზღვევო პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში მალე შევა და ის ავტომობილების სავალდებულო დაზღვევას გულისხმობს. ანუ, გყავს ავტომობილი, აუცილებლად უნდა იყოს დაზღვეული და ახლა ჩინოვნიკებს სურთ, ამ სადაზღვევო პაკეტში კონკრეტული კომპანიები შეტენონ. საუბარი მილიარდობით ლარზეა, რადგან საქართველოში მილიონამდე მანქანაა და მაგალითად, თვეში ერთი ავტომობილის დაზღვევა 50 ლარიც რომ ღირდეს, წლიურად 600 ლარი გამოდის და როცა ვალდებულება გექნება, რომ ეს თანხა ერთ ან ორ კონკრეტულ სადაზღვევოს მიუტანო, კი ხვდებით, რა თანხებზეა საუბარი ყოველწლიურად. მართალია, ხელისუფლება იმასაც ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მოსახლეობას გააბრაზებს, მაგრამ ასე გაბრაზდნენ სავალდებულო ტექ-დათვალიერებაზე და ბოლოს დედის რძესავით შეირგეს. ჰო, ტექ-დათვალიერების სერვისებს შორის ისეთი კონკურენციაა, რომ ბევრ რამეზე თვალს ხუჭავენ და განსაკუთრებით, გამონაბოლქვსა და საბურავებს არ ამოწმებენ. ამიტომაც არის, ტექ-დათვალიერება გავლილი ავტომობილების არც თუ მცირე ნაწილი საშინლად რომ ბოლავს და რეალურად, მათ დათვალიერება, უბრალოდ, ვერ უნდა გაევლოთ, მაგრამ გაუშვებ უკმაყოფილო კლიენტს, წავა სხვაგან, სადაც თვალს დახუჭავენ და ასე დაკარგავ შემოსავალს. ჰო, ხელისუფლება იმაზეც ფიქრობს, რომ ქუჩებში სპეციალური ტექნიკით აღჭურვილმა ადამიანებმა იმოძრაონ, რომლებიც სწორედ გამონაბოლქვს შეამოწმებენ და არასათანადო ჩვენების შემთხვევაში, მძღოლს ან დააჯარიმებენ, ან გონივრულ ვადას მისცემენ სიტუაციის გამოსასწორებლად.
„რეალური ტექ-დათვალიერება შესაძლოა ავტომობილების 20%-მა გაიაროს, დანარჩენები ამას რამდენიმე მიზეზის გამო ვერ მოახერხებენ და უმთავრესი ის გახლავთ, რომ ავტომობილების გარკვეული ნაწილი ბუნებრივ აირზე მუშაობს. საწვავის ფასის გაზრდის შემდეგ, ბუნებრივ აირზე ძალიან ბევრმა გადაიყვანა მანქანა და როცა ავტომობილი ბენზინზეც არის და ბუნებრივ აირზეც, თითქმის გამორიცხულია, ტექ-დათვალიერება გაიაროს, რადგან ძრავში გაუთვალისწინებელი პროცესები ხდება. შესაძლოა, მანქანა გამართო, ყვველაფერი გამოუცვალო, ტექ-დათვალიერება გაიარო და ერთ კვირაში იგივე ვეღარ შეძლო. ამას დაამატეთ მდარე ხარისხის საწვავი და მიხვდებით, რომ ტექ-დათვალიერება უბრალო ფორმალობაა“, – გვეუბნება ტექ-დათვალიერების სერვისის ერთ-ერთი მენეჯერი.
ჰო, ძალიან დიდი ალბათობით, ახალი წლიდან ტექ-დათვალიერების ფასიც გაიზრდება, ოღნოდ „ზომიერად“ და მსუბუქ მანქანებზე „მხოლოდ“ 50%-ით მოიმატებს და 90 ლარი გახდება. და ეს ყველაფერი იმ პირობებში, როცა ლარი გამყარებას განგრძობს და წესით, ასეთი რაღაცები მაინც უნდა იაფდებოდეს.
ზემოთ ბუნებრივი აირი ტყუილად არ გვიხსენებია – კუბზე ფასმა ათი თეთრით მოიმატა და როგორც დაგვაიმედეს, ოქტომბრისთვის მატება ისევ იქნება. ესეც იმის გამო, რომ… 100-ათასი კაცი იყო აქციაზეო და ამ ასი ათასიდან ერთმა, ერთადერთმა ადამიანმა მაინც იწუწუნა სოციალურ მდგომარეობაზე? არა, ყველა იმას გაიძახოდა, ევროპა გვინდაო, რადგან მშიერი კუჭის საზრდო სწორედ ევროპაში ეგულებათ და ეს მშიერი კუჭები ევროპას რამდენად სჭირდება, არავინ კითხულობს. ქართველები არასოდეს ვაღიარებთ, რომ გვშია, რადგან ამის უფლებას თავმოყვარეობა თუ ზემედტი სიამაყე არ გვაძლევს და მერე რა, რომ იმავე ევროპაში, სწორედ სოციალური პრობლემების გამო, არაერთი აქცია გამართულა და გვერწმუნეთ, მომავალშიც გაიმართება…
კომენტარები