რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტურისტული ვიზების გაცემა სავარაუდოდ შემდეგი კვირიდან გამკაცრდება. ინფორმაციას „ევროაქტივი“ ავრცელებს.
ინიციატივა გასულ კვირას, პრაღაში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სხდომაზე წარადგინეს.
„რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში იოლად შესვლა არ უნდა შეეძლოთ“, – განაცხადა საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისარმა, ივა იოჰანსონმა.
ევროკომისიის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება შეჩერდება. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო განაცხადის შევსებისას მოსაკრებელი 35-ის ნაცვლად 80 ევრო იქნება. ვიზების გაცემის სტანდარტული ვადა 10-დან 15 დღემდე გახანგრძლივდება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში 45 დღესაც კი შეადგენს.
შეიზღუდება მრავალჯერადი ვიზების გაცემა. რუსეთის მოქალაქეებს ვიზების მისაღებად გაცილებით მეტი დოკუმენტაციის წარდგენა მოუხდებათ.
გამონაკლისით ისარგებლებენ ჟურნალისტები, დისიდენტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ევროკომისია ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა არ აღიარონ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული პასპორტები.
კომენტარები