წინა კვირაში “ოცნების” რიგები დატოვა სოსო გოგაშვილმა, რის შემდეგაც არაერთ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეუფე იაკობის კრიტიკული განცხადებები და სოსო გოგაშვილის წასვლა ოცნებიდან ურთიერთკავშირშია, საუბრობენ მათ ნათესაურ კავშირზეც და წერენ, რომ მეუფე იაკობი გოგაშვილის შვილის ნათლიაა. რა ხდება სინამდვილეში?
„ალიას“ ესაუბრება პოლიტოლოგი, არჩილ გამზარდია:
– საუბრობენ იმაზეც, რომ მეუფე იაკობი აღარ იქნება „ოცნების“ მხარდამჭერი და ეს შეიძლება იყოს სოსო გოგაშვილის ფაქტორით გამოწვეული.
– როცა იყო საუბარი იმაზე, რომ გახარია ეძებდა მაღალ სასულიერო პირებზე კომპრომატებს, როცა მიდიოდნენ პატრიარქთან ხელისუფლების შუამავლები და გადაყენებაზე ელაპარაკებოდნენ, იმ პერიოდში დაეძაბა მაშინდელ ქორეპისკოპოს იაკობს ხელისუფლებასთან ურთიერთობა. გოგაშვილის ფაქტორი იაკობთან მიმართებაში, რაც მე ვიცი, ეს არის ხელოვნური პასაჟი. ისიც კი სიცრუეა, რომ იაკობი, თითქოს გოგაშვილის შვილის ნათლიაა, არ არის მისი შვილის ნათლია და არც გოგაშვილთან აქვს ამ ტიპის ურთიერთობა. არ არსებობს ამის დამამტკიცებელი არანაირი საბუთი. იაკობს რასაც ვიცნობ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არასოდეს ყოფილა, არც მოწინააღმდეგე ყოფილა. მას ჰქონდა საქმიანი ურთიერთობები, როგორც ქორეპისკოპოსს. ქორეპისკოპოსის ფუნქციაა, სახელმწიფო სექტორში წარმოადგინოს ეკლესია და თავისთავად აქვს ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირი. როდესაც უარი თქვა ქორეპისკოპოსობაზე იაკობმა და გადადგა, მას უფრო გაუადვილდა საკუთარი პოზიციების დაფიქსირება და ეს პოზიცია იყო ის უკუკავშირი, რასაც ხელისუფლება პატრიარქთან მიმართებაში გამოხატავდა. იაკობი არის პატრიარქის მთავარი ფარი, ამიტომაც ყველაფერი, რასაც ის გამოხატავს, სწორად, არასწორად, ცუდად, თუ მართლად, არის მხოლოდ და მხოლოდ იმას ასახვა, როგორია ამა თუ იმ მოხელის დამოკიდებულება პატრიარქთან.
თამო კეშელავა, ალია №37
კომენტარები