როდის და სად დაიგეგმა, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ახალი ლიდერი უნდა გახდეს? „ალიას“ მკითხველს ემახსოვრება, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ გამოვაქვეყნეთ სტატია, სადაც წყარო ამ გეგმის (და კიდევ სხვა საინტერესო დეტალების შესახებ) გვიყვებოდა. 2021 წლის ინტერვიუში, ის რეიტინგიც კი არ ჰქონდა მოქმედ პრეზიდენტს, რაც დღეს აქვს და ეს ამბავი ცოტა დაუჯერებელი იყო, თუმცა, რაც სანდო წყარომ გვიამბო, დავბეჭდეთ. გთავაზობთ ამონარიდს 2021 წელს „ალიაში“ გამოქვეყნებული მასალიდან:
„…დასავლეთი თვლის, რომ ამ მოძრაობას სათავეში სალომე ზურაბიშვილი ჩაუყენონ. ბევრისთვის ეს ძნელი წარმოსადგენია, რადგან ყველა სხვა ნაკლთან, ხალში უავტორიტეტობასთან ერთად, ის „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირდება და რეალურად, დამოუკიდებელი კი არა, ამ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. სამაგიეროდ, სალომე ზურაბიშვილი ებრძოდა „ნაცმოძრაობას“ და მის დამარცხებაში გარკვეული წვლილიც შეიტანა. „ქართული ოცნების“ გუნდის წევრობას კი, თუ მოისურვა, ზურაბიშვილი 2–3 თვეში ჩამოირეცხავს. საკმარისია, „ქართული ოცნების“ პარლამენტის ორ მნიშვნელოვან, მისთვის საჭირბოროტო კანონპროექტს დაადოს ვეტო, რომ მას ეგრევე „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მტრად შერაცხავენ, უმადურთა სიაში მორიგ ადგილს დაიკავებს.
თუ ასე მოხდა, ის მიუღებელი იქნება „ნაცმოძრაობისათვისაც“ და „ქართული ოცნებისთვისაც“. სამაგიეროდ, პროდასავლური ელექტორატის სერიოზული ნაწილი მხარს დაუჭერს და ამერიკას იმედი აქვს, რომ მას იმ ხალხის ნაწილიც გაჰყვება, ვინც მესამე ძალის გამოჩენის ლოდინით უკვე დაიღალა. ზურაბიშვილს მხარს უჭერს ემიგრაციის დიდი ნაწილი და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველაზე მთავარი კი აქ ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსეთისთვისაც მისაღები კანდიდატია.
თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, დასავლეთი არ დაუშვებს, ერთ რომელიმე პარტიას ჩაუვარდეს ისევ სრული ძალაუფლება და თუ ეს გეგმა იმუშავებს, ზურაბიშვილი ახალი პარტიით, კოალიციური მთავრობის პრემიერი გახდება. ამ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციები მიმდინარეობს. რამდენადაც ვიცი, მოლაპარაკებებს უშუალოდ ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი უძღვება. ვერ ვიტყვი, რომ დიდად ფარულია ეს კონსულტაციები. „ქართული ოცნების“ მთავარმა ლიდერებმა იციან ამის შესახებ. ზოგადად, ამერიკელებს ასეთ საკითხებზე ფარული მოლაპარაკებები სჩვევიათ, მაგრამ ეს გამონაკლისი რატომ დაუშვეს, ვერ გეტყვით. მით უფრო, საქმე აქვთ ყოფილ დიპლომატთან, რომელიც ამგვარი ფარული მოლაპარაკებების დიდოსტატია“ – განუცხადა „ალიას“ წყარომ.
ცოტა მოგვიანებით, უკვე რუსეთ-უკრაინის იმის შემდეგ იგივე წყარო დამატებით დეტალებს გვიყვებოდა. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
ბევრი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის დასაყრდენია, სათადარიგო ვარიანტი იმისთვის, თუ რუსეთი დამარცხდება ომში. ასეთ შემთხვევაში, ივანიშვილს ზურაბიშვილმა უნდა დაულაგოს დასავლეთთან ურთიერთობა და მისი ქონებისა და ფინანსების გადარჩენაზეც უნდა იზრუნოს. მოკლედ, ისეთი სურათი დაიხატა, თითქოს ზურაბიშვილის ვიზიტები ივანიშვილთან იყო შეთანხმებული, მისი უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებიც, რათა ხიდი გადოს დასავლეთთან და მერე ივანიშვილი დაიცვას თავისი ძველი თუ ახალი კონტაქტებით, პროდასავლური პოლიტიკოსის იმიჯით და ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. აბუნტებული სამთავრობო და საპარლამენტო ლიდერები კი ბოლოს, ისევ ივანიშვილის მესიჯით გაჩუმდნენ… თუმცა, ამ ვერსიას არ იზიარებს “ალიას” წყარო.
“ადრეც და “ალიას” წინა ნომერშიც მოგახსენეთ, რომ დასავლეთი და მეტადრე ამერიკა, სალომე ზურაბიშვილს ამ ეტაპზე განიხილავს საქართველოში პროდასავლური პოლიტიკოსების ლიდერად. ზურაბიშვილი ამერიკის ფავორიტია და მას ამერიკა “ქართული ოცნების” შეცვლელად მიიჩნევს, პარტიას კი თავად შეუქმნის და დაუფინანსებს. ზურაბიშვილს აღარაფერი მართებს ივანიშვილისა.
“ალიას” რამდენიმე წინ ვუთხარი და ეს გაზეთში დაიბეჭდა, ახლაც გავიმეორებ. საფრანგეთის მოქალაქე, ინგა პავლოვა ბიძინა ივანიშვილს სასამართლოში უჩიოდა. პავლოვასთან ივანიშვილი სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდა და ამის წყალობით გახდა საფრანგეთის მოქალაქე. ამ ქორწინების კანონიერებით საფრანგეთის პროკურატურაც დაინტერესდა. ეს საქმე ბოლომდე რომ მისულიყო, ივანიშვილს პავლოვა სოლიდურ თანხას გადაახდევინებდა, როგორც ყოფილი მეუღლე. უარეს შემთხვევაში კი, ივანიშვილს საფრანგეთში სამართლებრივი დევნის დაწყება ემუქრებოდა. ეს საქმე ჩაფარცხა სალომე ზურაბიშვილმა თავისი გავლენებით ფრანგ პოლიტიკოსებთან და ფრანგულ სპეცსამსახურებთან. არ დაგვავიწყდეს, რომ 2004 წლამდე მაღალი რანგის ფრანგი დიპლომატი იყო, ნატო-სა და გაერო-ში იყო საფრანგეთის წარმომადგენელი, ამერიკაში საფრანგეთის ელჩის პირველი მოადგილე. სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტი სწორედ ბიძინა ივანიშვილთან გარიგებით მიიღო. ფაქტია, ინგა პავლოვა აღარ ჩივის და აღარც საფრანგეთის პროკურატურა იძიებს მისი და ბიძინა ივანიშვილის ქორწინების კანონიერებას.
მოკლედ, დღეს სალომე ზურაბიშვილი აღარ არის ივანიშვილზე დამოკიდებული. მეტსაც გეტყვით. მას სატელეფონი საუბარი ჰქონდა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან. ამერიკის ხელისუფლება აპირებს სალომე ზურაბიშვილი მიიწვიოს ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში. ჩემი ინფორმაციით, ის შეხვდება ბლინკენსა და ვიცე-პრეზიდენტს, კამილა ჰარისს. ეს უკვე საბოლოო და მკაფიო მესიჯი იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ მან დასავლეთთან ყველა ხიდი გადაწვა და დასავლეთს საქართველოში სხვა ფავორიტი ჰყავს.
აი, ამის შემდეგ, “ქართულ ოცნებას” მართლა მოუწევს საბაბის მოძებნა, რომ პრეზიდენტი გადააყენოს. თუ ამას გააკეთებენ, ეს უკეთესი იქნება ზურაბიშვილისთვის – ოპოზიციიდან მოვა ხელისუფლებაში. თუმცა, რამდენადაც ვიცი, ის 2024 წლამდე არც აპირებს დარჩენას პრეზიდენტის პოსტზე და გადადგება. მიზეზი კი “ქართული ოცნების” პრორუსული პოლიტიკასთან შეუთავსებლობას დაასახელებს. აი, ამიტომ გაჩერდა “ქართული ოცნება”. ის გააჩერა ბიძინა ივანიშვილმა. რაც გითხარით, ეს ივანიშვილის გარემოცვიდან ვიცი და ცხადია, ეს ამბავი პირველს ივანიშვილს ეცოდინებოდა. მან, უბრალოდ, აღარ დაძაბა დასვლეთთან ისედაც გართულებული ვითარება და ხელი აიღო ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე. მიხვდა, რომ ამით მხოლოდ წააგებდა და დასავლეთს უარესად გადაიმტერებდა“
კომენტარები